ტრანსფერ ONLINE: 1 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:13. Sky Sports-ის ინფორმაციით, უახლოეს დროში უნდა გაირკვეს პოლ პოგბას საკითხი. ფრანგი შვებულებიდან გამოვიდა და მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასასვლელად. ჟურნალისტმა პოგბას პირდაპირ დაუსვა შეკითხვა: "რამდენად ახლოს არის "მანჩესტერში" ტრანსფერი?" ფრანგმა უპასუხა: "ვნახოთ".

13:27. აქსელ ვიტსელს ძალიან უნდა "იუვენტუსში". ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ "ევერტონმა" "ზენიტს" უფრო სარფიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ ბელგიელს იტალიაში წასვლა სურს. სხვათა შორის, "ევერტონი" მზად არის, 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, "იუვენტუსი" - მხოლოდ 15 მილიონი. დი მარციომ დაამატა, რომ ვიტცელის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, "იუვენტუსი" განიხილავს ნემანია
მატიჩის ვარიანტს, მაგრამ "ჩელსის" დიდად არ სურს სერბთან განშორება.

13:34. ლერო სანე უკვე მანჩესტერშია. გარიგების თანხა 37 მილიონი ევროა. გავრცელდა "შალკეს" მხრიდან დადასტურებაც: "ლეროი სანე უკვე "სიტიშია" და ჩვენთან აღარ ვარჯიშობს".

14:30. ლაკაზეტმა, შესაძლოა, "ლიონი" დატოვოს. "არის წინადადება, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება", - თქვა კლუბის პრეზიდენტმა. ადრე წერდნენ, რომ ფრანგ ფორვარდზე პრეტენზიას "არსენალი" და "ვესტ ჰემი" აცხადებენ.

14:40. უფასო რობსონ-კანუ ძალიან აინტერესებთ ესპანურ კლუბებს. უელსელი უნდათ "ვალენსიას", "ატლეტიკოსა" და "სევილიას".

14:44. ტანკრედი პალმიერი წერს, რომ "ვალენსია" უახლოეს ხანში აიმენ აბდენურს გაყიდის, თუმცა ახალი კლუბი არ დაუსახელებიათ.

14:50. ჯანფრანკო ძოლას "ჰალის" მწვრთნელობა სურს, - წერს La Gazzetta dello Sport-ი. ამ პოსტზე პრეტენზიას რობერტო მარტინესი, კრის კოულმენი და ბობ ბრედლიც აცხადებენ.

14:36. Het Laatste Nieuws-ი წერს, რომ ნიკო ლომბერტსი "არსენალს" აინტერესებს. ასევე, ვენგერის სიაში არიან: მუსტაფი, კულიბალი და ენგელსი "ბრიუგედან".

15:10. ერიკ ლამელამ უარყო ჭორები "ტოტენჰემიდან" წასვლის შესახებ. "ყოველი სატრანსფერო ფანჯრისას ჩნდება ჭორები ჩემ წასვლაზე, მაგრამ ამაზე არასოდეს მიფიქრია. კლუბში ბედნიერი ვარ", - განაცხადა ლამელამ Sky Sports-თან კომენტარში. ადრე წერდნენ, რომ არგენტინელით "მარსელია" დაინტერესებული.

15:29. Sky Sports-ი დარწმუნებულია, რომ "ნიუკასლი" "ჰალიდან" შეიძენს მოჰამედ დიამეს 5.3 მილიონ ევროდ.

15:37. რთული დასაჯერებელია, მაგრამ La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ "ჩელსი" 80 მილიონ ევროს იხდის რომელუ ლუკაკუს დასაბრუნებლად. ამასთან, გაურკვევლობაა დიეგო კოშტასთან დაკავშირებით. ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ არაფერი იცის ბრაზილიელის მომავალზე.

16:15. პსჟ არ აპირებს თუნდაც 50 მილიონ ევროდ კავანის "ინტერში" გაშვებას. Corriere dello Sport-ი წერს, რომ პარიზელებმა განიხილეს "ნერაძურის" წინადადება და უარი განაცხადეს.

16:59. ტანკრედი პალმიერი წერს, რომ "ვოლფსბურგი" დაინტერესებულია 5 მილიონ ევროდ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის შეძენით და ამას მაშინვე მოჰყვა დადასტურება "ვოლფსბურგიდან": პოლონელი ვეტერანი მომავალი სამი წელი "მგლებში" ითამაშებს.

17:04. "მარსელი"დაინტერესებულია "ნორვიჩის" ნახევარმცველის, იუსუფ მულუმბას შეძენით, თუმცა L’Equipe-ი ჯერ ვერ ასახელებს სავარაუდო ტრანსფერის თანხას.

17:08. "შალკემ" ერთი სეზონით "ჩელსიდან" იჯარით აიყვანა რაჰმან ბაბა.

17:14. დევიდ მოიესმა აღიარა, რომ მარუან ფელაინის დონის მოთამაშეებს "სანდერლენდი" ფინანსურად ვერ გაწვდება.

17:23. The Sun-ი წერს, რომ ანტონიო კონტე წინააღმდეგი არ არის, ოსკარი "მილანში" გაუშვას 30 მილიონ ევროდ.

17:28. "სან პაულუს" ფორვარდი ხონათან კალიერი "ბარსელონას" აინტერესებს. Sport.es წერს, რომ 22 წლის არგენტინელი ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და სწორედ ეს ხიბლავს კატალონიურ გუნდს. ადრე წერდნენ, რომ კალიერით "ვესტ ჰემი" იყო დაინტერესებული.

17:45. ვალბუენამ უარყო ჭორები "ლიონიდან" შესაძლო წასვლის შესახებ. "პრესა ისეთ სისულელეებს იგონებს, რომლისგანაც მხოლოდ მეცინება. "ლიონის" ფეხბურთელი ვარ და კიდევ ორი წელი ჩემი ფიქრები ამ კლუბს უკავშირდება", - თქვა მატიომ Canal+-თან კომენტარში. უფრო ძველი ინფორმაციით, ვალბუენამ მიიღო შეთავაზებები თურქეთიდან და ჩინეთიდან.

18:36. "მანჩესტერ სიტის" აქვს სტოუნსის ალტერნატივა. Manchester Evening News-ი წერს, რომ თუ "ქალაქელებს" არ გამოუვათ ამ ფეხბურთელის გადაბირება, გადაერთვებიან ვარანის ტრანსფერზე.

18:47. მ'ბაიე ნიანგმა უარყო "ლესტერის" წინადადება. "მივიღე შეთავაზება რანიერისგან, მაგრამ მან დაამატა, რომ მხოლოდ მაშინ მომიწევდა თამაში, თუ ვარდი ტრავმას მიიღებდა", - თქვა ნიანგმა.

19:22. "უოტფორდმა" ერთწლიანი იჯარით "ფეიენოორდში" გაუშვა სტივენ ბერგეისი.

19:30. "ვესტ ჰემი" დაინტერესებული იყო მარტინ ოლსონით და ენდრიუ რობერტსონით, მაგრამ ორივემ უარი განაცხადა. ასე რომ, სლავენ ბილიჩი ისევ ეძებს მარცხენა მცველს.

19:45. "მილანმა" გაუშვა ჟერემი მენეზი. ფეხბურთელი საფრანგეთში დაბრუნდა და "ბორდოში" ითამაშებს. მენეზი თავისუფალი აგენტი იყო, "ბორდოსთან" კონტრაქტი კი სამწლიანია.

19:56. "იუვენტუსმა" მოლაპარაკებები დაიწყო პსჟ-სთან მარკო ვერატის ტრანსფერზე, - იტყობინება La Gazzetta dello Sport-ი. ტურინული კლუბის ბოსები უკვე შეხვდნენ პარიზული გუნდის ხელმძღვანელებს და ფეხბურთელის აგენტს. ტრანსფერის სავარაუდო თანხა - 50 მილიონი ევროა.

20:08. მარტინ მონტოია "ვალენსიაში" გადავიდა უფასოდ. "ბარსელონას" ექსმცველთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

20:22. "ვალენსია" შეიძლება დატოვოს დანი პარეხომ. კლუბმა ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობასთან ვარჯიშს ჩამოაშორა. მიზეზი ის არის, რომ პარეხომ ღიად განაცხადა "სევილიაში" გადასვლის სურვილზე. ანდალუსიური კლუბი უკვე ცდილობდა მის შეძენას, მაგრამ "ვალენსიას" შეთავაზებული 10 მილიონი არ მოეწონა. სწორედ ამის შემდეგ იჩხუბეს ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა პაკო აიესტრანმა.

20:34. "ლესტერი" იბრძვის პოლონეთის ნაკრების ახალგაზრდა გარემარბის, კაპუსტკას ხელში ჩასაგდებად. "კრაკოვიას" ფეხბურთელში 9 მილიონი ევრო უნდა.

20:42. ჭორები ვილიანს "მანჩესტერ იუნაიტედში" უშვებენ. ფეხბურთელმა უკვე გააკეთა კომენტარი: "შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს მოურინიოსთან, მაგრამ მე "ჩელსის" მოთამაშე ვარ. რა თქმა უნდა, ბედნიერი უნდა იყო, როცა ასეთი ადამიანია შენით დაინტერესებული, მაგრამ მე კლუბთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე, რადგან მომწონს "ჩელსიში".

20:50. საინტერესო ინფორმაცია: "იუვენტუსმა" საკლუბო ონლაინმაღაზიის მთავარი გვერდიდან მოაშორა პოგბას ფოტო. ახლა იქ მხოლოდ ბონუჩი, ბენატია და პიანიჩი დარჩნენ.

21:01. "საუთჰემპტონმა" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა "კრისტალ პალასის" მეკარესთან, ალექს მაკარტისთან.

21:07. Liverpool Echo წერს, რომ "ევერტონს" უკვე აქვს სათადარიგო ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუ ვიტცელის ტრანსფერი ჩაიშლება. ლივერპულურ კლუბს "ტოტენჰემის" ნახევარმცველი რაიან მეისონი აინტერესებს.

21:18. ხამესისა და ისკოს წყვილიდან რომელი დატოვებს "რეალს"? ეს დამოკიდებულია მადრიდული კლუბის გადაწყვეტილებაზე მარკო ასენსიოსთან დაკავშირებით. 20 წლის ასენსიო იჯარიდან დაბრუნდა და მაღალი კლასი უჩვენა შეკრებაზე. ზიდანი ისეა მოხიბლული, რომ მზად არის, მარკო კლუბში დატოვოს. ამიტომაც იქნება საჭირო ისკოსთან ან ხამესთან გამოთხოვება.

21:29. "ვალენსიას" კიდევ ერთი ბიჭი უნდა "ბარსელონადან". "ღამურებმა", შესაძლოა, იჯარით აიყვანონ სერხი სამპერი, - იტყობინება Sport.es.

21:47. "ვულვერჰემპტონმა" ერთი წლით იჯარით აიყვანა ჟოაო ტეიშეირა "ბენფიკადან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული