მომავალი თაობა: ვოვა თავაქარაშვილის მეორე ესპანური შანსი

AutoSharing Option
ამას წინათ, გორის საკალათბურთო სკოლის აღზრდილის, ახალგაზრდა და პერსპექტიული ნიკა დარბაიძის შესახებ ვწერდით. იგი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო და ახლახან დასრულებული სეზონის დასკვნითი ეტაპი ესპანეთში გაატარა.

გორიდან პირენეებზე - ინტერვიუ ნიკა დარბაიძესთან

კიდევ ერთი გორელი, ესპანეთში თამაშის შანსი რომ ეძლევა, 14 წლის ვოვა თავაქარაშვილია, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ "ბასკონიას" კემპზე გამოარჩიეს. ვოვა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების კაპიტანიცაა.

გორის სპორტული და მეტადრე, მაგალითად, საჭიდაო ტრადიციებიდან გამომდინარე, პერსპექტიული და ტიტულოვანი გორელი ფალავნის გამოჩენა არასოდეს გვიკვირს, მაგრამ აქაურთა ბოლოდროინდელი საკალათბურთო პერსპექტივა
სასიამოვნო მოულოდნელობა და აღსანიშნავი ფაქტია.

"კალათბურთზე ვარჯიში სამი წლის წინათ გორის სასპორტო სკოლის დარბაზში მწვრთნელ დათო რუსიშვილთან დავიწყე. სპორტული ოჯახის წარმომადგენელი ვარ და სპორტის გარდა, სხვა არჩევანის გაკეთება ალბათ გამიჭირდებოდა.

მამა და პაპა ფეხბურთელები იყვნენ, დედა და ბებია - ფრენბურთელები. მე კალათბურთის სიყვარულმა გადამძალა. სიმაღლეც ხელს მიწყობდა და ეს სახეობა ამიტომაც შევარჩიე. საქმეს თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით შევუდექი და პირველი შედეგებიც მალე მოვიდა.

მწვრთნელებმა თემურ კანკიამ და ჯაბა ბაქრაძემ 14-წლამდელთა საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს, მერე კი ჩვენი ქვეყნის 15- წლამდელთა ნაკრების თავკაცებმა ნოდარ ქორქიამ და ირაკლი მაისურაძემაც მიხმეს თავისთან", - გვიყვება ვოვა თავაქარაშვილი.

ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად ვოვამ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზეც იასპარეზა. ქართველებმა, მართალია, ჩემპიონობის მოპოვება ვერ შეძლეს, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება კი შეიძინეს. 14-წლამდელთა ნაკრებმა 11 მატჩი მოიგო, 4-ჯერ დამარცხდა. 15-წლამდელებმა კი 8-ჯერ იმარჯვეს და 7 მარცხი იწვნიეს. ვოვა სამჯერ ტურის MVP-დ დასახელდა, რაც ცალსახად სერიოზულ მიღწევად მიიჩნევა.

"ევროპის ლიგის ეტაპები ბალტიისპირეთში ჩატარდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოგეხსენებათ, დიდი საკალათბურთო ტრადიცია აქვთ, ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა და ამიტომაც საშეჯიბროდ საკმაოდ კარგი გარემო იყო.

საქართველოს ორივე ასაკობრივ ნაკრებთან ერთად ნორმალურად ვითამაშეთ, თანაგუნდელებს არ გვაკლდა შემართება და ის მოტივაცია, რაც საკუთარი ქვეყნის წარმოსაჩენად უნდა გააჩნდეს სპორტსმენს. მართალია, ამჯერად მედლებს ვერ შევწვდით, მაგრამ სამომავლოდ ფასეული გამოცდილება მივიღეთ" - ამბობს ვოვა.

თავაქარაშვილმა შარშან და წლეულს ესპანური "ბასკონიას" მიერ თბილისში ორგანიზებულ კემპში მიიღო მონაწილეობა. ასზე მეტი კალათბურთელიდან სწორედ ის გამოარჩიეს. მომდევნო კემპი საქართველოდან შერჩეული სპორტსმენებისთვის ესპანეთშიც იმართება. თავაქარაშვილმა იქ შარშანაც სცადა ბედი. შანსი, რომ ესპანეთში თავი მოაწონოს კლუბის თავკაცებს და იქვე ასაკობრივ გუნდში გააგრძელოს კარიერა, ახლაც აქვს და ფიქრობს, რომ შარშანდელზე უკეთ გამოიყენებს მას.

"ევროპაში ყველაზე უკეთესი ლიგა ესპანეთსა და იტალიაშია. მეც ვოცნებობ, ამ ქვეყნების გუნდებიდან რომელიმეში მოვხვდე და იქაურ ჩემპიონატებში შევუდგე ასპარეზობას. ცდას და მონდომებას არ დავაკლებ საიმისოდ, რომ წარმატებული კარიერა ავაწყო" - გვითხრა პერსპექტიულმა ახალგაზრდამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული