ბრაზილია VS ურუგვაი - სამხრეთამერიკული კლასიკა

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ბრაზილიის და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.

"სელესაოს" და "სელესტეს" მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი კლასიკური დერბია და ის ფაქტი, რომ ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე 4 წელია, არ უთამაშიათ, ამ შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს.

ბრაზილია და ურუგვაი განსხვავებულ სიტუაციაში არიან. იმ დროს, როდესაც ბრაზილიაში ბევრი რამ შეიცვალა და ასპარეზზე ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, ურუგვაელთა ამ თაობის ბევრი წარმომადგენელი კარიერის ბოლო წლებს ითვლის.

გარდა ამისა, ბრაზილიას 2014 წლის მუნდიალის საგზური ჯიბეში აქვს, ურუგვაის კი შესარჩევ ეტაპზე სერიოზული
პრობლემები შეექმნა. სწორედ ამაზე ისაუბრა დიეგო ლუგანომ მატჩი წინ:

"ბოლო პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ვენესუელასთან გვქონდა. იმ შეხვედრაში რომ არ გვემარჯვა, ჩვენი თაობისთვის ეს დასასრული იქნებოდა, რადგან ამ ნაკრების წევრთა უმეტესობა საერთაშორისო კარიერის დასრულებას სწორედ მუნდიალის შემდეგ აპირებს", - განაცხადა "მალაგას" მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაიმ ის მატჩი 1:0 მოიგო და ახლა ოსკარ ტაბარესის გუნდი შესარჩევი ეტაპის მეხუთე ადგილზეა.

გუნდები შეხვედრას განსაკუთრებული დანაკლისის გარეშე ხვდებიან. მოგეხსენებათ, იტალიასთან მატჩში ტრავმა მიიღო დავიდ ლუისმა, მაგრამ "ჩელსის" მცველმა 1/2-ფინალი არ უნდა გამოტოვოს. თუ ლუისი თამაშს ვერ შეძლებს, მის ადგილს დანტე დაიკავებს. სხვა დაშავებული მასპინძლებს არ ჰყავთ.

ტრავმების მხრივ, პრობლემები არც ურუგვაის აქვს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ტაბარესს არ ეყოლება, ვეტერანი ანდრეს სკოტი გახლავთ, რომელმაც ჰაიტისთან ჯერ პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

გამორჩეული დაპირისპირებები
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ბრაზილია ფლობს. 70 მატჩიდან "სელესაომ" 32 მოიგო, 19 ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. 19 მარცხიდან ყველაზე მტკივნეული ბრაზილიამ 1950 წელს განიცადა და ეს შეხვედრა ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორიაში ნამდვილად ყველაზე გამორჩეულია.

1950 წლის 16 ივლისი ბრაზილიაში დიდი ზეიმის დღე უნდა ყოფილიყო - "სელესაო" მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ურუგვაის ხვდებოდა და მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც კი ჩემპიონი ხდებოდა, ურუგვაის კი მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს.

მეორე ტაიმის დებიუტში, ფრიასას გოლით დაწინაურების შემდეგ, "მარაკანაზე" შეკრებილმა 200 000-მა ადამიანმა ზეიმი დაიწყო, რომელიც ნაადრევი აღმოჩნდა. ჯერ ხუან ალბერტო სკიაფინომ, შემდეგ კი ალსიდეს გიჯიამ მასპინძელთა კარში ორი გოლი გაიტანეს და მთელი ბრაზილია შოკში ჩააგდეს.

"მხოლოდ სამმა ადამიანმა შეძლო "მარაკანას" დადუმება: ფრენკ სინატრამ, იოანე პავლე II-ემ და მე", - იტყვის გიჯია წლების შემდეგ.

ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა, ბრაზილიას კი პირველ ტიტულამდე კიდევ 8 წელი აშორებდა...

1970 წლის მუნდიალზე, უკვე ორგზის ჩემპიონი "სელესაო", ასევე ორგზის გამარჯვებულ ურუგვაის 1/2-ფინალში შეხვდა და 20 წლის წინ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. თავიდან ლუის კუბილიას გოლით ურუგვაი კი დაწინაურდა, მაგრამ კლოდოალდოს, ჟაირზინიოს და რიველინოს გოლების წყალობით ბრაზილიამ 3:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

ამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია პელეს, მაგრამ მან არა მარტო ამ მატჩის, არამედ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, როდესაც მაზურკევიჩთან პირისპირ გასულმა ბურთი გაატარა, მეკარეს მეორე მხრიდან შემოურბინა და შემდეგ ცარიელ კარს ააცილა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ამ გუნდებს სულ ეს ორი მატჩი აქვთ გამართული. გაცილებით ხშირად ისინი ერთმანეთს კოპა ამერიკაზე ხვდებოდნენ.

