20-წლამდელთა ჩემპიონატი: "ჰიუნდაიმ" და "ქუთაისმა" გამარჯვებები ბრძოლაში მოიპოვეს

AutoSharing Option
1 ნოემბერს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩს რეგიონებმა უმასპინძლეს. რუსთავსა და ქუთაისში საინტერესო თამაშები გაიმართა.

ქუთაისში მასპინძლებმა "აკადემიას" 100:92 მოუგეს, ხოლო რუსთავში "ჰიუნდაიმ" დაძაბულ ბრძოლაში - 70:63 იმარჯვა.

რუსთავი-ჰიუნდაი 63:70

საბოლოოდ 7-ქულიანი სხვაობით კი წააგეს, თუმცა რუსთაველებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

"ჰიუნდაი" მთელი შეხვედრის მანძილზე დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსთაველებმა სწორედ იმას მიაღწიეს, რასაც დიდ ხანს ელოდნენ. მასპინძლებმა დაიჭირეს მომენტი, როცა სწრაფი შეტევებითა და ზუსტი შორი სროლებით ჩამორჩნა მინიმუმამდე შეამცირეს.

გიორგი დვალის, გიგა გოგობერიშვილისა და გიორგი ტურძელაძის სიზუსტის წყალობით რუსთაველებმა
ჩამორჩენა, რომელიც მეორე მეოთხედში თითქმის 20-ამდე ავიდა, 1 ქულამდე შეამცირეს.

შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ყველაფერი ახლიდან დაიწყო. "ჰიუნდაის" ის ლიდერობა გამოეცალა ხელიდან, რომელსაც მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა.

გადამწყვეტ წუთებში სტუმრებმა მაინც თავისი გაიტანეს. სანდრო სანაძემ, რომელიც მანამდეც და გადამწყვეტ წუთებშიც მაღალი შედეგიანობით გამოირჩოდა, "ჰიუნდაისთვის" მეტად საჭირო ბურთები ჩააგდო. სანაძეს მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს და მასპინძლები წასაგებად გაიწირნენ.

გამარჯვებულ "ჰიუნდაის" 27 ქულით სანაძემ ულიდერა, ლუკა ბულიავას ანგარიშზე კი 15 დაგროვდა. რუსთაველთაგან 19 ქულით 16 წლის გიორგი ტურძელაძე გამოირჩა.

ირაკლი ჯაფარიძე ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
"მიუხედავად მარცხისა, ჩვენი გუნდის თამაშით უკმაყოფილოები არ ვართ.

"ჰიუნდაი" ძლიერი გუნდია და ჩვენზე გაცილებით გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. "რუსთავს" მხოლოდ 3 კალათბურთელი ჰყავს ამ, 20-წლამდელთა ჩემპიონატის ასაკის, დანარჩნები 2-3 წლით პატარები არიან და კმაყოფილების გრძნობაც ამიტომ გვაქვს, გაცილებით გამოცდილ გუნდს რომ ღირსეულად ვეთამაშეთ.

ბოლო პერიოდში ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამცირეთ, თუმცა "ჰიუნდაიმ" სრული მობილიზება მოახდინა და ასაკში სხვაობაც აქ გამოჩნდა. ჩვენებს ძალა აღარ ეყოთ და გადამწყვეტ წუთებში მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს".

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ("ჰიუნდაის"მთავარი მწვრთნელი):
"შეიძლებოდა უფრო დამაჯერებლად მოგებაც, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა. "რუსთავი" ძალიან მებრძოლი გუნდია და საკუთარ მოედანზე იოლად არაფერს თმობს.

ჩვენ გვაკლდა 2 წამყვანი მოთამაშე ლუკა ზაქრაძისა და კახა ტომარაძის სახით, რომელთა გამოჯანმრთელების შემდეგ შედეგებს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ. "ჰიუნდაის" მიზანი ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლაა".


ქუთაისი-აკადემია 100:92
რაც შეეხება ''ქუთაისისა" და '' აკადემიის" შეხვედრას, ქუთაისელებს ორმაგი დუბლით ერთბაშად ორმა კალათბურთელმა ულიდერა - უჩა გამრეკლიძემ 23 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, გიორგი ცირეკიძემ - 23 ქულა და 17 მოხსნა.

ლევან გრძელიძემ კი ქუთაისის გუნდს 22 ქულა და 9 ჩაჭრა შესძინა.

''აკადემიის" მხრიდან 40 ქულა დააგროვა ბექა დარახველიძემ, რომელმაც 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ნიკა ამირხანაშვილის ანგარიშზე 25 ქულა დაგროვდა.

კობა კირთაძე (''ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი):
"პირველ რიგში აღვნიშნავ რომ წინ ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გველის, გუნდები კარგად არიან დაკომპლექტებულნი და თამაშები ძალიან საინტერესოდ ჩაივლის. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ჩემპიონატი 4 წრედ ტარდება. ეს ბევრად მეტი თამაშის საშუალებას გვაძლევს და დიდად წაადგებათ ბიჭებს.

გამოვარჩევდი შსს აკადემიისა და ოლიმპის გუნდებს. ისინი საკმაოდ ძლიერად გამოიყურებიან.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ვიტყოდი რომ ჩვენ გაცილებით გამოცდილი მოთამაშეები გვყავს - გიორგი ცირეკიძე, ლევან გრძელიძე და უჩა გამრეკლიძე, რომლებსაც სუპერლიგაში აქვთ ნათამაშები. აკადემიას კი ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და არც ტანმაღალი კალათბურთელებით გამოირჩევა.

აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი უპირატესობა გვქონდა და ვფიქრობ, ამ შეხვედრაში უფრო დიდი სხვაობითაც უნდა მოგვეგო, თუმცა მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია"
.

გელა წულაძე (''აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
"კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით და ბიჭების თამაშით. ქუთაისს ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდი ჰყავს და შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშით დავმარცხებულიყავით.

ჩვენს ფარზე მეტოქეს 31 მოხსნა აქვს და ამ მაჩვენებლითაც კარგად ჩანს სიმაღლის მხრივ მისი უპირატესობა.

მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გვაკლდა ერთ-ერთ წამყვანი მოთამაშე საბა ჯაყელი, რომელმაც წელის ტრავმა მიიღო და გუნდს 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება"
.

წყარო: u-20.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული