ამასთან, ქვილითაიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს. 23 წლის ფორვარდმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "შენ ხარ ფეხბურთელი, რომელსაც კარგი საგოლე ალღო აქვს და უშუალოდ საჯარიმოში ნებისმიერ დროს საკმაოდ სახიფათოა, თუმცა აქ უკვე თავი იჩინა საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალმა მაჩვენებელმა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, შენ თავად იქმნიდე მომენტს, თუ ეს მომენტი გოლად არ აქციე, არც შედეგი იქნება და ამის გულისთვის არც
მკითხველი:
- გიო, ნაკრებში სადებიუტო გოლს როდისთვის გვპირდები? :) წარმატებები სულ!
- რთულია დაპირება, მაგრამ უახლოეს მომავალში ნაკრების მაისურით გოლის გასატანად ყველაფერს გავაკეთებ.
მკითხველი:
- გიორგი, ევროპაში, კერძოდ, უნგრეთში სათამაშოდ ახალგაზრდა ასაკში წახვედი, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდე. შარშან კი, საუკეთესო ფორმაში მყოფი, საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდი და "დიორზე" ბევრად უკეთესი კლუბების ყურადღება მიიპყარი. როგორ ფიქრობ, ნაადრევი იყო თუ არა საქართველოდან შენი წასვლა და შემდეგში, რამდენად გამოგადგა ის ევროპული გამოცდილება, რომელიც უნგრეთში მიიღე?
- უნგრეთში პირველად 19 წლის ასაკში წავედი - მართლაც ახალგაზრდა და გამოუცდელი, მაგრამ ამ ნაბიჯს არ ვთვლი არასწორად და არც ვნანობ, რადგან იქ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ადრეულ ასაკში ვნახე სხვაობა ჩვენსა და ევროპულ დონეს შორის.
"დიორთან" 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ კლუბის პრეზიდენტი დააპატიმრეს, კლუბი გაკოტრდა და მესამე ლიგაში დაქვეითდა. ამიტომ "დიორი" უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა დავტოვეთ.
მკითხველი:
- გამარჯობა. მაინტერესებს, თქვენთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი: გოლების გატანა თუ გუნდის წარმატება?
- ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მაინც გუნდის წარმატებაა, რადგან გუნდი წარმატებული თუ ვერ იქნება, ჩემი გატანილი გოლები აზრს დაკარგავს.
თუმცა გოლებიც მნიშვნელოვანია - თავდამსხმელი გატანილი გოლის გარეშე წარმატებული ვერ ხდება.
მკითხველი:
- გიორგი, როგორ შეძელი უკვე ამ ასაკში მიგეღწია ვენის "რაპიდის" ძირითად თავდამსხმელობამდე და განვლილი გზის გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევ ახალგაზრდა ფეხბურთელებს? წარმატებებს გისურვებ.
- მართლაც ძალიან რთული, შრომატევადი გზა გავიარე აქამდე, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომო.
არ ვთვლი თავს იმდენად დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელად, რომ ვინმეს რამეს ვურჩიო... ჯერ თავად მაქვს სხვებისგან ბევრი რამ სასწავლი.
მკითხველი:
- გიორგი, გამარჯობა. საქართველოს პირველობიდან საკმაოდ იოლად შეეგუე საშუალოევროპული დონის ლიგას. რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და ავსტრიულ ჩემპიონატს შორის და რა სჭირდება ჩვენს ჩემპიონატს, რომ კონკურენცია გაუწიოს თუნდაც ავსტრიულ და სხვა საშუალო დონის გუნდებს?
- სხვაობა თვალშისაცემია, თუნდაც ინფრასტრუქტურა, მატჩისთვის მზადება, ჟურნალისტებისა და ტელევიზიების მზადება, გულშემატკივართა სიმრავლე და მათი ქომაგობის კულტურა... არ არსებობს ავსტრიაში იოლი მატჩი.
ამ 6 თვეში სწორედ ეს იყო, რაც თვალში მომხვდა. ასევე, აქ მეტი აგრესია და სისწრაფეა.
მკითხველი:
- ორი კითხვა მაქვს: 1) რატომ დატოვეთ ისეთ დროს თბილისის "დინამო", როდესაც ნამდვილად ძალიან სჭირდებოდით (ვიცი, ტრავმა გქონდათ მაგ დროს, მაგრამ მაინც... :) და 2) რაიმე კონკრეტული სამომავლო გეგმა ან მიზანი თუ გაქვთ?