უდავოდ გამორჩეული იყო 1995 წლის კოპას ფინალი, რომელიც ენცო ფრანჩესკოლის გედის სიმღერა იყო. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მასპინძელმა ურუგვაიმ 5:3 იმარჯვა. პირველი 11-მეტრიანი სწორედ ფრანჩესკოლიმ გაიტანა, სტუმართა მხრიდან კი ძირითად დროში გატანილი ბურთის ავტორმა ტულიომ ვერ ივარგა.

ამით სამართლიანობა აღდგა, რადგან 1/4-ფინალში სწორედ ტულიომ გაუტანა არგენტინას გოლი, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად მიიჩნევა. დღეს უკვე 44 წლის ფორვარდმა, რომელიც "ბოტაფოგოშო" ირიცხება, არგენტინასთან დაპირისპირების 81-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა, ბურთი საჯარიმოში ხელით გააჩერა და ანგარიში გაათანაბრა. პენალტების სერიაში კი "სელესაომ" იმარჯვა.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2007 წლის 1/2-ფინალიც. საოცრად დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად კვლავ 11-მეტრიანები გახდა საჭირო. საბოლოოდ, 14 პენალტის შემდეგ ბრაზილიამ 5:4 იმარჯვა, ფინალში გავიდა და იქ არგენტინასაც გაუსწორდა (3:0).

ბოლოს კი ეს გუნდები ერთმანეთს 2009 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ. მატჩი მონტევიდეოში გაიმართა და მასპინძელთა განადგურებით დასრულდა. დანი ალვეშის, ჟუანის, ლუიშ ფაბიანოს და კაკას გოლებით "სელესაომ" "სენტენარიოზე" 4:0 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ურუგვაიმ თავის მეტოქეს 2001 წელს, მუნდიალის შესარჩევში სძლია (1:0). იქიდან მოყოლებული, გამართული 6 მატჩიდან 4 ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი უფრო ძლიერი ბრაზილია იყო.

კომენტარები
"ბრაზილია-ურუგვაი არის დერბი, რომელიც ბევრი ადამიანის აზრით, ბრაზილია-არგენტინაზე უფრო დაძაბული დაპირისპირებაა.

მათ კოპა ამერიკა მოიგეს და ისინი საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი არიან. ბოლო წლებში ჩვენ მათთან დადებითი ბალანსი გვაქვს და ამის გამო ურუგვაი ორმაგად მონდომებული იქნება. რა თქმა უნდა, მათ ძლიერი და გამოცდილი გუნდი ჰყავთ, თუმცა ისინი ეთამაშებიან იმ "სელესაოს", რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და რომელმაც საკუთარი თამაში იპოვა.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება, ზოგადად კი ამ შეხვედრას ფავორიტი არ ჰყავს",
- ჟულიო სეზარი, ბრაზილიის ნაკრების მეკარე.

"ძალიან რთული მატჩი გველის. ბრაზილია შესანიშნავი გუნდია და ისინი შინ თამაშობენ. იმ ქვეყნის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული, დიდი პატივია და ჩვენ ამ შეხვედრას მოუთმენლად ველით", - ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი, ურუგვაის მთავარი მწვრთნელი.

კონფედერაციათა თასი. 1/2-ფინალი
26 ივნისი
ბელუ ორიზონტე. "ესტადიო გოვერნორ მაგალიანეშ პინტუ" იგივე "მინეირაო" (ტევადობა: 62 170)
ბრაზილია-ურუგვაი 23:00

სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო, ლუის გუსტავო - ჰალკი, ოსკარი, ნეიმარი - ფრედი
ურუგვაი (4-3-3): მუსლერა - მაქსი პერეირა, გოდინი, ლუგანო, მ. კასერესი - დ. პერესი, გარგანო, გ. რამირესი - სუარესი, ფორლანი, კავანი

ურთიერთშეხვედრები
სულ 70 მატჩი: +32 =19 -19 (125-90)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიეგო ფორლანი: ჟურნალისტებო, დაანებეთ თავი კავანის და სუარესს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული