საქართველო VS იტალია - ტრენტოს ტურნირს "სკუადრა აძურათი" ვიწყებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები იტალიის ქალაქ ტრენტოში ოთხთა ტურნირში ჩაებმება.

მისი მეტოქეები იქნებიან იტალია, პოლონეთი და ისრაელი. პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მასპინძლებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

იტალიელი ჟურნალისტები ტურნირის წინათქმაში დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოს ნაკრებს.

ისინი ხომ კარგად იცნობენ ჩვენი გუნდის ლიდერებს, მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი შერმადინს, ვიქტორ სანიკიძეს, რიკი ჰიკმანს.

ოთხივე იტალიაში თამაშობდა. სადღეისოდ მხოლოდ ვიქტორი გამოდის იტალიურ გუნდში, სიენას "მონტეპასკიში".

ჰიკმანი 2011-12 წლების სეზონში "სკავოლინის" ღირსებას იცავდა (საშუალოდ 18 ქულა), საიდანაც ისრაელის "მაქაბიში" გადავიდა.

რაც შეეხება მარკოიშვილსა და
შერმადინს, მათთან ერთად "კანტუმ" ძველი დიდების დაბრუნება სცადა - 2011-12-ში ევროლიგაზე პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და პლეი ოფამდე ერთი მოგება დააკლდა. ქართველები გუნდის ლიდერები იყვნენ.

ცხადია, ეს არც იტალიელებს დავიწყებიათ და საქართველოსთან თამაშისთვისაც ემზადებიან.

"დეილიბასკეტის" ჟურნალისტმა მითხრა - ჩვენი გამოცემიდან ტრენტოში კორესპონდენტი მიდის და მანუჩარ მარკოიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა უნდა. თან დაამატა: საინტერესო ნაკრები გყავთ და ტურნირზე პირველ ადგილს იტალიას შეეცილებითო.

საქართველოს ნაკრებს ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია აკლიათ. იტალიელებს კი NBA-ს ორი წარმომადგენელი ეხმარებათ, მარკო ბელინელი (სან ანტონიო) და ანდრეა ბარნიანი (ნიუ იორკი).

წლეულს "აძურას" ტრავმის გამო გამოაკლდა ასევე ამერიკაში მოასპარეზე დანილო გალინარი (დენვერი), ხოლო პირადი მიზეზი დაასახელა და გუნდში არ გამოცხადდა სანიკიძის თანაგუნდელი სიენელი დანიელ ჰაკეტი.

დღევანდელი მატჩის შედეგსა და მით უმეტეს, სცენარზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, რადგან ესაა სეზონის პირველი შეხვედრა როგორც საქართველოს, ასევე იტალიის ნაკრებისთვის.

შეხვედრას ტელეკომპანია "რაისპორტ 1" პირდაპირ ეთერში გადასცემს და ვნახავთ, როგორ შეიცვლება საქართველოს ნაკრების წინა ხაზი ფაჩულიასა და შენგელიას არყოფნაში, რა დონის კალათბურთელია ლუკ ზელერი, როგორ ფორმაში ხვდება სანაკრებო შეხვედრებს რიკი ჰიკმანი და... დანარჩენს თამაში გვიჩვენებს.

* * *

ქართულ-იტალიური შეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, თავის მოსაწონებელს ბევრს ვერაფერს ვიპოვით, რადგან "აძურასთან" ჩატარებული ხუთივე შეხვედრა წაგებული გვაქვს.

მას პირველად 1998 წელს ევრო-1999-ის შესარჩევ ეტაპზე შევხვდით და მეტოქემ შანსი არ დაგვიტოვა. მაშინ გუნდში თამაშობდნენ პოცეკო, ბაზილე, ფუჩკა... მოკლედ, ვარსკვლავები, რომლებმაც 1999 წელს ევროპის ჩემპიონობა არავის დაუთმეს. ფინალში ესპანეთი დაამარცხეს.

2004 წელს სან ჯორჯოს საერთაშორისო ტურნირზე იტალიელებს ახალგაზრდა მარკოიშვილმა, ცინცაძემ და სანიკიძემ, ფაჩულიას, ვოვა ბოისასა და უილიამსის დახმარებით ფიცხელი ბრძოლა გაუჩაღეს. შეხვედრის ბედი მხოლოდ მეოთხე პერიოდში გადაწყდა.

ნამატჩევს მასპინძელთა დამრიგებელმა კარლო რეკალკატიმ ჩვენი გუნდის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და თამამად თქვა - ზაზა ფაჩულია სადღეისოდ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრიაო.

ქართველთა თამაშით მოხიბლულმა აპენინელებმა ჩვენი გუნდი ამხანაგური მატჩებისთვის მომდევნო წელსაც მიიწვიეს, მაგრამ ძირითადი ბირთვის დროულად შეკრება ვერ მოხერხდა და ორი მწარე გაკვეთილი მივიღეთ (ანგარიშებს ქვემოთ იხილავთ).

მას მერე დიდი დრო ისე გავიდა, რომ იტალიელებს აღარ დაუძახიათ, თუმცა 2011 წელს ევრობასკეტზე ქართველთა მოხვედრამ გუნდის რეიტინგი კვლავ ასწია და იტალიამ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა შარშანაც შემოგვთავაზა, მაგრამ იმ დროს სხვა შეჯიბრება დაემთხვა და ქართველთა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მეორე ვარიანტი აირჩია.

წლეულს კი, რვაწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები აძურას საკონტროლო მატჩებისთვის კვლავ ეწვია.

ვფიქრობთ, მეექვსე ურთიერთდაპირისპირებაში რევანშის შანსი გვაქვს. რამდენად რეალური? დღეს ვნახავთ.

ევრობასკეტი 1999
შესარჩევი ეტაპი
28.02.1998. სიენა (იტალია)
იტალია-საქართველო 90:43
47:21, 43:22
საქართველო: მაისურაძე (21წთ, 1ქ, 2ჩ), ხოშტარია (31წთ, 0ქ, 2მ, 1პ, 1ჩ), ბეჟანიშვილი (22წთ, 10ქ, 4მ, 2პ, 2ჩ), ვაშაკიძე (28წთ, 8ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), შენგელია (36წთ, 12ქ, 10მ, 1პ, 3ჩ), ჯაფარიძე (31წთ, 6ქ, 9მ, 1ჩ), ბოისა (31წთ, 6ქ, 4მ)

მატჩის სტატისტიკა
ორქულიანები - 9/42 (21.4%)
სამქულიანები - 3/12 (25.0%)
საჯარიმოები - 16/28 (57.1%)
მოხსნები - 32
შედეგიანი პასები - 5
ჩაჭრები - 10

27.02.1999. თბილისი
საქართველო-იტალია 64:105
31:54, 33:51
ბოისა: (26წთ, 17ქ, 2მ, 1ჩ), ჟღენტი (15წთ, 4ქ, 1პ, 1ჩ), გაგნიძე (13წთ, 4ქ), აბრამიძე (21წთ, 4ქ, 2მ, 2პ, 2ჩ), ბერძენიშვილი (19წთ, 7ქ, 2პ), ჯაფარიძე (21წთ, 9ქ, 2მ), ოთიურიძე (32წთ, 10ქ, 1ჩ), ქარაბაკი (22წთ, 2ქ, 2მ, 2პ), ჩხეიძე (31წთ, 7ქ, 2მ, 2პ, 2ჩ)

მატჩის სტატისტიკა
ორქულიანები - 21/34 (61.8%)
სამქულიანები - 4/15 (26.7%)
საჯარიმოები - 10/14 (71.4%)
მოხსნები - 10
შედეგიანი პასები - 9
ჩაჭრები - 8

ამხანაგური
23.07.2004. სან ჯორჯო, იტალია
იტალია-საქართველო 100:76
26:16, 25:22, 25:20, 24:18
საქართველო: უილიამსი (17ქ, 5პ), ცინცაძე (8ქ, 2პ), ვ. ბოისა (17ქ, 5მ, 2ჩ), ფაჩულია (21ქ, 7მ, 3ჩ), სანიკიძე (10ქ, 11მ), ტუღუში, კილაძე (3ქ), ა. ბოისა

ამხანაგური
06.08.2005. ბორმიო, იტალია
იტალია-საქართველო 112:48

ამხანაგური
12.08.2005. ბორმიო, იტალია
იტალია-საქართველო 80:51
20:10, 29:16, 14:9, 17:16
საქართველო: გამყრელიძე (10ქ, 2პ, 7მ, 1ჩ), ა. ბოისა (3ქ, 1მ, 1პ), ვ. ბოისა (3ქ, 4მ), ცინცაძე (14ქ, 3მ, 4ჩ), უგრეხელიძე (11ქ, 4მ, 1პ, 1ჩ), მდივანი (7ქ, 3მ, 2ჩ), ხეცურიანი (1მ, 1დ), საყვარელიძე (1ჩ), იმნაძე, კეიდია (3ქ, 1ჩ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს ჩვენებმა და მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდაო - ეგ რომელ შეხვედრაზე იყო ნათქვამი? 24 ქულით რომ წავაგეთ?
odala
11:50 07-08-2013
0
ვინმემ "სთრიმი" ხომ არ იცის, რომ დალინკოთ? ვერც ინტერნეტში ვიპოვე, რომ მუშაობდეს და კალათბურთის ფედერაციაშიც ვრეკავ მთელი დღეა, მაგრამ არავინ მცემს პასუხს...
Beso
17:42 07-08-2013
0

სიახლეები პოპულარული