გერმანია-ჩილე 1:1 - კონფედერაციათა წვალება [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონთა აჩრდილმა და კოპა ამერიკის ბოლო გამარჯვებულმა ჩილემ მოსაწყენი შოუ აჩუქეს "ყაზან არენაზე" მრავლად შეკრებილ გულშემატკივრებს - პირდაპირ ვიტყვით - კონფედერაციათა თასი ჯერჯერობით, ვერ ამართლებს.

იოახიმ ლიოვის შემადგენლობას შემტევი ნამდვილად არ ეთქმოდა და არც გერმანელთა თამაშს ეთქმოდა შემტევი I ნახევარში. ჩილე კი კარგი იყო პრესინგში, ართმევებზე - სამხრეთამერიკელებმა გოლიც ასე გაიტანეს. შკოდრან მუსტაფი უხეშად შეცდა - ბურთი ალექსის სანჩესს ჩააბარა, რომელმაც კედელი არტურო ვიდალთან გაითამაშა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი დალაშქრა. დიახ, კარში "ბარსელონას" გოლკიპერი იდგა, რომელმაც I ტურში
"თავგამოჩენილი" ბერნდ ლენო შეცვალა. ამ გოლით სანჩესი ჩილეს ისტორიაში ნაკრების საუკეთესო მეგოლე გახდა 38 გოლით. "არსენალის" ფორვარდი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

კარგი იყო ედუარდო ვარგასის შორეული დარტყმა, რომელსაც ცოტა დააკლდა გოლამდე.

ტაიმის მიწურულს გერმანიამ მაინც გაათანაბრა - იონას ჰექტორმა მარცხნიდან ჩააწოდა და ლარს შტინდლმა ახლო მანძილიდან ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა. ტაიმი 1:1 მორჩა.

მეორე ტაიმში გუნდებმა ისე ითამაშეს, როგორც მიმდინარე ანგარიშზე კმაყოფილებმა იციან ხოლმე. კარში ბურთი მხოლოდ ერთხელ წავიდა (გერმანელებმა შეძლეს ეს), ხოლო იოახიმ ლიოვს ერთი ცვლილებაც კი არ განუხორციელებია. აი, ასე მშვიდად მივიდა თამაში ლოგიკურ დასასრულამდე - 1:1.

კონფედერაციათა თასი ჯერჯერობით, ვერ გვანებივრებს ბევრი საინტერესო თამაშით, მაგრამ გუშინდელი დღე გამორჩეულად უინტერესო იყო. უკლასო კამერუნისა და კიდევ უფრო სუსტი ავსტრალიის "შოუს" შემდეგ ვიხილეთ ექსპერიმენტული გერმანიის უმოტივაციო თამაში. ციდან ვარსკლავები არც პიცის ნაკრებს მოუწყვეტია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის ჩილესთან თამაში დიდი გამოწვევა იყო და მე შედეგით კმაყოფილი ვარ. გოლის ეპიზოდში სუპერკომბინაცია გავითამაშეთ. ტემპი მაღალი იყო, თუმცა მომენტები - ცოტა".

გერმანია-ჩილე 1:1
გოლები: 0:1 ა. სანჩესი (6), 1:1 შტინდლი (41)
გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი - გინტერი, მუსტაფი, ზიულე - კიმიხი, ჯანი, რუდი, ჰექტორი - გორეტცკა, დრაქსლერი - შტინდლი
ჩილე (4-3-1-2): ერერა - ისლა, მედელი (71. პ. დიასი), ხარა, ბოსეჟური - არანგისი (90. ფ. სილვა), მ. დიასი, პ. ერნანდესი - ვიდალი - ე. ვარგასი (82. მ. როდრიგესი), ა. სანჩესი
მაყურებელი: 38 222

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 2 1 1 0 3-1 4
2. გერმანია 2 1 1 0 4-3 4
3. ავსტრალია 2 0 1 1 3-4 1
4. კამერუნი 2 0 1 1 1-3 1

III ტური
კვირა. 25 ივნისი
ჩილე-ავსტრალია 19:00
გერმანია-კამერუნი 19:00

A ჯგუფი

თ მ ფ წ ბ ქ
1. მექსიკა 2 1 1 0 4-3 4
2. პორტუგალია 2 1 1 0 3-2 4
3. რუსეთი 2 1 0 1 2-1 3
4. ახ. ზელანდია 2 0 0 2 1-4 0

III ტური
შაბათი. 24 ივნისი
მექსიკა-რუსეთი 19:00
ახ. ზელანდია-პორტუგალია 19:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული