დრიბლინგი: გაიქეცი კარლოს, გაიქეცი!

AutoSharing Option
იმ დროს, როცა იტალიაში მატჩების კოლიზეუმში ჩატარებაზე ფიქრობენ, ხოლო კარლოს ტევესი კი ახალ სავიზიტო ბარათებს ბეჭდავს, ინგლისელებმა სამუელ ეტო"ოს შარმი აღმოაჩინეს, ლეგენდარულმა მუსიკოსმა კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდის გიტარას ნამუსი ახადა, ესპანეთში კი ფეხბურთელს გვარი შეუცვალეს...

იტალია
ტურის 70 ტურინულ 7:0-ში
ეს ესაა, კარლოს ტევესმა ბურთი მიიღო, მოტრიალდა, მოწინააღმდეგე ფეხბურთელთან ჭიდაობაში თავი გაითავისუფლა და დაიძრა. უფრო სწორად, გაიქცა.

კარლოსი გარბის. ვიღაც-ვიღაცები მისდევენ. გაირბინა 20 მეტრი, 30. იდეალურად გალესილი დანასავით ჭრის "პარმას" შემთბარ კარაქს.

კარლოსი გარბის. 40, 50, 60 მეტრი! წამით შეყოვნდა, მომდევნო
მცველს ბურთი შემოატარა. "პარმას" მცველები ვერ აჩერებენ. 70 მეტრი! საკმარისია. კარლოსი უკვე იქაა! მეკარეს გახედა და ბურთი მარჯვენა დაბალ კუთხეში შეუცურა. მირანტე არც განძრეულა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ეს იყო გადასარევი გოლი ტურინში გამართულ საოცარ მატჩში, რომელიც "იუვემ" "პარმას" 7:0 მოუგო. ამ გოლით კარლოს ტევესმა თავისი ახალი სავიზიტო ბარათი დაბეჭდა და კიდევ კარგი, რომ არგენტინის ნაკრებში დააბრუნეს, თორემ ტევესის ახალ სავიზიტო ბარათს ტატა მარტინოს უკვე ყოველ წამს ცხვირწინ აუფრიალებდნენ.

კარლოსი არგენტინის ნაკრებში სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ეს სწორედ ამ გადასარევი გოლით აღნიშნა.

ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" ტევესის ამ გოლს "მარადონიანო" უწოდა, მის სამშობლოში კი ახალი მეტსახელი შეარქვეს: "ტევესდონა". მართალია, კარლიტოსს დიეგიტომდე ძალიან ბევრი უკლია, მაგრამ იმ ფაქტს ვერსად გავექცევით, რომ ეს იყო ყველაზე დიადი და გენიალური გოლი "იუვენტუს არენაზე" მას მერე, რაც ეს სტადიონი გაიხსნა (2011).

ცნობისათვის, "იუვემ" იტალიის ჩემპიონატში 7:0 ბოლოს "ასკოლისთან" მოიგო და იმ მატჩში გატანილი ბურთების ავტორებს თუ გავიხსენებთ (პაოლო როსი, მიშელ პლატინი...), მივხვდებით, რომ ძალიან ძველი ამბავია. კერძოდ, ეს 1983 წლის 11 სექტემბერს მოხდა.

ერთ-ერთ იტალიურ რადიოში თქვეს, "იუვენტუსის" საშინაო მატჩები ძმები გრიმების ზღაპრებს ჰგავსო. იტალიელებს გადაჭარბება უყვართ ხოლმე.

ცირკი რომში
ამერიკული ოცნება რომ უსაზღვროა, ეს ყველამ იცის. თეფშების რეცხვით დაიწყებ და, შეგიძლია, მილიონერი გახდე.

ალბათ "რომას" ბოსტონელმა პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამაც თეფშების რეცხვით დაიწყო - ყოველ შემთხვევაში, ძალიან ამერიკულად გამოუვიდა, როცა თქვა, კოლიზეუმშიც შეიძლება საფეხბურთო მატჩების გამართვაო.

რატომაც არა? კოლიზეუმი რომში ასწლეულებია უმოქმედოდ დგას და მისიად მხოლოდ ის აკისრია, რომ ტურისტებმა ფოტოები გადაუღონ...

622
ექვსასოცდაორი. შესაძლოა, ერთი შეხედვით არც ისე ბევრად მოგეჩვენოს, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ არც წუთებს ვგულისხმობთ და არც საათებს, არამედ დღეებს და თუ დავამატებთ, რომ სწორედ ამდენი დღე არ ჰქონდა გოლი გატანილი სტეფან ელ შაარავის იტალიის ჩემპიონატში, მიხვდებით, რომ 622 ძალიან ბევრია.

