სუპერლიგა 2014-15. 1/4-ფინალი: ბათუმური სენსაცია და ზაურის სამმაგი

AutoSharing Option
მეოთხედფინალები სენსაციებით დაიწყო: "სოხუმმა" "შსს აკადემიას" მოუგო, ხოლო "ბათუმმა" "ქუთაისთან" სტუმრად იმარჯვა. სერიის პირველ ტურში "ოლიმპმა" და "მგზავრები-არმიამ" თითქმის მოგებული მატჩები წააგეს, შესაბამისად, "რუსთავთან" და "დინამოსთან"...

...ჰოდა, როგორც დაიწყო, ასევე გაგრძელდა მეოთხედფინალები: ოთხმატჩიან სერიაში მეექვსეადგილოსანმა "ბათუმმა" მესამე პოზიციაზე გასული "ქუთაისი" ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჩამოაშორა, ხოლო "სოხუმმა" შსს-ს შაბათს ანგარიში გაუთანაბრა (2:2) და გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი დღეს გაიმართება. მართალია, "ოლიმპმა" და "მგზავრები-არმიამ" 0:3 წააგეს, მაგრამ ისინი ოდენ ბოლო წუთებზე გატყდნენ, დაახლოებით ისე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნი" "ბარსელონასთან".

8 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
სოხუმი-შსს აკადემია 77:103
21:16, 20:23, 18:38, 18:26
სოხუმი: ჩლაიძე (15ქ, 3პ), დ. დვალიშვილი (7ქ), შვანგირაძე (16ქ, 7მ), ბააკაშვილი (5ქ), გ. რევაზაშვილი (3ქ), ჯგერენაია (17ქ, 15მ, 5პ, 2დ), ფერიაშვილი (2ქ), პელე (12ქ, 7მ, 5პ).
შსს აკადემია: ბერიშვილი (5ქ), მეტრეველი (16ქ, 14მ), როგავა (11ქ), ჩიკვილაძე (5ქ), ცინცაძე (10ქ, 6მ, 6პ), შარაბიძე (22ქ, 5მ), წივწივაძე (17ქ, 6მ, 5პ), ლომოური (11ქ, 5მ), ბიბილური, ნადირაძე.

9 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
სოხუმი-შსს აკადემია 86:77
20:26, 25:12, 20:18, 21:21
სოხუმი: ჩიტაშვილი (3ქ), ჩლაიძე (18ქ), შვანგირაძე (20ქ, 10მ, 3პ), ბააკაშვილი (11ქ), გ. რევაზაშვილი (6ქ), ჯგერენაია (4ქ, 9მ, 5პ, 2დ), ფერიაშვილი (2ქ), პელე (22ქ, 8მ, 4პ), ბექაური.
შსს აკადემია: ბერიშვილი (3პ), მეტრეველი (6ქ, 5მ), როგავა (11ქ), ჩიკვილაძე, ცინცაძე (22ქ, 6მ), შარაბიძე (17ქ, 10მ), წივწივაძე (13ქ, 6მ, 3პ), ლომოური (8ქ).
სერია - 2:2

მაშინ, როცა სერიაში ანგარიში გათანაბრდა (2:2), "სოხუმის" მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ თქვა - მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი პლეი აუტისთვის მოსამზადებლად გამოგვადგებაო. ეს შეიძლება მეტოქის მოსადუნებელი ერთგვარი ხერხი ყოფილიყო, მაგრამ მწვრთნელი არც რეალობასთან არის შორს: შემადგენლობები ისეა გადანაწილებული, ფავორიტი "შსს აკადემიაა". მაშ, რატომაა სერიაში ანგარიში 2:2? - იკითხავთ.

მიზეზის პოვნა შსს-ს მწვრთნელის, კოტე ტუღუშის მატჩისშემდგომ სიტყვებში შეიძლება:

- ჩემს კალათბურთელებს თამაშის დაწყებამდეც, გახურების დროსაც და შესვენებაზეც ვაფრთხილებდი, რომ იმ მომზადებისა და მიდგომისთვის, რომლითაც გავიდნენ მოედანზე, დავისჯებოდით. სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი. "სოხუმს" სერიაში დიდი სხვაობით ორჯერ მოვუგეთ, ორივეჯერ აღვნიშნე, რომ არაფერი იყო დამთავრებული. "სოხუმისგან" ბოლომდე ბრძოლას ველოდით. გამართლებაც არის, მაგრამ საკმაოდ კარგი პროცენტით ესროლეს 3-ქულიანები, ჩვენ კი ვერაფერი დავუპირისპირეთ ვერც გარედან და ვერც შიგნიდან.

ბატონი ვაჟა ხშირად აღნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებია, თუმცა სერიის მეოთხე მატჩის მიხედვით, არც ერთი მოთამაშე არ იყო ნაკრების წევრობის ღირსი.

პირველი მიზეზი, რატომაც "სოხუმმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა, განწყობა იყო - გუნდი ყოველ მონაკვეთზე მედგრად იბრძოდა, საკუთარი ფარიდან მეტოქეს ბურთი, ფაქტობრივად, არ მოახსნევინა.

მეორე მიზეზი თავისუფლებაა: სოხუმელები მეტოქესთან შედარებით ნაკლები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან, მათ ნახევარფინალში არგასვლისთვის არავინ უსაყვედურებს. ამასთან, "სოხუმი" ის გუნდია, ნებისმიერ კალათბურთელს ნებისმიერი პოზიციიდან რომ შეუძლია ტყორცნა, არც მწვრთნელი გამოცვლის - არასწორი სროლა იყოო და არც თანაგუნდელი დაებღვირება. სწორედ ასეთი მიდგომაა მიზეზი იმისა, რომ ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა 35-დან 15 სამქულიანი ჩააგდეს (რეალიზების 42.9 პროცენტი).

ზემოთაც მოგახსენეთ, რომ სოხუმელთა მწვრთნელი მეხუთე მატჩში ფავორიტად "შსს აკადემიას" მიიჩნევს. სხვაგვარად ფიქრობს "სოხუმის" მეფარე გიორგი ჯგერენაია:

- ვერ დავეთანხმდები ჩვენს მწვრთნელს, რომ პლეი აუტისთვის ვემზადებით. ტრავმების, გადაღლის და კიდევ ბევრი პრობლემის მიუხედავად, მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და ბოლომდე ვიბრძვით. ასე იქნება ორშაბათსაც.

მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 16 საათზე დაიწყება.

8 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
მგზავრები-დინამო 72:83
14:17, 21:19, 19:15, 18:32
მგზავრები-არმია: ჯექსონი (5ქ, 5მ, 9პ), ს. ლეჟავა (3ქ), ჩაჩიბაია (14ქ), ბოქოლიშვილი (13ქ, 6მ, 5პ), ათანელიშვილი (10ქ), მაკქინი (14ქ, 10მ, 3დ), ჯინჭარაძე (3ქ, 5მ), იოსელიანი (10ქ, 7მ).
დინამო: გამყრელიძე (11ქ, 11პ), ბ. ლეჟავა (13ქ, 4პ), ვახანია (2ქ), ლონდარიძე (24ქ, 2დ), დიდია (4ქ), მათიაშვილი (7ქ, 6მ, 2დ), ორმოცაძე, შერმანი (12ქ, 18მ), ბაბუნაშვილი (10ქ, 3პ, 3ჩ).
სერია მოიგო "დინამომ" - 3:0.

- წინა მატჩების მსგავსად, დღესაც შეგვეძლო მოგება, ბოლო წუთებამდე დაძაბული და კარგი თამაში მიდიოდა. ჩვენი მარცხი უკანასკნელ 5 წუთში დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა. თუმცა ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა, დარჩენილი გვაქვს პლეი აუტის შეხვედრები და შევეცდებით, უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ, - აღნიშნა "მგზავრები-არმიის" უკანახაზელმა მერაბ ბოქოლიშვილმა.

