ისტორია
კოსოვოელები იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ცდილობენ საერთაშორისო საფეხბურთო აღიარების მოპოვებას, მაგრამ ბოლო დრომდე, ანუ იქამდე, სანამ ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ქვეყნების უმეტესობამ არ აღიარა, არაფერი გამოუვიდათ.2012 წელს კოსოვური წარმოშობის რამდენიმე ალბანელმა ფეხბურთელმა, რომლებმაც არაერთი მატჩი ჩაატარეს შვეიცარიისა და ალბანეთის ნაკრებებში, სპეციალური წერილი მისწერეს
ესენი იყვნენ ლორიკ კანა, ჯერდან შაჩირი, გრანიტ ჯაკა და ვალონ ბეჰრამი. თითოეულ მათგანს გარკვეული ავტორიტეტი ჰქონდა საერთაშორისო მასშტაბით მოპოვებული.
ბლატერმა იმ მომენტში ბოლომდე ვერ გარისკა, მაგრამ კოსოვოს ნაკრებს საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება კი მისცა. 2014 წლის 5 მარტს კოსოვო დაუპირისპირდა ჰაიტის უპირველეს გუნდს და ეს იყო ფიფას მიერ აღიარებული პირველი ოფიციალური შეხვედრა. ფრე - 0:0.
ამის შემდეგ კოსოვომ 1:5 წააგო თურქეთთან, 1:3 დათმო შეხვედრა სენეგალთან და ბოლოს ისტორიულ გამარჯვებასაც მიაღწია.
2014 წლის 7 სექტემბერი კოსოვოს ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ამ დღეს გუნდმა ქვეყნის დედაქალაქ პრიშტინაში უმასპინძლა ომანს და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა მოწინააღმდეგე. ერთადერთი გოლი კოსოვოელთა შემადგენლობაში ბუნიაკუმ გაიტანა.
ცნობისათვის, პირველი, არაოფიციალური მატჩი კოსოვოს ნაკრებმა ჯერ კიდევ 1993 წელს გამართა მოძმე ალბანეთთან, მაგრამ შეხვედრა ფიფას მიერ არ იყო აღიარებული. ის მატჩი ალბანელებმა 3:1 მოიგეს.
ლიდერები
კოსოვოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, კირკიტა ქომაგს აუცილებლად რომ ეცოდინება. მაგალითად, კოსოვოელთა ძირითადი გოლკიპერია სამირ უიკანი, ვისაც არაერთი მატჩი ჩაუტარებია ალბანეთის უპირველესი გუნდის შემადგენლობაში. სხვათა შორის, უიკანის თბილისშიც აქვს ნათამაშები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ის ახლა იტალიური "ჯენოას" კარს დარაჯობს.დაცვაში გამოირჩევიან ფანოლ პერდედაი (ფრანკფურტი), ლორეტ სადიკუ (მერსინი), ილირ ბერიშა (გეფლე) და ბაირამ იაშკანიცა (სკენდერბეუ).
სპეციალისტთა აღიარებით, კოსოვოს ნაკრების ყველაზე ძლიერი რგოლი ნახევარდაცვაა. აქ გამოირჩევიან გუნდის კაპიტანი ანელ რასკაი (სანდნესი), ენის ალუში (ზანკტ პაული), იმრან ბუნიაკუ (გრასჰოპერსი), ბერსანტ ცელინა (მანჩესტერ სიტი, სარეზერვო გუნდი), ბესარ ჰალიმი (ფრანკფურტი), ვალმირ სულეიმანი (ბერლინ უნიონი), მარგიმ ბრაჰიმი (ვოლენი), ჰაკურან კრეიზუ (ლუცერნი), მილოტ რაშიცა (ვიტესი).
თავდასხმის ხაზის ლიდერია ალბერტ ბუნიაკუ (სენტ გალენი). შეტევაში ასევე სიტყვა ეთქმით ფლამურ კასტრატის (სტრომგოდსეტი), ელტონ ფეიზულაჰუს (ბეიჯინგ გუონი), ელბასან რაშანის (ბრონდბიუ) და დონის ადვიაის (შტურმი)
პერსპექტივა
კოსოვოს ფეხბურთის მესვეურები არ აპირებენ მათ ხელთ არსებული კადრებით დაკმაყოფილებას. როგორც კი უეფა კოსოვოს მიიღებს თავის რიგებში, მათ განზრახული აქვთ, ისტორიული სამშობლოს სახელით თამაში შესთავაზონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (ძირითადად - შვეიცარიაში) მოთამაშე კოსოვოელ ფეხბურთელებს.უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ შემთხვევაში კოსოვოს ნაკრების ძალა მნიშვნელოვნად მოიმატებს....
მწვრთნელი
ალბერტ ბუნიაკი კოსოვოს ნაკრების რიგით მეხუთე მთავარი მწვრთნელია. მის მოსვლამდე "ოქროს ბიჭებს" (კოსოვოს ნაკრების მეტსახელია) წვრთნიდნენ აიეტ შოშოლი, მუარემ საიტი, ედმონდ რუგოვა და კუიტიმ შალა.ალბერტ ბუნიაკი 1971 წელს, კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში დაიბადა. ის 38 წლის იყო, როცა ეროვნული გუნდი ჩაიბარა და იქაური ფეხბურთის ისტორიაში ქვეყნის მთავარი გუნდის უმრწმესი დამრიგებელი გახდა.
მას შვედეთის მოქალაქეობაც აქვს. კოსოვოს ნაკრებში გამწვრთნელებამდე ბუნიაკი შვედური "კალმარის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
ნაკრები მატჩებს ძირითადად ორ სპორტულ არენაზე მართავს - პრიშტინას მუნიციპალურ სტადიონზე (ტევადობა - 16 000) და ადემ იაშარის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც 18 200 ქომაგს იტევს.
გუნდი ამჟამად "ნაიკის" ეკიპირებით თამაშობს. საშინაო ფერები ლურჯია, საგარეო - თეთრი ლურჯი ზოლებით. გუნდის საუკეთესო ბომბარდირია ალბერტ ბუნიაკუ. ყველაზე მეტი შეხვედრაკი ამ ეტაპზე კრისტიან ნუშიმ ჩაატარა (5).
კოსოვო 2018 მუნდიალზე?
... კოსოვოელები უეფას ვერდიქტს დიდი იმედით ელიან. ეს იმის მოუხედავად, რომ მიშელ პლატინიმ არცთუ დიდი ხნის წინ თქვა - კოსოვოს, ალბათ, 2016 წელს მივიღებთო. 17-ში შესაძლოა, ყინული მართლა დაიძრას, თუმცა სრულუფლებიანი წევრი კოსოვო უეფას მარტის კონგრესზე ადრე ვერ გახდება. ამის მიუხედავად კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან ეროლ სალიჰუს დიდი იმედი აქვს, რომ მისი ქვეყანა მალე ფიფას წევრიც გახდება და მეტიც - 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებს!
მართალია, ჯგუფები უკვე დაკომპლექტებულია, მაგრამ სალიჰუს ეიმედება, რომ ფიფა 2 ხუთგუნდიანი ჯგუფიდან ერთ-ერთში გაანაწილებს კოსოვოს ნაკრებს. ვნახოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"