იგი ამჟამად ამერიკაშია და ახალი კლუბისთვის ემზადება. ქართველმა ცენტრმა კონტრაქტი "მილუოკი ბაქსთან" გააფორმა და ახალ სეზონში "ხარირმების" ღირსებას დაიცავს.
გამოცემა "მილუოკი სენტინელმა" ახალწვეულის შესახებ ვრცელი პუბლიკაცია მოამზადა, თუმცა ვიდრე მის თარგმანს შემოგთავაზებდეთ, "ატლანტა კონსტიტუშენის" მოკლე სტატიას გაგაცნობთ.
"ჰოქსი" მადლობას უხდის სმიტსა და ფაჩულიას", - ასეთია სათაური.
"ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოქსიდან"
- ძალიან ვაფასებთ ზაზა ფაჩულიასა და ჯოშ სმიტის შრომას, რაც მათ თითქმის ერთი ათეული წლის განმავლობაში "ატლანტაში" გასწიეს.
მათ გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში თავისი წვლილი შეიტანეს და ისტორიაშიც შევიდნენ. ზაზას, სმიტსა და მათ ოჯახებს წარმატებებს ვუსურვებთ".
ახლა წავიკითხოთ რა დაწერა ჩარლზ გარდნერმა გაზეთ "მილუოკი სენტინელში".
"ზაზა ფაჩულიამ "მილუოკიში" რომ ითამაშა, მაშინ გუნდში ირიცხებოდნენ მაიკლ რიდი, ჯო სმიტი, დესმონდ მეისონი, მო უილიამსი, კიტ ვან ჰორნი და ტონი კუკოჩი.
2004-05 წლების სეზონი იყო. ზაზა 20 წლისა გახლდათ და NBA-ში მეორე წელს ატარებდა. მას მერე ქართველმა ცენტრმა 8 წელი "ატლანტა ჰოქსში" ითამაშა და ივლისის დასაწყისში "მილუოკისან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"დავბრუნდი იქ საიდანაც დავიწყე. აქ ჩემთვის ბევრი რამაა ნაცნობი. მოტივირებული ვარ. 2004-05 წლებში მილუოკიში 20 წლისა ვთამაშობდი, რის შემდეგაც დიდი გამოცდილება შევიძინე, ბევრი ვისწავლე სხვადასხვა მწვრთნელისგან. ფანები ახალ სეზონში განსხვავებულ ზაზას იხილავენ, - ამბობს ფაჩულია.
29 წლის, 212 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი საგრძნობლად გააძლიერებს "მილუოკის" ახალგაზრდა წინა ხაზს.
"ხარირმების" ფარქვეშ თამაშობენ ნიჭიერი ცენტრი ლარი სენდერსი და ფორვარდები ჯონ ჰენსონი და ეკპე უდო. წინახაზელებს ფორვარდი ერსან ილიასოვაც დაეხმარება.
- კარგია, როცა გუნდში სენდერსისა და ჰენსონის დონის კალათბურთელები თამაშობენ, - ამბობს ზაზა, - მათ წინააღმდეგ მითამაშია და კარგად ვიცნობ. ახლა მათ გვერდით თამაშისთვის მოვემზადები.
მე მათგან ვისწავლი, ისინი - ჩემგან. ყველა კალათბურთელს აქვს არაერთი დადებითი თვისება, რაც გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. როცა ახალწვეული ვიყავი, მეკითხებოდნენ - რით შეგიძლია გუნდის დახმარებაო? დღეს ასეთ კითხვებს აღარ მისვამენ, რადგან უკვე მიცნობენ.
ფაჩულიამ აქილევსის მყესის ოპერაცია გადაიტანა და ამჟამად რეაბილიტაციას გადის.
- კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ოპერაცია აპრილში გავიკეთე და რეაბილიტაცია ნორმალურად მიმდინარეობს.
უკვე ვვარჯიშობ. ახლა, მთავარია გეგმის მიყოლა და მშვიდად ვარჯიში. ოქტომბრისთვის, როცა "მილუოკი" ვარჯიშს შეუდგება, 100 პროცენტით მზად ვიქნები.
ტრავმამ ზაზას ევრობასკეტის გამოტოვება აიძულა:
- გულდასაწყვეტია, რომ სექტემბერში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დავეხმარები.
აქამდე ერთხელაც არ გამომიტოვებია სანაკრებო პერიპეტიები. განსხვავებულ სიტუაციაში ვარ. თუმცა, მრჩება მეტი დრო აღდგენისთვის.
ფაჩულიამ "ატლანტაში" 556 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 223-ში სასტარტო იყო. იგი ფანების ფავორიტ კალათბურთელად იქცა.
- ატლანტელთა ქომაგებს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან ახლოსა ვართ.
ქომაგთა სიყვარული მხოლოდ ერთ წელიწადში, ან პლეი ოფის ერთ თამაშში არ მოდის. ამას დრო უნდა.
სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრებში პატივისცემა მოვიპოვე. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" 40 ათასი მიმდევარი მყავს, რითაც ვამაყობ. თითოეულ ქომაგს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში.
2004-05 წლებში ფაჩულია ტონი კუკოჩის გვერდით თამაშობდა. მაშინ "მილუოკიმ" ტერი პორტერის მწვრთნელობით 82-დან 30 მატჩი მოიგო.
- ბედნიერებაა, რომ ტონი კუკოჩის გვერდით თამაშის შანსი მომეცა. იგი ყველანაირად მეხმარებოდა. ვისწავლე როგორ უნდა მოქცევა წაგებისა თუ მოგების შემთხვევაში.
ზაზა ფაჩულიამ დაამატა, რომ "ატლანტაში" კომფორტულად თავს მწვრთნელი, ლარი დრიუს ხელმძვანელობით გრძნობდა:
- მწვრთნელი კარგად მიცნობს, რადგან ფაქტობრივად მის ხელში გავიზარდე, როგორც NBA-ს პროფესიონალი. ლარი დრიუ ხომ წლების განმავლობაში "ატლანტას" მეორე მწვრთნელად მუშაობდა და ჩემი კარიერის ნებისმიერი მომენტი კარგად იცოდა (და იცის).
ეს სპეციალისტი ახლა "მილუოკის" გაწვრთნის და იმედი მაქვს ყველაფერი გეგმისამებრ აეწყობა და "ბაქსთან" ერთად პლეი ოფს მივაღწევ.
ქართველი კალათბურთელის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია მის ოჯახს: მეუღლე თინას, ხუთი წლის დავითს, 4 წლის საბასა და წლის მარიამს.
- ოჯახი ჩემი #1 გულშემატკივარია. მეუღლე და შვილები ენერგიას მმატებენ, ენერჯაიზერის ფუნქციას ასრულებენ, - დასძენს ზაზა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: "მილუოკის" ქომაგების გულის მოგება არ გამიჭირდება
ზაზა ფაჩულია: სამწუხაროა, რომ ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დავეხმარები