- ამ კითხვას ბევრჯერ ვუპასუხე და გული მწყდება, რომ მაინც საეჭვო გამოდგა ჩემი გადაწყვეტილება. როდესაც ზაგრების "დინამოსთან" თამაშის წინ გამოკვლევა ჩავიტარე, დადგინდა, რომ ტრავმის სირთულიდან გამომდინარე 1 თვე ვერ შევძლებდი გუნდის დახმარებას, ანუ ევროასპარეზზე ვერ ვითამაშებდი.
კონკრეტული მიზანი "რაპიდის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაა.
მკითხველი:
- გიორგი, გამარჯობა. პირველ რიგში, წარმატებულ კარიერას გისურვებ, ბევრ გოლს და ჯანმრთელობას. გილოცავ "რიდთან" შესრულებულ დუბლს. მაგ "რიდს" ჯერ კიდევ 1997 წელს "მერანი 91"-მა "კუდით ქვა ასროლინა" ინტერტოტოზე. ასე რომ, მოკითხვა გადაეცი ავჭალიდან :) მაინტერესებს, რა მიზანი გაქვს დასახული საფეხბურთო კარიერაში, რას თვლი შენს მაქსიმუმად, რისი მიღწევის შემდეგ იტყვი, რომ შენი საფეხბურთო კარიერა შედგა სრულყოფილად?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან იყო დრო, როცა "რაპიდზეც" ვერ ვიოცნებებდი, მაგრამ ფაქტია, ამ გუნდში ვარ და ნელ-ნელა ძირითადში ადგილის დამკიდრებას ვცდილობ.
კარიერის ბოლოს უფრო გამიადვილდება თქმა, შედგა თუ არა ჩემი კარიერა. დღეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობ და მომავალი გვიჩვენებს, რა არის ამ შესაძლებლობების მაქსიმუმი )))
მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. პირველ რიგში, გილოცავ ახალ გუნდში წარმატებულ სტარტს. იმედი მაქვს, კიდევ უფრო მოუმატებ და ძირითადის შეუცვლელი წევრი გახდები. რაც შეეხება შეკითხვას: მოლდოვასთან თამაში სასტარტოში დაიწყე, თუმცა მეორე ტაიმში გამოგცვალეს და სიმართლე რომ ვთქვათ, მთლად მოლოდინი ვერ გაამართლე, თითქოს შებოჭილი იყავი. რა იყო ამის მიზეზი?
- მოლდოვის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებში ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყო და რა თქმა უნდა, ვინერვიულე. ალბათ, ნერვიულობა და თავდაუჯერებლობა იყო ჩემი შებოჭილობის მიზეზი.
მკითხველი:
- შენი პირველი უცხოური ვოიაჟი უნგრეთში, კერძოდ კი, "დიორში" იყო, სადაც უფრო სათასო შეხვედრებში გათამაშებდნენ, სადაც თავი ყოველთვის კარგად წარმოგიჩენია, თუმცა ჩემპიონატის თამაშებში მწვრთნელი მაინც არ გენდობოდა. შენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?
- კი, ასე იყო. თავიდან მხოლოდ თასზე მიწევდა ასპარეზობა, სადაც 4 თამაშში 10 გოლი გავიტანე.
საქართველოდან ჩასულს მწვრთნელი გუნდთან, გარემოსთან შეჩვევის საშუალებას სათასო მატჩებში მაძლევდა. სეზონის ბოლოსკენ ჩემპიონატშიც ვითამაშე სამჯერ, 1 გოლი გავიტანე, ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში კი ტრავმა მივიღე და 4 თვე გამიცდა, შემდეგ კი გუნდი დაიშალა და საქართველოში დავბრუნდი.
მკითხველი:
- რამ გადაგაწყვეტინა უნგრეთიდან კვლავ საქართველოში დაბრუნება? ახალგაზრდების უმეტესობა ოღონდ აქედან გაიქცეს და მზად არის, პირობითად, არასაფეხბურთო ქვეყნის პირველ ლიგაშიც კი ითამაშოს. შენ კი დაბრუნდი საქართველოში და კვლავ ხელახლა განვლე ის გზა, რაც ერთხელ უკვე გაიარე. ფაქტია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს გამართლებული ნაბიჯი გამოდგა, რადგან სწორედ "დინამოში" თამაშით დაინტერესდნენ შენით ავსტრიელები...
- გამომდინარე იქიდან, რომ გუნდი დაიშალა, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი, საქართველოსა და "დინამოში" დაბრუნება კი გია გეგუჩაძის ფაქტორმა გადამაწყვეტინა.