ელ შაარავის უკანასკნელი გოლი სერია A-ში 2013 წლის 24 თებერვლით თარიღდებოდა - მაშინ მილანურ დერბიში გაიტანა. მერე იყო ტრავმები, ცუდ ფორმაში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი და "ფარაონის" შესახებ ბოლო დროს მხოლოდ "მილანის" ფანებიღა საუბრობდნენ.

"პატარა ეგვიპტელმა" (სილვიო ბერლუსკონის ტერმინია) გასულ შაბათს "სამპდორიას" გაუტანა და გოლის აღნიშვნის დროს ცრემლები წამოუვიდა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

როგორც ჩანს, ელ შაარავიმ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესაც აუჩუყა გული – 2013 წლის ივნისის შემდეგ "ფარაონი" "სკუადრა აძურაში" პირველად გამოიძახეს.

...და ელ შაარავის იმედი აქვს, რომ 622 აღარასოდეს განმეორდება.

ინგლისი
სამუელ ლ. ჯექსონი კი არა და... ეტო'ო
არა, სამუელ ეტო'ოს ასაკზე აღარაფერს ვიტყვით და არც მის ოხუნჯობებს გავიხსენებთ. უბერებელი კამერუნელის ანცობების შესახებ ყველამ ყველაფერი იცით.

რაც შეეხება ახალ ამბავს: სამუელი ამჯერად თანაკლუბელ სტივენ პიენაართან ერთად სარეკლამო ვიდეოში გადაიღეს, რომლის მიზანი ის არის, რომ "ევერტონის" საშინაო მატჩებზე მეტი აბონემენტი გაიყიდოს. საშობაო ფასდაკლების გარდა, ვიდეოს რეჟისორმა ფანების მიზიდვა ეტო'ოს სამსახიობო ოსტატობით სცადა.

კამერუნელი ზამთრის ყველაზე საშინელ პულოვერში გამოაწყვეს, თავზე სანტა კლაუსის ლურჯი (!) ქუდი დაახურეს და ვიდეოში ეტო'ო თავის სამსახიობო ნიჭს საოსკარო ოსტატობით წარმოგვიდგენს.

დაივიწყეთ ჯონი დეპი, ჩაახრჩეთ ჰიუ გრანტი ტემზაში! სამუელი ვიდეოში ისეთ მიმიკებს გვთავაზობს, რომ დარწმუნებულები ვართ, "გუდისონ პარკი" სეზონის ბოლომდე გადავსებული უნდა იყოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ "ევერტონის" ქალ გულშემატკივრებს გულები უკვე არ გაუსკდათ...

მატიჩის ინტერვიუ
საფინალო სასტვენების შემდეგ მოედანზე საინტერესო ინტერვიუები რიგდება ხოლმე. ყურადღების ცენტრში ამჯერად ნემანია მატიჩი მოექცა.

სერბი "ლივერპულთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და შეხვედრის დასრულებისთანავე მიკროფონთან ჯონ ტერისთან ერთად უხმეს. თავიდან ყველაფერი შესანიშნავად იყო: მცველი რეპორტიორის კითხვებს მშვიდად და აუღელვებლად, რაც ყველაზე მთავარია, გასაგებად პასუხობდა.

თუმცა ჟურნალისტი როლში შეიჭრა და ერთი კითხვა იმდენად სხაპასხუპით დასვა, რომ მატიჩმა ტერის სინდიოფალას თვალებით გადახედა და კიდევ კარგი, სისულელეები კი არ იბოდიალა, არამედ აღიარა, ვერაფერი გავიგეო. ტერიმ 15-წამიანი კითხვა რამდენიმე სიტყვით განუმარტა და მატიჩმაც შესაბამისი პასუხი გასცა.

აი, მომდევნო კითხვის დასმისას კი უკვე რეპორტიორი აიჭრა და ისე ხმამაღლა და იმდენად გამოთქმით დაუსვა კითხვა ("ვფიქრობ, კმაყოფილი უნდა იყოთ იმით, რომ ცხრილში ყველაზე მაღლა ხართ. ასე არ არის?"), რომ ნემანია ჯერ გაოგნებული უყურებდა, მერე კი გაუღიმა და უთხრა: "მხოლოდ ერთი კითხვა ვერ გავიგე, იდიოტი კი არ ვარ, მისტერ სტაბს!"

გარის ნოელისგან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, გარი ნევილს, თავში კარგი იდეა მოუვიდა: თავის ულამაზეს გიტარაზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებშია გაფორმებული, თვით ჯგუფ "ოაზისის" ყოფილი ფრონტმენისა და ბრწყინვალე მუსიკოსის, ნოელ გალაგერის ავტოგრაფი მოუნდა.

გარი ადგა და თავისი გიტარა როკვარსკვლავს გაუგზავნა. ამ უკანასკნელმაც არ დაიზარა, ხელი მოუწერა და გიტარა უკანვე დაუბრუნა.

საქმე ისაა, რომ ნევილმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინა: გალაგერი "მანჩესტერ სიტის" თავგადაკლული ფანია. ამიტომაც იყო, რომ ნევილმა გიტარაზე ნოელის ავტოგრაფის გარდა, კიდევ ერთი წარწერაც მიიღო, რომლის შინაარსსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

"ძვირფასო გარი, რამდენი მატჩი ჩაატარე ინგლისის ეროვნულ ნაკრებში? და აქედან, ვაჟკაცურად, რამდენი მატჩის ჩატარება დაიმსახურე? პირდაპირ გეტყვი: Fucking none! ! (არც ერთის). საუკეთესო სურვილებით, ნოელ გალაგერი. MCFC"

ესპანეთი
1:0 ბეილი, 2:0 რამოსი, 2:1 გუდი...
beIN-Sports საერთაშორისო ტელეკომპანიაა, რომელიც საფეხბურთო მატჩებს გადასცემს ხოლმე. ეს კომპანია დიდ ბიზნესში ტრიალებს და დიდი მოთამაშეცაა, რის გამოც გლობალური მიდგომები ახასიათებს.

სწორედ ასე მიუდგნენ კომპანიის წარმომადგენლები "რეალისა" და "რაიო ვალეკანოს" მატჩსაც. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 2:1 გახლდათ.

"რეალის" ფეხბურთელების ცნობა არავის გაუჭირდებოდა და გოლების ავტორები ტელეეკრანებზე სწორად ეწერა: გ. ბეილი და ს. რამოსი. აი, "რაიოს" მეგოლის გვარზე კი კარგად დაფიქრდნენ. ალბერტო ბუენო? ამ ტიპს ესპანეთს მიღმა ხომ კაციშვილი ვერ იცნობდა - ჰოდა, ადგნენ და გოლის ავტორად ისეთი გვარი ჩაწერეს, საერთაშორისო ენაზე ყველასათვის გასაგები რომ იქნებოდა: "გუდი"...

ლუის ენრიკე და პიკე
დრიბლინგში ლუის ენრიკეს მოხსენიება ამ სეზონში უკვე მეორედ გვიწევს. "ბარსას" თავკაცმა ჟერარდ პიკე "ალმერიასთან" შეხვედრაშიც სკამზე დატოვა, თუმცა მეორე ტაიმში გახურება უბრძანა და პიკეც ბეჯითად ვარჯიშობდა, მაგრამ როცა ლუის ენრიკემ მესამე შეცვლაც გააკეთა, დამწუხრებულმა ჟერარდმა სათადარიგოთა სკამს მიაშურა და მისი ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლეგიტიმური გახლდათ.

მაგრამ ლუის ენრიკემ სკამზე მოკალათებულ პიკეს ჯერ გაბრაზებული თვალებით შეხედა, მერე კი თავის ერთი მოძრაობით მიანიშნა, გახურება განაგრძეო. 27 წლის პიკეც გაბრაზებული ბავშვივით წამოხდა და ვარჯიში განაგრძო.

რა გასაკვირია, რომ პიკე მოედანზე არ გამოჩენილა. რჩება კითხვა: ლუის ენრიკემ სამამდე თვლა არ იცის, თუ პიკეს მაინცდამაინც მანამდე უნდა ევარჯიშა, სანამ თვითონ არ ეტყოდა, სამივე ცვლილება გავაკეთე და რაღაც წვალობო...

გერმანია
მადლობა კრამერს
დორტმუნდის "ბორუსიამ" რომ ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა, კრიზისიდან გამოსვლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და იურგენ კლოპმაც გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა, თავიდან ბოლომდე მიონხენგლადბახელი კრისტოფ კრამერის დამსახურებაა, რომლის ჰიპერ-გრანდიოზული ავტოგოლი ალბათ ყველამ ნახეთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მას მერე, რაც კრამერმა საკუთარ მეკარეს მოედნის ცენტრიდან ბურთი თავზე გადაუგდო, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი, დორტმუნდელთა ვეტერანი ნახევარმცველი სებასტიან კელი კრისტოფს მაშინვე ეცა, გულში ჩაიკრა და მამაშვილურად დაუყვავა, ხოლო საფინალო სასტვენის შემდეგ კი, როცა კლოპი და კრამერი ერთმანეთს შეხვდნენ, იურგენის ტუჩების მოძრაბით იოლად ამოიცნობდით ცნობილ და ყველასათვის გასაგებ გერმანულ სიტყვას "დანქე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტევეეეეეეეეეეეეეს!!!!!!! ეს კაცი არის ლეგენდა  ჩუუუ აღიარეთ დ დაფასეთ
zvio
22:22 13-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული