ირაკლი ცირეკიძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

მკითხველი:
- ირაკლი, გამარჯობა. მე მგონი, რაც არ უნდა ვისაუბროთ, ყველაზე აქტუალური საკითხი მაინც ავთანდილ ჭრიკიშვილის წონაა. ხომ არ არის ამ მხრივ რაიმე ახალი? და პირადად თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელ წონაში ხედავთ ავთანდილ ჭრიკიშვილს? საქართველოს ჩემპიონატი გასაგებია, მაგრამ ვნახეთ მისი გამოსვლა გროზნოში მაგომედოვთან და მანამდე კიდევ საკლუბოში ნიმანთან და მაინტერესებს, თქვენი აზრით, როგორია იმის შანსი, რომ ახალ წონაში ავთო ჩამოყალიბდეს ისეთივე
დომინანტ ძიუდოისტად, როგორც ის იყო 81-ში წლების განმავლობაში? გარდა ამისა, როგორია თქვენი ვარაუდი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს დაკვირვების პროცესი და, სავარაუდოდ, როდის შეძლებთ ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას? დიდი მადლობა.
- ინტენსიური მზადება უკვე დავიწყეთ, ის შეკრებაზე იმყოფება და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. სწორედ ამ ვარჯიშებიდან გამომდინარე გაირკვევა მისი წონა. შესაძლოა, 90-ში იასპარეზოს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ 81-ს დაუბრუნდეს.

თავად ჭრიკიშვილის სურვილია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 81-ში იჭიდავოს, შემდეგ კი 90კგ-ში გააგრძელოს ასპარეზობა.

მკითხველი:
- მოგესალმებით. პირველ რიგში, გილოცავთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას. იმედი მაქვს, როგორი წარმატებული სპორტული კარიერაც გქონდათ, ისეთივე სამწვრთნელო კარიერა გექნებათ. რაც შეეხება კითხვას: მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ნაკრების იმავე წესით ფიზიკურად მომზადებას, რასაც ახალგაზრდულ ნაკრებში იყენებდით (ჰოლანდიას და ამერიკას ვგულისხმობ), აგრეთვე, კორეელი დამხმარე მწვრთნელის ხარჯზე სეონაგეს ილეთის?
- ფიზმომზადების ახალ ეტაპს გავდივართ. თბილისში ახალი ფიტნესცენტრი გაიხსნა, სადაც პროფესიონალ სპორტსმენებს ემსახურებიან. 1 კვირაა უკვე მანდ ვვარჯიშობთ, ანუ ამით იმის თქმა მსურს, რომ სხვანაირად ვემზადებით და არა ისე, როგორც ახალგაზრდები.

კორეელი მწვრთნელი იანვრის ბოლოს ჩამოვა, აქ ერთ კვირას გაატარებს. ვნახოთ, რამდენად ნაყოფიერი იქნება მასთან ურთიერთობა და შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავთ შობა-ახალ წელს, წარმატების წელი ყოფილიყოს თქვენთვისაც და მთლიანად ქართული სპორტისთვის. მადლობას მოგახსენებთ იმ სიხარულისთვის, რაც მოგინიჭებიათ თქვენი სპორტული კარიერის განმავლობაში. ბატონო ირაკლი, მოგეხსენებათ, ადამიანის ტვინს არ შეუძლია დიდხანს სრული კონცენტრაციით მუშაობა, რაც პირდაპირ აისახება სპორტსმენის შედეგებზე, განსაკუთრებით, ძიუდოში, სადაც ყურადღების წამიერი მოდუნებით მთავრდება ასპარეზობა. ეს უნარი ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს სპეციალური ვარჯიშები. აპირებთ თუ არა შესაბამისი სპეციალისტის აყვანას ნაკრების წევრებისთვის? ფსიქოლოგს არ ვგულისხმობ, ფსიქოლოგის საქმე განწყობა-მოტივაციის შექმნაა...
- ვფიქრობ, გონების მოდუნება მაშინ ხდება, როცა ძიუდოისტი დაღლილია. ჩვენ ძიუდოისტებს ფიზიკურადაც ვამზადებთ და თუ ის დაღლილი არ იქნება, არ მოდუნდება... ასე რომ, ახალ სპეციალისტებს არ ვსაჭიროებთ.

მკითხველი:
- ბატონო ირაკლი, ვიცით, რომ ბევრი პერსპექტიული და იმედის მომცემი ძიუდოისტია, მაგრამ გთხოვთ, დაგვისახელოთ სამი ახალგაზრდა ძიუდოისტი (არა დიდი ნაკრების წევრები), რომლებიც თქვენი აზრით, ოლიმპიური ჩემპიონები გახდებიან...
- ვინაიდან მათთან მუშაობა მიწევდა, იმდენად ახლობლები არიან ეს ბიჭები ჩემთვის, მათგან სამის გამოყოფა მომერიდება. ბევრი პერსპექტიული ძიუდოისტია და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო ირაკლი. როგორ მიმდინარეობს თქვენ მიერ დანერგილი სიახლეები (მწვრთნელობის მხრივ) და ძიუდოს სამყაროში მიღებული ცვლილებების რა კორექტირებების შეტანა მოგიწევთ სამწვრთნელო პროცესში?
- ცვლილებები ქართველებისთვის საზიანო არ იქნება. ბევრი ისეთი ელემენტია, რასაც ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენებთ. სამწვრთნელო პროცესს ბიჭებმა კარგად აუღეს ალღო, გუნდურად ვმოქმედებთ და ვფიქრობ, 1 წელში უკვე გამოჩნდება შედეგი.

მკითხველი:
- შობა-ახალ წელს გილოცავ, ირაკლი და გისურვებ, 2017 წელი ყოფილიყოს წარმატებებით აღსავსე როგორც შენთვის, აგრეთვე მთელი ქართული ძიუდოსათვის... 2008 წლის 13 აგვისტო, ომი საქართველოში, განუწყვეტელი დაბომბვა და დაჭრილ-დახოცილი უამრავი ადამიანი... პარალელურად, პეკინის ოლიმპიადის ნახევარფინალი, ტატამზე გაკრული და შებოჭილი რუსი ივან პერშინი და ზემოდან მოქცეული ირაკლი ცირეკიძე... შენი აბსოლუტურად უმეტყველო და უემოციო სახე, რომელზეც ვერაფერს ამოვიკითხავდით ვერც ერთი ჩვენგანი, რომლებსაც გულები სიხარულითა და ტკივილით ერთნაირად გვქონდა სავსე. რა თქმა უნდა, შენ შენი შინაგანი ემოცია გქონდა, შენ ხომ მთელი საქართველოს სახელით საჯაროდ იდექი ტატამზე და რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავდით... სწორედ ეს მინდა გაიხსენო, რას გრძნობდი და რას განიცდიდი იმ წუთებში? გისურვებ წარმატებებს...
- უპირველესი მიზანი იმ შეჯიბრის კარგად დასრულება იყო. მხოლოდ წარმატებაზე ვფიქრობდი... იმ ნახევარფინალსაც როგორც შეჯიბრი, ისე მივუდექი. არ მსურდა ზედმეტი ემოციები, შეიძლება შეცდომა დამეშვა.

მკითხველი:
- გამარჯობა. გილოცავთ შობა-ახალ წელს. პირველ რიგში, პარიზში წარმატებით გამოსვლას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს და შეკითხვას რაც შეეხება, რამდენად იქნება აქედანვე მზადება ოლიმპიადისთვის? გასაგებია, რომ წინ მსოფლიო და მრავალი მნიშვნელოვანი ტურნირია და ფიქრობთ თუ არა, რომ სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება სხვა დანარჩენთან ერთად? შეიძლება კითხვაშივეა პასუხი, თუმცა იქნებ დააზუსტოთ, რა ნაწილით არის აუცილებელი?
- ყველა სპორტსმენის მიზანი ოლიმპიადაა. ასე რომ, ყოველი დღე ოლიმპიადისთვის მზადებაა.

ფსიქოლოგი უკვე გვყავს, მას გეგმა მივეცით და მომდევნო კვირიდან ჩაერთვება საქმეში.

მკითხველი:
- ვიცი, რომ ნაკრებში ყველა ძიუდოისტი კარგია... შრომობენ, ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისთვის, მაგრამ ვინ არის ყველაზე გამორჩეული შრომით და რომელი მოგწონთ თქვენ? რომელი სპორტსმენი გახსენებთ საკუთარ თავს?
- შრომისუნარიანობით ლაშა შავდათუაშვილი გამოირჩევა, ამას ყველა აღნიშნავს. სასიხარულოა, რომ ფიზიკურად ჯანმრთელია, შრომობს და ეტყობა ადამიანს, რომ ვარჯიშიდან სიამოვნებას იღებს.

საკუთარ თავს ვინ მახსენებს? არ ვიცი, მაგ კუთხით ჯერ არავის დავკვირვებივარ.

მკითხველი:
- ირაკლი, პირველ რიგში, წარმატებებს გისურვებთ შენ და ჩვენს ბიჭებს. მაინტერესებს, რამდენად არის შესაძლებელი სასკოლო ჩემპიონატების ჩატარება და ტალანტების ასე მოძიება? რომელ რეგიონშია ახლა ყველაზე კარგი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ტალანტები გაიზარდონ და ხომ არ არის რომელიმე რეგიონში კიდევ ახალი სკოლის დამატება საჭირო? გენში აშკარად გვაქვს ჭიდაობა და უფრო მეტი ტალანტი გვეკარგება, ვიდრე ვიყენებთ...
- შეჯიბრების ორგანიზება ფედერაციის საქმეა, მწვრთნელები ვერ ერევიან ამაში.

განვითარებული ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონშია. არის რამდენიმე რეგიონი, სადაც დახმარებაა საჭირო: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო...

მკითხველი:
- რას აფასებთ სპორტსმენში?
- შრომის სიყვარულს.

მკითხველი:

- ძიუდოს ახალ წესებთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ჩვენზეა მორგებული, მეორე კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ ეს წესები გვავნებს. როგორც ნაკრების მწვრთნელი, რას იტყვით?
- სხვებთან შედარებით, ჩვენთვის ეს კარგია და ამას პირველივე ტურნირზე დაინახავთ.

მკითხველი:
- თქვენს კარიერაში გამორჩეულ ორთაბრძოლებს თუ გაიხსენებთ, კარგი იქნება...
- ერთ-ერთი მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო, სადაც გუნდურ შეჯიბრში ნახევარფინალში კორეის ნაკრებს ვხვდებოდით. მაშინ ჩემს წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ასპარეზობდა. ბოლო წუთზე მას შიდო მისცეს, დაახლოებით ნახევარი წუთით ადრე იუკო აიღო, შეხვედრის მიწურულს კი, როცა 4 წამი იყო დარჩენილი, მოვახერხე, გდება გავაკეთე და საქართველოს ფინალის საგზური მოვუტანე. შემდეგ ფინალშიც ვიმარჯვეთ.

მკითხველი:
- მეწყინა, ლონდონში პოლიტიკური ნიშნის გამო რომ არ წაგიყვანეს, კიდევ შეგეძლოთ 2-3 წელი ჭიდაობა. რატომ გადაწყვიტეთ კარიერის ნაადრევად დასრულება?
- პოლიტიკა არაფერ შუაში იყო. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში ჩემი კონკურენტი სარეიტინგო ქულებით ჩემზე წინ იყო და ის წავიდა.

ვერ ვიტყვი, რომ კარიერის დასრულება ნაადრევი იყო, თუმცა სპორტი არ მიმიტოვებია, ახლაც აქ ვარ.

მკითხველი:
- ცნობილია, რომ საქართველოს ძიუდოს ისტორიაში, თითქმის ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს გაუხსნეს მისი სახელობის დარბაზი. იგეგმება თუ არა თუნდაც თქვენს მშობლიურ ქალაქში, თქვენი სახელობის დარბაზის გახსნა?
- დღეს ჩემი მწვრთნელის, ომარ მერაბიშვილის დარბაზის გახსნაზე ვმუშაობ, რომელიც ამჯერად ცუდ პირობებში იმყოფება. ქალაქის ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ აპრილის ბოლოს ეს დარბაზი გაიხსნება. ასე რომ, ჯერ მისი გაიხსნას, მერე ჩემსაზე ვიფიქროთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული