კამერუნი-ავსტრალია 1:1 - როგორ დაინდო აბუბაქარმა ავსტრალია [VIDEO]

AutoSharing Option
ავსტრალიისა და კამერუნის ნაკრებებმა ფრედ ითამაშეს კონფედერაციათა თასზე. ამ ფრემ შედეგად ის მოიტანა, რომ ორივე გუნდმა შეინარჩუნა ნახევარფინალში გასვლის შანსი, ოღონდ ამ შანსების რეალურობაზე მსჯელობა მკითხველისათვის მიგვინდვია.

მოგება ორივე გუნდს შეეძლო. სამი ქულის მოპოვებასთან უფრო ახლოს კამერუნი იყო, მაგრამ აფრიკელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დააკლდათ. ამაზე ქვემოთ, ახლა კი ამ შეხვედრის პერიპეტიებს თანმიმდევრობით მივყვეთ.

პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდი ზედმეტად ფრთხილობდა. საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ იქმნებოდა.

ტერიტორიულ უპირატესობას ხან ერთი გუნდი ეუფლებოდა, ხან მეორე. ტაიმის დამთავრებას არაფერი აკლდა,
როცა კამერუნმა გაიტანა. ამ გოლს მართლაც რომ არაფერი მოასწავებდა. როგორც ჩანს, ავსტრალიელები თამაშის ხასიათმა მოადუნა. მათ აფრიკელთა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ.

ნგაჯიუმ კარგი პასით მოძებნა შეტევაში ჩართული ანდრე-ფრანკ ზემბო ანგისა. ავსტრალიელთა დაცვა ჩავარდა. მეკარე მეტ რაიანიც შეცდა და აფრიკის ჩემპიონმა ანგარიში გახსნა. ჰუგო ბროსის გუნდმა მეტოქეს გოლი გასახდელში გაატანა.

ასეთ დროს მეორე ტაიმში ძალიან უჭირს ჩამორჩენილ გუნდს. ავსტრალიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი არად ჩააგდეს. ზოგადად, სანახაობრივი თვალსაზრისით მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველი.

მეორე ნახევარი ავსტრალიელთა შეტევით დაიწყო. იურიჩმა შესანიშნავი საგოლე შანსი გაატანა ქარს. ბურთი და ტერიტორია ავსტრალიამ ჩაიგდო ხელში. კამერუნი შეცდა და ძირითადად, ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი იმის მაგივრად, რომ მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო განევრცო.

მატჩის დამთავრებამდე ნახევარი საათით ადრე ანგარიში გათანაბრდა. კამერუნელმა მცველმა მაბუკამ უხეშად ითამაშა საკუთარ საჯარიმოში და არბიტრმა მაჟიჩმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ის ზუსტად შეასრულა კაპიტანმა მარკ მილიგანმა.

ამის შემდეგ ორივე მხარე ცდილობდა გატანას. უფრო აქტიური კამერუნის ნაკრები იყო. ბროსის ბიჭები აუცილებლად გაიმარჯვებდნენ, კამერუნის ნაკრების თავდასხმის ლიდერს, ვინსენტ აბუბაქარს უფრო ზუსტად რომ ეთამაშა დამაგვირგვინებელ ფაზაში.

პორტუგალიურ და თურქულ გრანდებში გამობრძმედილი აბუბაქარი თამაშის ბოლომდე იმით იყო დაკავებული, რომ დაუნანებლად ფლანგავდა საგოლე მომენტებს. მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე შეტევაში ჩართულმა მაბუკამ ავსტრალიელთა თერთმეტმეტრიანის დროს დაშვებული შეცდომის გამოსწორება სცადა და თითქმის გამოუვიდა კიდეც. მან შესანიშნავი გადაცემით დააჯილდოვა აბუბაქარი, ვისი თავურიც უაღრესად ხელსაყრელი სიტუაციიდან არაზუსტი აღმოჩნდა.

მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე აბუბაქარს კიდევ ერთი დიდებული შანსი მიეცა. გოლი, თითქოს, გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ კამერუნელთა მთავარმა იმედმა ვერც ამჯერად გაიტანა.

რომ არა მისი უზუსტობა, ბოლო ტურის წინ ავსტრალია აბსოლუტურად უშანსოდ დარჩებოდა, "კამერუნს" კი ჟინი მოემატებოდა ჯგუფის ბოლო სათამაშო დღეს, მაგრამ გუშინ ვინსენტის დღე არ იყო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი კამერუნელი ზამბო ანგისა დასახელდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანგე პოსტენოღლუ (ავსტრალია): "ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომლის მხოლოდ ნაწილს ვაკონტროლებდით. მეტოქეზე ერთი დღით ნაკლები გვქონდა დასვენებისათვის და ამან დაღი დაასვა ჩვენს თამაშს. ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვებას ვისახავთ მიზნათ და ჩილესთანაც ასე იქნება. არც მე და არც ავსტრალიის ნაკრები არასოდეს ვნებდებით".

ზამბო ანგისა (კამერუნი): "ფაქტია, რომ ჩვენ ბევრი შეცდომა გვქონდა დღეს, მაგრამ ამასთან ერთად, გვქონდა არაერთი საგოლე მომენტი. ჩემი აზრით, გამარჯვებას კამერუნის ნაკრები იმსახურებდა. ჩვენ გერმანიის ნაკრებთან გვიწევს თამაში. რთული იქნება, მაგრამ უკან ვეღარ დავიხევთ. მიზანი მხოლოდ სამი ქულაა. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც მხარს უჭერდა კამერუნის ნაკრებს. დღეს დიდებული ატმოსფერი იყო და ჩვენ ყველა ძალიან კმაყოფილები ვართ ამით".

კამერუნი - ავსტრალია 1:1
გოლები: 1:0 ზამბო ანგისა (45), 1:1 მილიგანი (60-პენ)
კამერუნი (4-3-3): ონდოა - მაბუკა, ნგაჯიუ, ტიეკუ, ფაი - ჯუმი, სიანი, ზამბო ანგისა - ბასოგოგი, აბუბაქარი, მუკანჯო (77. ეკამბი)
ავსტრალია (3-4-2): რაიანი - დაგენაკი, საინსბერი, რაიტი - ლეკი, მილიგანი, მუი, გერსბახი - კრუსე (65. ტროისი), როგიჩი (79. ირვაინი) - იურიჩი (70. კეჰილი)
მაყურებელი: 35 021

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული