მადრიდის "რეალის" 29 წლის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დუბაიში დააჯილდოვეს, სადაც გუნდთან ერთად იმყოფებოდა "მილანთან" ამხანაგური მატჩის გასამართავად. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ის უპირველესი ფავორიტია "ოქროს ბურთის" მოპოვებაში, რომელიც მისთვის კარიერაში მესამე, ზედიზედ კი მეორე იქნება.
დაჯილდოვების ცერემონიალი დუბაის სასტუმრო "ატლანტისში" გაიმართა. ცერემონიალზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ "რეალის" თავკაცი კარლო ანჩელოტი და პორტუგალიელის კოლუმბიელი თანაგუნდელი ჯეიმს (ხამეს) როდრიგესი,
წლეულს რონალდომ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა სეზონში ლიგაში გატანილი გოლების მიხედვით და ლომის წილი დაიდო "რეალის" მიერ თასის მეათედ მოპოვებაში. წლეულსვე მან ლა ლიგაში 200-გოლიან ნიშნულს გადააბიჯა და ეს ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა - 178 თამაში ეყო. ფორვარდმა წლეულს "ოქროს ბუციც" მოიპოვა, რომელიც ევროპის საუკეთესო გოლეადორს ერგება. პორტუგალიელი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ მისთვის 2015 წელი 2014-ზე უკეთესი იქნება.
რონალდოს კიდევ ერთი პრიზი გადაეცა - გაზეთ "მარკას" ფანების ფავორიტი ფეხბურთელი გახდა, ეს პრიზიც ამ ღონისძიების ეგიდით გადაეცა რონალდოს. წლის საუკეთესო საფეხბურთო აგენტი გახდა პორტუგალიელი ჟორჟე მენდეში. სპეციალური პრიზი საფეხბურთო კარიერისთვის გადაეცა "მილანის" ამჟამინდელ თავკაც ფილიპო ინძაგის. წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა არა გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი, არამედ, კარლო ანჩელოტი.
საუკეთესო კლუბი "რეალია", საუკეთესო პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. წლის ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელი ჯეიმს როდრიგესი. სპეციალური ჯილდო გადაეცა მადრიდის "ატლეტიკოს". წლის საუკეთესო რეფერი იტალიელი ნიკოლა რიცოლია.
Globe Soccer Awards-ის წინა წლების ფეხბურთელები არიან: კრიშტიანო რონალდო - 2011 წელი; რადამელ ფალკაო (ატლეტიკო) - 2012 და ფრანკ რიბერი (ბაიერნი) - 2013. წინა წლების საუკეთესო კლუბები იყვნენ: ბარსელონა (2011); ატლეტიკო (2012) და ბაიერნი (2013).
კრიშტიანო რონალდო: "იმედი მაქვს, რომ ეს კეთილი ნიშანია და შემდეგ პრიზი "ოქროს ბურთი" იქნება. თუმცა ამის გამო ძალიან არ ვღელავ, ხმები უკვე მიცემულია. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ დიდი შრომისთვის და თავდადებისთვის კიდევ ერთი პრიზი და აღიარება მხვდა წილად. მინდა მადლობა გადავუხადო "რეალის" ფეხბურთელებს, მწვრთნელს, ჩვენ ფანტასტიკური წელი გვქონდა - 4 ტიტული მოვიგეთ და მსოფლიოში საუკეთესოები ვართ. ამ პრიზის მოგება დიდი პატივია ჩემთვის და გუნდისთვისაც.
ზეწოლას არ ვგრძნობ, რადგან ყველაფერი ბუნებრივად ხდება. არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი, ჩემი თამაში თავად უმტკიცებს ყველას ყველაფერს. ვაკეთებ ჩემ საყვარელს საქმეს, გამაქვს გოლები, ვეხმარები თანაგუნდელებს და "რეალს". "დესიმა" ყველაზე დიდებული მოვლენა იყო წელს, "რეალი" ხომ დიდ ხანს ელოდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას".
World Soccer-ის აღიარება
კიდევ ერთი აღიარება - კრიშტიანო რონალდო ავტორიტეტულმა გამოცემა World Soccer-მა ასევე წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ეს მისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. "რეალის" ფეხბურთელმა 928 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე მანუელ ნოიერი გავიდა 789 ქულით, მესამეზე - ლიონელ მესი (593 ქულა). ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"