100 - მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით. ანდრეა პირლო, რომელსაც ნაკრებში დებიუტი საკმაოდ გვიან, 23 წლის ასაკში ჰქონდა, გახდა მხოლოდ მეხუთე იტალიელი, დინო ძოფის, პაოლო მალდინის, ფაბიო კანავაროს და ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ, ვინც ასეთ ზღვარს მიაღწია. 34 წლის ნახევარმცველმა იუბილე სათანადოდ აღნიშნა და შესანიშნავი სტანდარტული დარტყმით "სკუარდა აძურაში" მე-13 გოლი გაიტანა, იტალიამ
91 - პროცენტიანი სიზუსტე პასების შესრულებისას - ასეთი შედეგით დაასრულა ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა ტრიუმფული ევროპის ჩემპიონატი. ხულიენ ლოპეტეგის შეგირდებმა სულ 3 425 პასი შეასრულეს და აქედან 3 103 ზუსტი იყო. ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინალში იტალიას 4:2 მოუგო და წაუგებელი სერია 26-მატჩამდე გაზარდა.
ანგარიში ტიაგო ალკანტარამ გახსნა და გოლი იმ ქვეყანას გაუტანა, რომელშიც დაიბადა - "ბარსელონას" ნახევარმცველი სამყაროს სან პიეტრო ვერნოტიკოში მაშინ მოევლინა, როდესაც მისი მამა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მაზინიო, "ლეჩეში" თამაშობდა. მალე წონასწორობა ჩირო იმობილემ აღადგინა და დავიდ დე ხეას 370-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა.
საბოლოოდ, ალკანტარამ ჰეთ თრიკი შეასრულა და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ახალგაზრდული ევროს ფინალში სამი გოლი გაიტანა.
35 - გოლი არგენტინის ნაკრების რიგებში - ლიონელ მესიმ გვატემალასთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 4:1 მოიგო, ჰეთ თრიკი შეასრულა და "ალბისელესტეს" ბომბარდირთა დავაში დიეგო მარადონას გაუსწრო. ახლა მესი ერნან კრესპოსთან ერთად მეორე ადგილს იყოფს და მხოლოდ 56 ბურთის გამტან გაბრიელ ბატისტუტას ჩამორჩება.
35 გოლის გასატანად მესის 82 მატჩის ჩატარება დასჭირდა, ბატისტუტამ ამ ზღვარს 51-ე შეხვედრაში მიაღწია, კრესპომ კი 64-ე მატჩში. სამაგიეროდ, "ბარსელონას" ლიდერმა ეს მათზე ახალგაზრდამ შეძლო - "ლა პულგამ", რომელიც ივნისში 26 წლის ხდება, "ფიორენტინას" ლეგენდას 19 თვით, ხოლო კრესპოს 6 წლით აჯობა.
18 - წამი დასჭირდა ბაჰოდირ ნასიმოვს იმისთვის, რომ ყატართან გამართულ შეხვედრაში ანგარიში გაეთანაბრებინა. უზბეკი ფეხბურთელი ცვლილებაზე გამოვიდა და გოლი პირველივე შეხებით გაიტანა. ეს იყო პირველი ბურთი იმ ხუთიდან, რომელიც უზბეკებმა მატჩის ბოლო 30 წუთში გაიტანეს.
მირჯალოლ კასიმოვის გუნდი მუნდიალის საგზურისთვის იბრძოდა და სამხრეთ კორეას 8-წლიანი წაუგებელი საშინაო სერია რომ გაეგრძელებინა, უზბეკები ჯგუფში მეორე ადგილზე და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდოდნენ, მაგრამ კორეელთა წაუგებელი სვლა რეზა გოჩანეჯადის გოლმა შეწყვიტა და ჯგუფში პირველი ადგილი კარლოს კეირუშის ირანმა დაიკავა. სამხრეთ კორეამ და უზბეკეთმა ერთნაირი ქულები დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ჩემპიონატზე კორეა გავიდა.
ახლა კასიმოვის გუნდი იორდანიას დაუპირისპირდება, ამ წყვილის გამარჯვებული კი სამხრეთ ამერიკის ზონაში მე-5 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.
7 - გოლი კონფედერაციათა თასის ერთ შეხვედრაში, ტურნირის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. ამ ტურნირზე ამაზე უხვგოლიანი მატჩი მხოლოდ ერთხელ, 1999 წელს გაიმართა და მაშინ ბრაზილიამ საუდის არაბეთს 8:2 მოუგო. წელს მაყურებელმა ერთ შეხვედრაში გატანილი 7 ბურთი უკვე ორჯერ იხილა - ჯერ ნიგერიამ მოუგო ტაიტის 6:1, შემდეგ კი იტალიამ სძლია იაპონიას - 4:3.
საინტერესოა, რომ 2009 წელს იტალია პირველი ტაიმის შემდეგ ასევე 2:1-ს აგებდა ახალ ზელანდიასთან და ის მატჩიც 4:3 მოიგო.
იაპონიასთან შეხვედრაში იტალიელთა ერთი გოლი მარიო ბალოტელის ანგარიშზე იყო, რომელიც ჯუზეპე მეაცას შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ნაკრებში 10 გოლის გატანა მოასწრო. ამის გარდა, ჯანლუიჯი ბუფონმა თავისი 130-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა და ახლა ბუფონი იტალიის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ფაბიო კანავაროს მხოლოდ 6-ით ჩამორჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: მოთმინება, ტკივილი და რეკორდები