38 - წლის და 105 დღის ასაკში, ხუან პაბლო ანხელი გახდა ამ კვირის ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც რომელიმე ქვეყნის უმაღლეს ლიგაში გოლი გაიტანა. კოლუმბიელმა ფორვარდმა "ატლეტიკო ნასიონალის" და "ალიანსა პეტროლერას" შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი 5:1 მოიგო. ანხელი "ატლეტიკო ნასიონალში" მეორედ ორი წლის წინ ჩაირიცხა, მისი შთამბეჭდავი კარიერა კი არგენტინაში დაიწყო, საიდანაც კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ინგლისში ("ასტონ ვილაში")
ამჟამად, "ატლეტიკო ნასიონალი" მეორე ადგილზეა და მე-14 საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. გაჩემპიონების შემთხვევაში, ანხელის გუნდი ტიტულების მიხედვით რეკორდსმენ "მილიონარიოსს" წამოეწევა.
20 - საათი და 7 წუთი ვერ იტანდა გოლებს ლიგა 1-ში ხავიერ პასტორე. არგენტინელის ეს უიღბლო სერია კვირას, "მონაკოსთან" შეხვედრაში დასრულდა. პასტორემ ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1).
ასევე ხანგრძლივი უგოლო სვლა დაასრულა ფილიპ ჯორჯევიჩმა. "ნანტის" ფორვარდმა 956-წუთიანი პაუზის შემდეგ გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა "ლიონთან" მაინც წააგო (1:2). სერბს მეორე გოლის გასატანად და გმირის სტატუსის მისაღებად დრო კიდევ ჰქონდა, მაგრამ ამის ნაცვლად, ჯორჯევიჩი ანტიგმირი გახდა, რადგან გოლიდან ზუსტად სამ წუთში წითელი ბარათი დაიმსახურა. საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში გოლის გატანა და შემდეგ წითელი ბარათის მიღება ბოლოს 2013 წლის 1-ელ მარტს ფლოიდ აიტემ მოახერხა.
7 - წუთი დასჭირდა ადელ ტაარაბტს იმისთვის, რომ "მილანის" რიგებში თავისი პირველი გოლი გაეტანა. "როსონერის" უცხოელ დებიუტანტებს შორის მაროკოელი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. მასზე სწრაფად გოლი მხოლოდ ჟორჟ ვეამ გაიტანა, რომელმაც 1995 წელს "პადოვას" კარი სადებიუტო მატჩის დაწყებიდან 6 წუთში დალაშქრა. "მილანისთვის" სამწუხაროდ, ახალწვეულის გოლი გუნდს ვერ დაეხმარა და "ნაპოლისთან" მაინც დამარცხდა - 1:3. "როსონერის" "ვეზუვიანელებთან" 2011 წლის შემდეგ არ მოუგია, ერთ სეზონში ორივე მატჩი კი "ნაპოლისთან" 1985/86 წლების სეზონის შემდეგ პირველად წააგო.
შეხვედრის ყველაზე დამთრგუნველი სანახაობა კი მარიო ბალოტელის ცრემლები იყო. ზოგადად, იტალიელ ფორვარდს "ნაპოლის" წინააღმდეგ სამი კლუბის რიგებში ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული და "სუპერმარიომ" ხუთივე შეხვედრაში მოედანი დამარცხებულმა დატოვა.
6 - მარცხი ბუნდესლიგაში ზედიზედ - "ჰამბურგმა" საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა. ერთადერთ გუნდს, რომელსაც გერმანიის უმაღლესი დივიზიონი არასდროს დაუტოვებია, ამ საშინელი სერიის შემდეგ გავარდნის რეალური საფრთხე დაემუქრა. "ბუნდესლიგის უკანასკნელმა დინომ" ამ სეზონში უკვე 46 გოლი გაუშვა, რაც მთელი ლიგის მასშტაბით, ყველაზე ცუდი შედეგია; ბოლო ხუთ შეხვედრაში კი "ჰამბურგმა" საკუთარ კარში 3-3 გოლი მიიღო. 10 საშინაო შეხვედრაში განცდილი 7 მარცხი ასევე საკლუბო ანტირეკორდია.
შედარებით უკეთ გამოიყურება ბრემენის "ვერდერი", რომელიც ასევე ძალიან ცუდ ფორმაშია. "ბრემენელმა მუსიკოსებმა" 20 ტურის შემდეგ 20 ქულა მოაგროვეს - ასეთი ცუდი შედეგი კი ამ კლუბს ბოლოს 1974/75 წლების სეზონში ჰქონდა.
3 - წითელი ბარათის მიღება მოასწრო უეს ბრაუნმა ამ სეზონში და პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა. "სანდერლენდის" მცველის გარდა, სეზონში სამჯერ დევიდ ბეტი, სლავენ ბილიჩი, ვინი ჯოუნსი, ფრენკ კედრიუ და კრეიგ შორტი გაუძევებიათ. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 12 ტური რჩება. ასე რომ, ბრაუნს ერთპიროვნული რეკორდის დამყარების კარგი შანსი აქვს.
გაცილებით სასიამოვნო რეკორდი დაამყარა ედენ აზარმა. 23 წლის და 32 დღის ასაკში ბელგიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც "ჩელსის" მაისურით პრემიერლიგის შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
"ლივერპულმა" კი "არსენალს" მატჩის პირველ 20 წუთში 4 გოლი გაუტანა და 4:0 დაწინაურდა. ასეთი სტარტი პრემიერლიგის შეხვედრაში "წითლებს" აქამდე არ ჰქონიათ. ანგარიში 52-ე წამზე მარტინ შკრტელმა გახსნა და რობი ფაულერის შემდეგ გახდა "ლივერპულის" პირველი მოთამაშე, რომელმაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გოლის გატანა მატჩის პირველ 60 წამში მოახერხა. "ღმერთმა" (ფაულერის მეტსახელი) პირველ წუთზე 1996 წლის დეკემბერში "მიდლსბროს" კარი აიღო და სხვათა შორის, ის მატჩიც "ლივერპულმა" 5:1 მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"