რა შეიძლება იყოს ბოლო წუთებზე შეცდომების რაოდენობის ზრდის მიზეზი? - რა თქმა უნდა, გამოცდილების ნაკლებობა. "დინამომ" სწორედ გამოცდილებით აჯობა "მგზავრებს", თორემ სერიის სამივე მატჩში დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა.

8 მაისი. თბილისი, არენა
ოლიმპი-რუსთავი 77:74
17:16, 24:21, 13:14, 12:23
ოლიმპი: კვანტალიანი (14ქ, 6მ), ლობჟანიძე (4ქ), აბულაძე (2ქ), კოკა ტომარაძე (8ქ, 4პ), ბაქრაძე (2ქ), კახა ტომარაძე, გოგოძე (9ქ, 3ჩ), დუიკოვიჩი (10ქ, 15მ, 5პ, 3დ), ცირეკიძე, ნოსკოვი (17ქ, 7მ).
რუსთავი: ჰამსი (2ქ, 5მ, 4ჩ), ცეკვავა (6ქ, 7მ, 7პ), ოგლესბი (8ქ, 3პ), აბაიშვილი (11ქ, 3პ), ჩაჩანიძე, ყველაშვილი (2ქ), ჭოჭუა (15ქ, 3პ, 3ჩ), ხმელიძე, ტუჯანი (2ქ), ა. დვალიშვილი (28ქ, 22მ).
სერია მოიგო "რუსთავმა" - 3:0

გამოცდილებასთან ერთად, იღბალი უნდა ვახსენოთ, როცა "რუსთავი"-"ოლიმპის" დაპირისპირებებზე ვლაპარაკობთ.

- პლეი ოფში მთავარი გამოცდილებაა და "რუსთავმაც" ამის ხარჯზე იმარჯვა. მეოთხედფინალური სერიის სამივე მატჩში გვქონდა მოგების შანსი, თუმცა გამოუცდელობის გამო საქმე გამარჯვებამდე ვერ მივიყვანეთ. პლეი ოფი დასრულდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. წინ საპასუხისმგებლო, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მატჩები გველის, - თქვა "ოლიმპის" მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა.

არც იღბალი გვიხსენებია შემთხვევით: სამივე შეხვედრა ერთმანეთს იმით ჰგავდა, რომ ბოლო წუთებზე იყო ეპიზოდები, ერთ ტყორცნას თამაშის ერთი ან მეორე გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტა რომ შეეძლო, თუმცა სამივე შემთხვევაში ყველაფერი რუსთაველთა სასარგებლოდ გადაწყდა. გადახედეთ ოქმს და ნახავთ, რომელმა კალათბურთელმა რა წვლილი შეიტანა ნახევარფინალში გასვლაში.

8 მაისი. ბათუმი, სასპორტო სკოლა
ბათუმი-ქუთაისი 76:73
18:16, 17:19, 17:18, 24:20
ბათუმი: იანგი (26ქ, 12მ), რამიშვილი (4ქ, 4პ), მიქელაძე (4პ), ელიაშვილი (3ქ), ლ. რევაზაშვილი (5ქ), კელოგი (26ქ, 5მ, 3ჩ), ფელჩერი (12ქ, 18მ, 4პ, 4დ).
ქუთაისი: ფაშაევი (16ქ, 8პ), გრძელიძე (6ქ), ქადარია (5ქ, 8მ), კვიმსაძე (4ქ, 5პ), დ. ბარბაქაძე (8ქ, 8მ, 3პ), ლომინაშვილი (2ქ), ნდოიე (15ქ, 8მ, 5დ), ბოისა (3ქ, 5მ), სარალია (14ქ, 3პ).

9 მაისი. ბათუმი, სასპორტო სკოლა
ბათუმი-ქუთაისი 86:84
23:19, 21:19, 20:21, 22:25
ბათუმი: იანგი (16ქ, 5მ, 3პ), რამიშვილი (8ქ), მიქელაძე (17ქ, 5მ, 7პ), ელიაშვილი, ლ. რევაზაშვილი (9ქ), კელოგი (14ქ, 5მ, 4პ), ფელჩერი (20ქ, 20მ, 3პ, 2დ), ელიაძე (2ქ).
ქუთაისი: ფაშაევი (22ქ, 10მ, 16პ, 4ჩ), გრძელიძე (5ქ), ქადარია (9ქ, 4დ), კვიმსაძე (5ქ, 3პ), დ. ბარბაქაძე (9ქ,11მ), ლომინაშვილი (5ქ), ბულიავა, ნდოიე (20ქ, 12მ), ბოისა (2ქ, 2დ), სარალია (7ქ).
სერია მოიგო "ბათუმმა" - 3:1

"ქუთაისმა" რეგულარული ეტაპი შთამბეჭდავად ჩაატარა: ბოლო ტურამდე ჰქონდა პირველი ადგილის დაკავების შანსი, თუმცა მე-14 ტურში შსს-ელი მიხეილ ბერიშვილის საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებულმა ორქულიანმა ქუთათურები მესამე ადგილამდე დააქვეითა. მეოთხედფინალში ისინი მეექვსე პოზიციაზე გასულ "ბათუმს" დაუპირისპირდნენ, გუნდს, რომელმაც რეგულარული "ოლიმპთან" 69:98 მარცხით დაასრულა.

"ქუთაისი"-"ბათუმის" წყვილში ფავორიტი იმერული გუნდი იყო, თუმცა სერიის პირველივე მატჩში დავით უსტიაშვილის გუნდმა სენსაცია შემოგვთავაზა - იმერეთის დედაქალაქში გაიმარჯვა. მეორე შეხვედრაში "ქუთაისმა" ანგარიში გაათანაბრა და გუნდები მომდევნო ორი მატჩის გასამართად ბათუმში გაემგზავრნენ.

ზღვისპირეთშიც პირველი მატჩი "ბათუმმა" მოიგო. ბევრის აზრით, სერიის მეოთხე დაპირისპირებას "ქუთაისი" თავის სასარგებლოდ დაასრულებდა და გადამწყვეტი შეხვედრისთვის იმერეთში გაემგზავრებოდა... თუმცა "ბევრის აზრი" არ გაითვალისწინა "ბათუმმა", რომელმაც თენიეშვილისა და ბოლქვაძის არყოფნაში მესამედაც დაამარცხა "ქუთაისი". დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთათურთათვის ფორვარდი გიგი ბარბაქაძის არყოფნა დიდი დანაკლისი აღმოჩნდა.

შაბათს, ბათუმურ შეხვედრაში იყო უკმაყოფილება მსაჯებისადმი, ემოციების ჭიდილი, ხმაური... "ქუთაისს" დასამშვიდებლად ნაკლებად გამოადგება, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს: სეზონში პირველი სამმაგი დუბლი აზერბაიჯანელმა გამთამაშებელმა ზაურ ფაშაევმა დააფიქსირა. მის ანგარიშზე 22 ქულა, 10 მოხსნა და 16 პასი ჩაიწერა. სხვათა შორის, 16 შედეგიანი გადაცემა მიმდინარე სეზონის რეკორდის გამეორებაა. სწორედ ამდენი ჰქონდა დინამოელ ლაშა გამყრელიძეს "შსს აკადემიასთან" მატჩში.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალში "დინამო" "რუსთავს" დაუპირისპირდება, ხოლო "ბათუმი" "შსს აკადემია"-"სოხუმის" წყვილში გამარჯვებულს ელის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული