"სელესაომ" 1/2 ფინალში ურუგვაის მოუგო და კონფედერაციათა თასზე ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ესპანეთმა პენალტების სერიაში იტალიას სძლია (7:6) და ოფიციალურ მატჩებში დაუმარცხებელი სვლა 29-მდე გაზრდა.
გარდა ამისა, თუ ამხანაგურებსაც ჩავთვლით, "ფურია როხას" ბოლო 26 მატჩია არ წაუგია, ბრაზილია კი 10 შეხვედრაა არ დამარცხებულა (6 მოგენა, 4 ფრე).
ნახევარფინალში ორივე გუნდმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ უფრო
"ძალები უნდა აღვიდგინოთ და ფინალისთვის კარგად მოვემზადოთ. ჩვენ დღეს 120 წუთი ვითამაშეთ, მაგრამ მე გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ თამაშს მიჩვეულნი არიან, ამიტომ მჯერა, რომ კვირას შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში ხელს ფიზიკური მომზადება ვერ შეგვიშლის", - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.
გუნდები ფინალს დანაკლისის გარეშე ხვდებიან, თუმცა მწვრთნელების წინაში მცირე დილემა კი წამოიჭრა. ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ჰალკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
შემტევი ოთხეულიდან (ჰალკი, ოსკარი, ნეიმარი, ფრედი) სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" ფეხბურთელი აშკარად ყველაზე სუსტად თამაშობს. ამავე დროს, "სელესაოს" თადარიგში ჰყავს ლუკას მოურა და ბერნარდი, რომელიც ურუგვაისთან ცვლილებაზე გამოვიდა და საკუთარი გუნდი გამოაცოცხლა. სწორედ "ატლეტიკო მინეიროს" 20 წლის შემტევის გამოსვლის შემდეგ დაეუფლა ბრაზილია გადამწყვეტ უპირატესობას.
დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციაშია ვისენტე დელ ბოსკეც - ხესუს ნავასმა 1/2 ფინალში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მისი სკამზე დასმა საკმაოდ რთული იქნება. "მანჩესტერ სიტიში" გადასული ფეხბურთელის გარდა, "რეალის" ყოფილ თავკაცს შემადგენლობაში პედრო, დავიდ სილვა, ხუან მატა, სესკ ფაბრეგასი და სანტი კასორლა ჰყავს.
ამ შესანიშნავი ექვსეულიდან მწვრთნელმა ორი უნდა ამოარჩიოს.
ურთიერთშეხვედრები
გასაკვირია, მაგრამ ამ გუნდებს, მიუხედავად ხანგრძლივი ისტორიისა, ერთმანეთში სულ 8-ჯერ აქვთ ნათამაშები. შედარებისთვის, ბრაზილიას ინგლისთან 25 მატჩი აქვს გამართული, გერმანიასთან 21, იტალია-საფრანგეთთან კი 16-16.
აღსანიშნავია, რომ ამ 8 მატჩიდან, 5 მუნდილზე შედგა და ამაზე მეტჯერ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე "სელესაოს" მხოლოდ შვედეთთან (7) აქვს ნათამაშები.
1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე ეტაპზე (1/8 ფინალი) გამართული მატჩი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა (3:1) და იქიდან მოყოლებული, პირენეელებს ბრაზილიასთან მუნდიალზე აღარ მოუგიათ.
1950 წელს, ფინალურ ჯგუფში, მასპინძლებმა ესპანეთი გაანადგურეს (6:1), 1962 წელს კი ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში დაამარცხეს (2:1). თავიდან ადელარდოს გოლით ესპანელები იგებდნენ, მაგრამ ამარილდოს დუბლის წყალობით (72-ე და 86-ე წუთები) გამარჯვება ბრაზილიას დარჩა.
ამას მოჰყვა 1978 წლის ჩემპიონატის დაპირისპირება, რომელშიც გოლი არ გასულა და 1986 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელიც "სელესაომ" სოკრატესის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.
ბოლო 27 წლის განმავლობაში, ესპანეთმა და ბრაზილიამ სულ ორი მატჩი გამართეს და ორივე ამხანაგური გახლდათ. 1990 წლის სექტემბერში ევროპელებმა 3:0 მოიგეს, 1999 წლის დაპირისპირება კი 0:0 დასრულა.
როგორც ხედავთ, ოფიციალურ ტურნირზე ესპანეთს და ბრაზილიას უკვე 27, ზოგადად კი 14 წელია არ უთამაშიათ.
აქვე, ბარემ დავამატოთ, რომ ფინალში ერთმანეთს ხვდებიან გუნდები, რომლებმაც ბოლო 11 წლის განმავლობაში, ფიფას რეიტინგში წელიწადი პირველ პოზიციაზე 10-ჯერ (5-5-ჯერ; ბრაზილია: 2002-2006, ესპანეთი: 2008-2012) დაასრულეს.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც მათი ჰეგემონია დაამხო არგენტინის ნაკრები გახლდათ, ვინც 2007 წელი დაასრულა პირველ ადგილზე.
დელ ბოსკე
"ნადმვილად არ ვიცი და ვერ გეტყვით ვის ექნება ფინალში უპირატესობა. ვეცდებით, რომ მატჩმა ჩვენი კარნახით ჩაიაროს. დღეს, იტალია ძალიან ძლიერი იყო და ისინი მატჩის მიმდინარეობას აკონტროლებდნენ", - განაცხადა "ფურია როხას" დამრიგებელმა იტალიასთან მატჩის შემდეგ.
ვისენტე დელ ბოსკემ მეტოქეზეც ისაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელი გამოარჩია:
"დანი ალვეში და მარსელო შესანიშნავი ფეხბურთელები არიან - მათ თამაშზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ნეიმარი უბრალოდ ფანტასტიკურია და გარდა ამისა, მათი ნახევარდაცვაც ძალიან ძლიერია.
ბრაზილიას ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს და რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება".
სკოლარი
"ჩვენ სტილს არ ვუღალატებთ და ისე ვითამაშებთ, როგორც აქამდე ვთამაშობდით. ესპანეთმა, ფაქტობრივად, ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა, რადგან ტაიტისთან ყველა გუნდმა შემადგენლობის როტაციას მიმართა", - ეს უკვე სკოლარის სიტყვებია.
ბრაზილიელთა დამრიგებლის ეს განცხადება უცნაურად ჟღერს, რადგან ესპანეთმა 1/2 ფინალში ერთი დღით გვიან, თანაც 120 წუთი ითამაშა და მისი მხრიდან ჯგუფური ეტაპის შეხვედრის გახსენება მართლაც უცნაური იყო.
ისევ სკოლარი:
"ესპანეთს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ფინალამდე მოვედით და მათი დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია".
კონფედერაციათა თასი. ფინალი
30 ივნისი, რიო დე ჟანეირო. "მარაკანა" (ტევადობა: 78 838)
ბრაზილია-ესპანეთი 02:00
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო, ლუის გუსტავო - ჰალკი, ოსკარი, ნეიმარი - ფრედი
ესპანეთი (4-3-2-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ხესუს ნავასი, სილვა - ფ. ტორესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +4 =2 -2 (11-8)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე: იტალია თამაშს აკონტროლებდა