ეს ნაბიჯი გამართლებული გამოდგა და მსურს, მადლობა გადავუხადო "დინამოსა" და ბ-ნ გია გეგუჩაძეს ნდობისთვის.
მკითხველი:
- როგორი იყო პირველი ლიგის "სასკოდან" ეგრევე უცხოეთში გადასვლა? დამეთანხმები, ალბათ, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, მეტად სარისკო გადაწყვეტილება მიიღე. ვინ დაგეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში და მერეც, უკვე უნგრეთში ყოფნის დროს ადაპტაციაში?
- სარისკო იყო, მაგრამ მე ამ ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევ. გადაწყვეტილების მიღებაში ჩემი მენეჯერი გოგა გახოკიძე დამეხმარა, ადაპტაციის გავლაში კი - ძალიან მაგარი ადამიანი რატი ალექსიძე, რომელიც გუნდში დამხვდა და რომელსაც დღემდე ვემადლიერები. ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მას.
დამეხმარა ასევე ჩემი მენეჯერი ლაშა ოდილაძე - ამ ორი ადამიანის დამსახურება იყო, ადაპტაციაში რომ პრობლემა არ მქონია. ოდილაძესთან დღემდე ვთანამშრომლობ და ჩვენი ურთიერთობა იმაზე დიდია, ვიდრე ამას მენეჯერისა და ფეხბურთელის ურთიერთობა ჰქვია. ჩემი კარიერული წინსვლა მისი დიდი დამსახურებაა.
მკითხველი:
- "დინამოში" მოსვლიდან სულ მცირე ხანში გამოჩნდა, რომ შენში ნამდვილად იყო პოტენციალი. შენ ხარ ფეხბურთელი, რომელსაც კარგი საგოლე ალღო აქვს და უშუალოდ საჯარიმოში ნებისმიერ დროს საკმაოდ სახიფათოა, თუმცა აქ უკვე თავი იჩინა საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალმა მაჩვენებელმა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, შენ თავად იქმნიდე მომენტს, თუ ეს მომენტი გოლად არ აქციე, არც შედეგი იქნება და ამის გულისთვის არც არავინ შეგაქებს. თუ გაქვს შენს თავთან გარკვეული მოთხოვნა, რომ ეს კომპონენტი გამოასწორო?
- დიდი მადლობა ჯანსაღი კრიტიკისთვის. ვმუშაობ სუსტ მხარეებზე და ვცდილობ, დღითიდღე დავხვეწო.
მკითხველი:
- გაიხსენე იტალიაში, "სასუოლოს" კარში გატანილი გოლი, რომელმაც თამაშის ბედზე იქონია გავლენა და დარწმუნებული ვარ, "რაპიდის" ბევრ გულშემატკივარს ამ გოლის შემდეგ უფრო შეუყვარდი. რას ფიქრობდი იმ მომენტში და ვის ეტყოდი მადლობას ან ვის გაუზიარებდი იმ სიხარულს?
- უდიდესი სიხარული განვიცადე იმ გოლისას: ევროპალიგის მატჩი იყო, ბოლო წუთზე გავიტანე და ამ გოლის მეშვეობით ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნეთ.
ამ გოლის შემდეგ უდიდესი სითბო ვიგრძენი გულშემატკივრისგან, გოლის სიხარულს კი ყველა ჩემს გულშემატკივარს გავუზიარებ )))
მკითხველი:
- ბოლო თამაშში დუბლი შეასრულე. ამ ორი გოლიდან ერთი თერთმეტმეტრიანით გაიტანე, რომელიც, ჩემი აზრით, ცოტა უხერხულად შეასრულე. მაშინ, როცა ახალმისული ფეხბურთელი ურტყამს პენალტს, ეს მის ავტორიტეტზე მეტყველებს გუნდში. სხვა შემთხვევებში შენ მოგეცემა თერთმეტმეტრიანის რეალიზების საშუალება თუ ჰყავს გუნდს ე.წ. შტატიანი პენალტის დამრტყმელი, რომელიც ძირითადად ასრულებს ამ დარტყმებს?
- ვერ ვიტყოდი, რომ უხერხულად, რადგან დავინახე მეკარის მოძრაობა და თანაც, გოლი გავიდა.
თამაშამდე მწვრთნელი ყოველთვის ასახელებს პენალტის დამრტყმელს. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ პენალტის პირველი დამრტყმელი ყოველთვის მე ვიყავი.
მკითხველი:
- რასთან ასოცირდება შენთვის 13 ნომერი? ბევრისთვის ეს ციფრი არასასურველია და ერთადერთი ალესანდრო ნესტა მახსენდება, რომელიც ამ ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა...
- ციფრი 13 ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან ასოცირდება და ამიტომ არის ჩემთვის სასურველი. ალბათ, ნესტასთვისაც მნიშვნელოვან ადამიანთან ასოცირდება :)
მკითხველი:
- ვინ არის შენი კუმირი თავდამსხმელი როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ფეხბურთელებიდან და რომელ გუნდში ითამაშებდი დაუფიქრებლად, ამის შანსი რომ გქონდეს?
- ყოფილი ფორვარდებიდან - ბრაზილიელი რონალდო, მოქმედი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ზოგადად კი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რონალდინიოა.
მკითხველი:
- არსებობს ფეხბურთელთა ორი ტიპი: შრომისმოყვარე ან ნიჭიერი. შენი აზრით, რომელს მიეკუთვნები და რომელმა განაპირობა შენი წარმატება?
- ალბათ, ორივე კატეგორიას, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩემი წარმატება მაინც შრომისმოყვარეობამ განაპირობა.
მკითხველი:
- მოგესალმებით, გიორგი. რა როლი შეასრულა თბილისის "დინამოში" თამაშმა და გია გეგუჩაძემ თქვენს კარიერულ წინსვლაში?
- თბილისის "დინამოში" 1 სეზონში იმდენი რამ ვისწავლე, რაც მთელი ცხოვრება მეყოფა. სასარგებლო გაკვეთილები მივიღე როგორც მწვრთნელისგან, ისე იმ ვეტერანი ფეხბურთელებისგან, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში: ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი...
მკითხველი:
- იცნობთ თუ არა მაქსიმე ქვილითაიას? რა შეგიძლიათ თქვათ მის შესახებ და მისთვის თუ გაგიტანიათ გოლი?
- კი, ვიცნობ მაქსიმეს. ჩვენ ნათესავებიც კი ვართ. ძალიან მაგარი ადამიანია და წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში. მისთვის 2 გოლი მაქვს გატანილი.
მკითხველი:
- გიორგი, გამარჯობა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბევრ მაღალი კლასის თავდამსხმელს უთამაშია. მაინტერესებს, რომელია შენთვის გამორჩეული და რა სპორტულ თვისებებს აიღებდი მათგან? და რას ფიქრობ, რა კუთხით გაქვს მოსამატებელი და დასახვეწი, რათა ეროვნული ნაკრების ფორვარდად ვიხილოთ ისეთი გიორგი ქვილითაია, როგორსაც ველით და გვეიმედება? გისურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებებს...
- შოთა არველაძეს გამოვარჩევდი. გოლის ალღო და საჯარიმოში გახსნილობა - მის ამ ორ თვისებას ავიღებდი )))
მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. ვარ თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი. მიხარია და თვალს ვადევნებ შენს წარმატებებს ავსტრიაში. რომელ დასამახსოვრებელ თამაშს გამოარჩევდი თბილისის "დინამოსა" და ვენის "რაპიდში"?
- "ტორპედოსთან" გასვლაზე ჩატარებულ მატჩს გამოვარჩევდი, როცა შეცვლაზე შემოვედი და გავიტანე, "რაპიდში" კი ევროპის ლიგაზე გატანილი გოლი, ანუ "სასუოლოსთან" მატჩი.
მკითხველი:
-გამარჯობა, გიორგი. "რაპიდში" ძალიან კარგი ატმოსფეროა და კარგი მხარდაჭერა აქვს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდ სიხარულთან ერთად როგორი გრძნობა გქონდათ, როდესაც რამდენჯერმე გოლი გაიტანეთ ასეთი აუდიტორიის წინაშე და გახსოვდათ თუ არა ამ დროს ქართველი გულშემატკივარი? მიხარია, რომ ახალ გუნდში ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებთ კარგი თამაშით. ჩვენ საქართველოდან თვალყურს გადევნებთ და გგულშემატკივრობთ. წარმატებებს გისურვებთ და ბევრი გოლის გატანას!
- შესანიშნავი ატმოსფეროა, "რაპიდს" ძალიან მაგარი გულშემატკივარი ჰყავს. "შტურმთან" გატანილი გოლის დროს სტადიონზე 26 000 გულშემატკივარი იყო და საოცარი გრძნობაა, ამდენი ადამიანი შენს გვარს რომ სკანდირებს.