დავით ქევხიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:
- ბატონო დავით, ბოლო წლებია ძიუდოს ფედერაცია საუკეთესოდ სახელდება, თქვენ კი საუკეთესო მენეჯერადაც დაგასახელეს. უცებ ბზარი გაჩნდა... რატომ? რისი ან ვისი ბრალია ეს ყველაფერი?
- ალბათ, ის ყველაფერი, რაც ბოლო დროს ჩემ საწინააღმდეგოდ ითქვა, გამომდინარე იმ შედეგებიდან იყო, რომლებსაც ვაღწევდით. მეორე მხრივ კი, იმ პროექტებიდან, რაც განვახორციელეთ და მომავალში განვახორციელებთ, რაც დიდ შედეგს მოიტანს.

მიზეზს რაც შეეხება: სრულიად აბსურდულ თემებზე იყო საუბარი. უბრალოდ, ვიღაცამ ხელი გაიშვირა ძიუდოსკენ,
თორემ რეალური მიზეზები ალბათ სხვაგან უნდა ვეძიოთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს, რაც ხდება, კონკრეტული პირის ან პირთა პირადი ინტერესია, მოსცხოს ჩირქი იმას, რაც გაკეთებულა. მეორე მხრივ კი, თავიანთ მომავალზეც ფიქრობენ.

მკითხველი:
- რამდენად რეალურია ის ბრალდებები, რომელიც ზვიად ზვიადაურმა წაგიყენათ?
- ზვიადაურის ნებისმიერი ნათქვამი ჩემთვის არც საწყენია და არც გასაკვირი, რადგან მისი პოზიცია ჩემთვის არაფრის მთქმელია და ამაზე დიდ დროს არ ვხარჯავ, არც ვფიქრობ. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მას, როგორც პარლამენტარს, როგორც სპორტის კომიტეტის აღმასკომის წევრს, ქართული ძიუდოსთვის ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია. სურვილიც კი არ ჰქონია, უბრალოდ მოსულიყო და თავისი წვლილი შეეტანა ძიუდოს განვითარებაში. აქედან გამომდინარე, მის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩემთვის არაა ის, რომელზეც უნდა ვიფიქრო ან მნიშვნელობა მივანიჭო.

უბრალოდ, ჩემთვის საწყენია რამდენიმე სპორტსმენის ის პათოსი, რომელსაც ისინი აჟღერებდნენ და ხაზს უსვამდნენ წვრილმანებს, რომელზეც ცალსახად ვიტყვი, რომ განსაკუთრებული არაფერი იყო.

მე პირადად, დავით ქევხიშვილს, არა მარტო ფედერაციის პრეზიდენტობის დროს, არამედ მანამდეც, მათზე იმხელა ამაგი მაქვს გაწეული, იმდენად კარგად და სწორად მაქვს მათთვის ყველაფერი გაკეთებული, რომ 5 გრადუსით მეტი ან ნაკლები გათბობა დისკუსიის საგნად არ უნდა გაეხადათ.

თუმცა მესმის, რომ ჩემი პოზიციის, სტატუსის გათვალისწინებით, გაცილებით მეტი ვალდებულება და პასუხისგებლობა მაკისრია და აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასება მათდამი მიმართებაში არ გასცდება უბრალო წყენას... ისინი სპორტსმენები არიან, მათ აქვთ უფლება, ითხოვდნენ პირობებს და მე ვალდებული ვარ, რაოდენ არაადეკვატურიც იყოს კითხვა თუ მოთხოვნა, მოვისმინო, გავითავისო და გავაკეთო ყველაფერი, რომ თავი მშვიდად და კარგად იგრძნონ.

მკითხველი:
- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, ზვიადაურს ხელის შეშლის მეტი ამ წლების მანძილზე არაფერი უკეთებიაო. კონკრეტულად რას გულისხმობდით? რა სახის შეშლებზეა საუბარი?
- ხელის შეშლა შეიძლება როგორც მოქმედებით, ისე - უმოქმედობით. იმ ფონზე, როდესაც შენ გევალება და შეგიძლია როგორც ძიუდოსთვის, ისე, ზოგადად, სპორტისთვის რაიმეს გაკეთება და ამას არ აკეთებ; მაშინ, როდესაც შენ ხარ იმ მაღალ თანამდებობაზე, საიდანაც ბევრი ცვლილება უნდა ხორციელდებოდეს, მაგრამ ამას არ აკეთებ, ბუნებრივია, ეს უკვე ხელის შეშლაა.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრობლემა, რომელიც ახლახან დასახელდა, არ არის მთავარი პრობლემა. ამაზე გაცილებით სერიოზული პრობლემები გვქონია და მადლობა ღმერთს, დღეს შემიძლია იმით ვიამაყო, რომ შევძელით შიგნით ამის შენახვა და გარეთ არ გამოგვიტანია. ასე ჯობს, რადგან გულშემატკივარს ნაკლებად აინტერესებს შენი პრობლემები, მას შედეგი უნდა აჩვენო.

მკითხველი:
- ბატონო დავით, ჩვენ ვნახეთ, თუ რა ხდებოდა რაგბის კავშირის არჩევნებზე და რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა ხელისუფლების მხრიდან. არის თუ არა იგივე ზეწოლა ძიუდოს ფედერაციაზე?
- მოდით, სპორტული მხრიდან ვისაუბრებ. მიმაჩნია, რომ ამ მთავრობის და ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ძალიან დიდი მონაპოვარი სპორტთან მიმართებაში არის ის, რომ მათ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს დეპოლიტიზაციისკენ. მთლიანობაში, სპორტის განვითარებაში ხელისუფლების დამსახურება დიდია.

მაგრამ ხელისუფლება ორგანიზმია, სადაც სხვადასხვა შტოაა, განსხვავებული ადამიანებით და თუკი სადმე, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი ან პირთა ჯგუფი მოინდომებს სპორტში ჩარევას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებიდან მოდის პრობლემა. ეს კონკრეტულად ამ ჯგუფის პრობლემაა და მოხარული ვარ, რომ მთლიანობაში ჩვენ არ გვაქვს სისტემატურ პრობლემაზე საუბარი და რომ დღეს ქართული სპორტი სრულიად დეპოლიტიზირებულია ამ კუთხით.

- "ის იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც თვლის, რომ ძიუდო მის ირგვლივ უნდა ბრუნავდეს", - ასე განაცხადეთ ზვიადაურზე. ვის გულისხმობდით მის გარდა ჯგუფში?
- არაფერია დასამალი. მანამდეც იყო ბევრი პრობლემა, იგივე სხვა პარლამენტარების მხრიდან, ეს სააშკარაოზეც იყო გამოტანილი. დაპირისპირების რეჟიმში მოგვიწია ურთიერთობა უკანასკნელი 3 წლის მანნძილზე და აქედან გამომდინარე, სწორედ ამ პარლამენტართა ჯგუფზე, ანუ ძიუდოისტებზე მქონდა საუბარი. თუმცა ამაშიც ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს. ეს მათი პოზიციაა.

პირველ ორ წელიწადში დაძაბული ურთიერთობა იყო, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ძიუდოს საკეთილდღეოდ დისკუსიის ფარგლებში და ყოველგვარი ჩხუბის გარეშე ყველაფერი მოვაწესრიგეთ. მაგრამ მაშინაც შევნიშნე და ახლა კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ზოგიერთებს ჰგონიათ, თითქოს მათი გაკეთებულია ყველაფერი, რაც გვაქვს და ჩვენ არაფერი შეგვიძლია...

მკითხველი:
- ბოლოდროინდელი უსიამოვნო სკანდალის შემდეგ ხომ არ გაგიფუჭდათ ბიჭებთან ურთიერთობა? ანუ, რამდენად გაქვთ მათთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სპორტსმენებთან საერთო ენის გამონახვა მარტივად შემიძლია. უკანასკნელი პერიოდის მანძილზე სულ მათთან ერთად ვიყავი, დავყვებოდი ყველა შეკრებაზე და "ვიჭრებოდი" ყველა იმ პრობლემაში, რომელიც მათ აწუხებდათ.

გასულ წელს მწვრთნელთა მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ არ ჩავრეულიყავი ყოველდღიურ ყოფაში, რაზეც დავთანხმდი - კი ბატონო, თუკი ჩემი ყოფნა ხელს გიშლით, მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას შევასრულებ და თქვენს მოთხოვნებს დავაკმაყოფილებ-მეთქი.

დღემდე, ვისთვისაც მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტი არ ვარ, მაქვს და მექნება ახლო ურთიერთობა, დანარჩეს კი დრო გვიჩვენებს.

- გრან-პრიზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოქრო მოიპოვა, ვალერი ლიპარტელიანმა - ბრინჯაო, მაგრამ ადამ ოქრუაშვილს და ლევან მატიაშვილს სურვილიც კი არ დაეტყოთ ბრძოლის. რამდენად იმოქმედა მათზე ბოლოდროინდელმა ამბებმა?
- ზოგადად, ნებისმიერი კონფლიქტი გუნდში ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს. ასეთ დროს კონკრეტული სპორტსმენის ხასიათზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენში არ ყოფილა ისეთი გაუგებრობა, რომელიც შედეგზე რაიმე გავლენას იქონიებდა ან თუნდაც, მომავალში იქონიებს.

ცალკე ვიტყვი ადამთან დაკავშირებით - ოქრუაშვილმა რომ ვერ იჭიდავა, ამ ეტაპისთვის საგანგაშო ნამდვილად არ არის. ის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია, მაქსიმუმის გამომჟღავნება ყოველთვის შეუძლია და გასულ წელსაც ვნახეთ, მიუხედავად მისი ჩავარდნისა, ოფიციალურ ტურნირზე რა შედეგიც აჩვენა. დღესაც შევხვდი მას, ვესაუბრე და მონდომებულია, სურს ივარჯიშოს. მასში დიდ მონდომებას ვხედავ და ასე თუ გააგრძელა, არანაკლებ შედეგს დადებს, ვიდრე წინა წელს ჰქონდა.

მატიაშვილი ამ რანგის ტურნირზე ნახევარფინალში რომ გავიდა, უკვე გარკვეული შედეგია. რაც შეეხება დეტალებს, რომ ტექნიკურად მოიკოჭლებდა ან გდება ვერ გააკეთა, ეს უბრალოდ, იმ კონკრეტულ მომენტში მომზადების დონისა და მოტივაციის საკითხია. ლევანი იაპონელთან დამარცხდა, რომელიც ფაქტობრივად, დაუმარცხებელია.

მკითხველი:
- შესაძლებელია თუ არა, ქართულ ძიუდოში დაძაბულობამ ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დააყენოს?
- ამის სურვილი ვიღაცას ჰქონდა და აქვს, მაგრამ მე გამოვრიცხავ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ძიუდოსთვის. დღეს ძიუდოს ოჯახი იმდენად ძლიერია და ისე კარგად მიიწევს წინ, რომ 1-2 ადამიანის სურვილი ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს.

მკითხველი:
- რამდენი ბავშვი დადის ძიუდოზე საქართველოში?
- 2-3 წლის წინ ეს რიცხვი არ გასცდებოდა 3000-ს, რაც პატარა მაჩვენებელია. ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავი იყო და არის ამ არეალის გაზრდა. ამიტომ ძალიან ბევრი პროექტი შევიმუშავეთ, სადაც ინტერესი ძალიან გაზრდილია, როგორც მწვრთნელის, ისე სპორტსმენის. იგივე საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც შეცვლის ძიუდოს მიმართ დამოკიდებულებას, რადგან, როგორც ახალგაზრდა სპორტსმენებს, ისევე მათ მწვრთნელებს, უჩნდებათ შანსი და შესაძლებლობა, ძიუდოთი იცხოვრონ - საქართველოს პირობებიდან გამომდინარე, ნორმალური თანხა გამოიმუშაონ.

ასევე უნდა გავხსნათ ახალი დარბაზები. ჩვენი მმართველობის პერიოდში უკვე გავხსენით 22 ახალი დარბაზი. თვის თავზე კიდევ 3 დარბაზს გავხსნით და თუ პროპორციულად ავიღებთ და ვიტყვით, რომ თითოეულ დარბაზში საშუალოდ 25-მდე ბავშვი ვარჯიშობს, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საერთო რაოდენობას 500 ძიუდოისტს შევმატებთ. ეს არის ძალიან დიდი რიცხვი ამ მოკლე ხანში.

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არა სახელმწიფოს ფინანსებით, არამედ საერთაშორისო ფედერაციებთან კარგი ურთიერთობით კეთდება. მათ ტატამის 10-11 კომპლექტი გადმოგვცეს, საკუთარი ძალებით და არა ბიუჯეტის ფულით კი კიდევ რამოდენიმე ტატამის შეძენა შევძელით, შემდეგ კი ისინი გადავანაწილეთ მუნიციპალიტეტებში... ამან ის შედეგი გამოიღო, რომ კარგი ურთიერთობა დავამყარეთ მუნიციპალიტეტებთან. 10-15 სკოლაში შევიტანეთ ძიუდოს პროგრამა და გადავეცით ტატამი. ამ ბაზებზე ძიუდოს ახალ კერებს ვქმნით.

მკითხველი:
- ბატონო დავით, ძალიან მომწონს თქვენი მუშაობა. როგორ მოგწონთ გორისა და გორის რაიონის ძიუდოს სკოლა, ძიუდოს მწვრთნელთა იქაურ კადრებზე რას იტყვით და თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს გორში?
- ჩემთვის გორი, ფაქტობრივად, სამჭედლოა ძიუდოისტების. ჩვენ მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდში გორელ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს. გორში კიდევ ერთ ახალ დარბაზს ვაშენებთ. ადგილი მერიამ გადმოგვცა, დანარჩენს კი ძიუდოს ფედერაცია აკეთებს.

ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება აუცილებელია და ამაზე ვმუშაობთ. საერთაშორისო აკადემიის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე მწვრთნელი გორიდანაც იყო ჩართული. ამ ეტაპისთვის, ჩვენ შიდა სასერტიფიკატო პროექტის პირველი დონე დავამუშავეთ. უახლოეს პერიოდში აკადემიაში სასწავლო პროცესიც იქნება და განსაკუთრებით, იქ მყოფი მწვრთნელები ჩაერთვებიან პროცესში. ჩვენ თვითონ ჩავალთ, ახალ მიდგომებსა და წესებს ვასწავლით იმ მწვრთნელებს, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ და ის მონდომება, ენთუზიაზმი, ტალანტი, რომელიც იქ არის და პლუს ამას, თუ დავუმატებთ იმ ცოდნას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, გაცილებით გაზრდის შედეგს გორში და არამარტო იქ.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბატონო დავით. მაინტერესებს, იგეგმება თუ არა აჭარის რეგიონში ძიუდოს განვითარებისთვის რაიმე შედეგების მომტანი ნაბიჯების გადადგმა, დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მწვრთნელების ხელფასების გადახედვა?
- ჩვენ ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს აჭარაში, რომლებიც ძიუდოს კერას ინახავენ. მათ გადავეცით 1 კომპლექტი ტატამი, დავეხმარეთ, რომ შეენარჩუნებინათ დარბაზში, რადგან გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. ახლა ვაპირებთ ადგილის შესყიდვას და მათთვის საკუთარი კერის შექმნას.

მკითხველი:
- ბატონო დავით, რატომ არ არის საჯარო ნაკრების წევრებისა და მწვრთნელების ხელფასები? შეგახსენებთ, რომ ხელფასს ვუხდით ჩვენ, გადასახადის გადამხდელები და სრული უფლება გვაქვს, ვფლობდეთ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას. იმედი მაქვს, კონკრეტულ პასუხს გამცემთ! დიდი მადლობა წინასწარ.
- ხელფასები საჯაროა. ნაკრების წევრების ხელფასები არის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა. შესაბამისად, იმ ბიუჯეტიდან, რომელიც ეძლევა სამინისტროს, ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და გამოითხოვოს ეს ინფორმაცია.

მკითხველი:
- ერთადერთი არგუმენტი, რაც ამ დროის მანძილზე თქვენ წინააღმდეგ გავიგე, არის ის, რომ პლეხანოვის დარბაზი არის თქვენი და გსურდათ მიგექირავებინათ ფედერაციისთვის. გთხოვთ, გვითხარით, ნამდვილად თქვენია თუ არა ის დარბაზი, სადაც ძიუდოისტებს სთავაზობდით გადასვლას და თუ არ არის თქვენი, მაშინ ვისია?
- ასე რომც იყოს, სპორტსმენის მოსაკითხი არაა, ფედერაცია მას პირობებს რა გზით შეუქმნის. როდესაც 4 დღეზეა საუბარი, ცივა და ალტერნატივას გთავაზობენ - არსებობს გაცილებით უკეთესი დარბაზი, მიდი და ივარჯიშეო, მაგრამ შენ არ მიდიხარ და სანაცვლოდ აბსურდული არგუმენტები მოგყავს, ეს დაუშვებელია. შენ გაქვს პირობები და მე როგორ შევქმნი მას, ეს უკვე ჩემი საქმეა.

სრული აბსურდია ის, თითქოს დარბაზი ჩემია. ის გურამ მოდებაძისაა, რომელიც ჩემი მწვრთნელია, ისევე, როგორც ვალერი ლიპარტელიანის, ავთო ჭრიკიშვილის, ჯარჯი ზვიადაურის, ლაშა გუჯეჯიანის... იქ გაიზარდა ბევრი თაობა. ახლაც, როცა ახალგაზრდები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ, 3 კვირის განმავლობაში ამ დარბაზში ვარჯიშობდნენ, რადგან მეტი სპარინგ-პარტნიორი ჰყავდათ.

ამ დარბაზში არცერთი თეთრი არ გადაგვირიცხავს. ეს კაცი სულ მზადაა, ძიუდოს გვერდში უანგაროდ დაუდგეს.

მკითხველი:
- რაიონების დაახლოებით 80%-ში ძიუდო, უხეშად ვიტყვი, მკვდარია, რაც არაკვალიფიციური კადრების ნაკლებობის ბრალია. რაიონთა უმეტეს ნაწილში ძიუდო კლასიკური ჭიდაობისგან ვერ გაურჩევიათ, ბევრი მწვრთნელი ახლაც ფეხში შესვლის ილეთებს ასწავლის. ხომ არ იგეგმება კვალიფიციური მწვრთნელების რაიონებში განაწილება, ან მოქმედ მწვრთნელთათვის გამოცდის ჩაბარების ვალდებულების დაკისრება ?

- იმ პროექტებში, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, ერთ-ერთი თვალშისაცემი სწორედ სერტიფიცირების და მწვრთნელთა დონის ამაღლებაა. აგერ, უკვე ძიუდოს აკადემია არსებობს, რომელშიც სწავლება მიმდინარეობს. აქ არის საფუძვლიანი შესწავლა როგორც თეორიული, ისევე პრაქტიკული მხარის.

საქართველოს მაშტაბით უკვე 24-მა მწვრთნელმა გაიარა ეს კურსები და უახლოეს პერიოდში ისინი სერტიფიკატებს მიიღებენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათ მიიღეს ძალიან დიდი ცოდნა, ისწავლეს ძიუდოს ანბანი და ყველა ის დეტალი, რომელიც აქამდე პრობლემატური იყო. ეს 24 მწვრთნელი აგვისტოში მეორე კურსზე დაიწყებს სწავლას.

23 თებერვლიდან ახალი ნაკადი შეუდგება სწავლას ონლაინ-რეჟიმში, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ იმ დონეზე ვამაღლებთ ძიუდოს ცოდნას, რომ უახლოეს პერიოდში საერთოდ აღარ გვექნება ამის პრობლემა.

კანადიდან მოწვეულ სპეციალისტთან ერთად შევქმენი სასწავლო პროგრამა, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუკეთებთ პრეზენტაციას და ის მეტწილად პრაქტიკული იქნება. მისი 2 წლის განმავლობაში გავლა ყველა მწვრთნელისთვის სავალდებულო გახდება.

- ოლიმპიადისთვის ერთ კატეგორიაში დაგვრჩა ლიცენზია მოსაპოვებელი. შევძლებთ?
- ქართველ ძიუდოისტს ყველაფერი შეუძლია. გასულ ოლიმპიადას გავიხსენებ, სადაც არავინ ელოდა, ლაშა შავდათუაშვილი მედალს თუ აიღებდა, თანაც ოქროს. ახალგაზრდა ბიჭი იყო, მონდომებული, მაგრამ ლიცენზია ბოლო პერიოდში აიღო და შემდეგ გაჩემპიონდა კიდეც. ასე რომ, ქართველ ძიუდოისტს იმხელა პოტენციალი და იმხელა სულისკვეთება აქვს, თუ მან ყველაფერი სწორად გააკეთა, 100 კგ-ში ლიცენზია კი არა, ოქროს მედალიც შეიძლება გვქონდეს. მთავარია მონდომება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული