კარგი ბიჭია ზაური... ზაურ ფაშაევი, რომელმაც ჯოტია ცაავას რეკორდი გაიმეორა, ზუსტად 22 მეტრიდან ბურთი მეტოქის კალათისკენ ისროლა და მიზანში მოარტყა.
აი, როგორ:
ჯოტიასთან შედარებით, ფაშაევს დიდი უპირატესობა ჰქონდა: მისი სიზუსტე ტელეკამერებმა დააფიქსირა.
"ბათუმი" დანებებას არ აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში ტრავმირებულებიც არიან და სათადარიგოთა სკამიც მოკლეა, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 66:66. თუმცა სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ გაიქცა "ქუთაისი" (8:0) და მატჩიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მასპინძლებს კარგად მოეხსენებოდათ, რომ მეოთხედფინალურ სერიაში (3 მოგებამდეა) ზედიზედ ორი მატჩის წაგება ნახევარფინალთან ნაადრევად გამომშვიდობებას ნიშნავს და მაქსიმალური მობილიზებით შეხვდნენ გუშინდელ შეხვედრას. ეს სტატისტიკამაც ნათლად დაგვანახვა: ქუთაისელებმა მხოლოდ 9 შეცდომა დაუშვეს, ორქულიანები 46.5-პროცენტიანი სიზუსტით (43/20), ხოლო სამიანები 36-პროცენტიანით სტყორცნეს (25/9), ერთ მატჩში 28 შედეგიანი გადაცემა კი მიმდინარე სეზონის მესამე მაჩვენებელია.
სხვათა შორის, სროლის სიზუსტეში "ქუთაისს" დიდად არც "ბათუმი" ჩამორჩენია - არც ზღვისპირელებს აკლდათ კონცენტრაცია.
როცა გუნდი 28 პასს აგროვებს, ჩანს, რომ გუნდურად ითამაშა. ამიტომ რომელიმე კალათბურთელის გამორჩევა რთულია. თუმცა დუბლის ავტორ დავით ბარბაქაძეზე მაინც ცალკე უნდა ვთქვათ. მან ძმის, გიგის არყოფნაში მისი წილი ქულებიც მიიწერა და 20-მდე ავიდა, რასაც 11 მოხსნა მიამატა.
"ბათუმში" 33 ქულით ბომბარდირი ბი ჯეი იანგი გახდა, ხოლო 21 მოხსნა კრის ფელჩერმა გაიფორმა.
სუპერლიგა 2014-15. 1/4-ფინალი
6 მაისი. ქუთაისი, სპორტის სასახლე
ქუთაისი-ბათუმი 80:74
22:16, 25:21, 18:24, 15:13
"ქუთაისსა" და "ბათუმს" შორის მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი 8 მაისს ბათუმში, 18 საათზე დაიწყება. მანამდე, ასევე 8 მაისს თბილისში "მგზავრები-არმია" "დინამოს" დაუპირისპირდება (14:00 საათზე), "სოხუმი" - "შსს აკადემიას" (16:00), ხოლო "ოლიმპი" - "რუსთავს" (18:30).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"