ზაზა ფაჩულია: რიკი ჰიკმანი ევრობასკეტზე სათანადოდ დაგვეხმარება

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია ქართულ საკალათბურთო ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული.

მაშინაც კი, როცა "ატლანტასთან" ერთად NBA-ს პლეი ოფის შეხვედრებს ატარებდა, ბეჭდური მედიით თვალს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, შიდა ჩემპიონატს და ა.შ. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, კვირას, ღამით, საკალათბურთო საზოგადოების პოლარიზაციას რომ გამოეხმაურა და საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა - ამჟამად დაპირისპირების დრო არ არის, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე ღირსეულად გამოსვლაში ხელი შევუწყოთო.

ამას რომ ამბობს, პირველ რიგში, თვითონ ცდილობს ნაკრების გვერდში დადგომას. თქვა კიდეც - თითქმის ყოველდღიურად ვეკონტაქტები მზადების
პროცესში მყოფ საქართველოს ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებსო.

"ლელოში" სტუმრობისას ვკითხეთ, ევროპის ჩემპიონატზე გუნდის გასამხნევებლად ხომ არ აპირებდა ჩასვლას. მოგვიგო, ჯერ არ გადამიწყვეტიაო.

იგივე კითხვა ახლაც დავუსვით...

- ყოველდღიურად ნაკრებზე ვფიქრობ, ისევ გუნდის ნაწილი ვარ, უბრალოდ, ტრავმამ შემიშალა ხელი წლეულს ევრობასკეტზე თამაშში.

მიუხედავად იმისა, რომ მე და თორნიკე შენგელია ვერ ვეხმარებით, ნაკრების კალათბურთელები ქართულ ხასიათს ავლენენ, ბოლომდე იბრძვიან და საკონტროლო მატჩებში ძლიერი მეტოქეებიც დაამარცხეს - ისრაელი, ბოსნია და სერბეთი.

ევროპის ჩემპიონატზე საქომაგოდ ჩასვლა დაგეგმილი მქონდა, ახლაც ვაპირებ, მაგრამ ერთი დაბრკოლება წარმოიშვა: შესაძლოა, ოდნავ ზედმეტი დატვირთვის გამო ნაოპერაციები ფეხის რეაბილიტაცია ცოტა შეფერხდეს, აღდგენის საკითხში უკან დავიხიე.

ამ დღეებში ატლანტაში ჩემი ექიმი ჩამოვა, გავესინჯები და მას შემდეგ გადავწყვეტ, წავალ თუ არა სლოვენიაში.

- მოსამზადებელი ეტაპის ეკვატორი გადალახულია. როგორ ფიქრობ, რას უნდა ველოდეთ საქართველოს ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატზე?
- განწყობა პოზიტიურია, როგორც ვთქვი, ბიჭები იბრძვიან და მსიამოვნებს, როცა კარგი მესმის.

მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს აქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარმოაჩინოს თავი.

მთავარია, რომ შეკრება კარგად მიმდინარეობს და მოთამაშეები ნელ-ნელა უმატებენ.

დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატისთვის საბრძოლო ფორმაში იქნებიან. ასევე მნიშვნელოვანია, გუნდი გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა არ შეაფერხოს, სხვა ტრავმები არ დაემატოს, ორი მოთამაშის არყოფნაც კმარა.

მომწონს ამერიკელი ლეგიონერიც - რიკი ჰიკმანს ეტყობა, მაღალი დონის კალათბურთელია და ევროპის ჩემპიონატზე სათანადოდ დაგვეხმარება.

მილუოკი

მკითხველს მოეხსენება, რომ ზაზამ ივლისში კონტრაქტი გააფორმა "მილუოკი ბაქსთან", გუნდთან, რომელშიც 2004-05 წლების სეზონში გამოდიოდა.

მან ამერიკულ პრესაში აღნიშნა, რომ მილუოკელებთან კონტრაქტის გაფორმება არაერთმა ნიუანსმა განაპირობა. მათ შორის იყო მთავარი მწვრთნელი, ლარი დრიუ, რომელიც "ატლანტადან" "ბაქსში" გადავიდა.

ცხადია, გუნდის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შეთავაზებულ პირობებს...

- ახალი გუნდის შერჩევისას ფინანსურ მხარესაც ვაქცევდი ყურადღებას, კონტრაქტის ხანგრძლივობასაც. ამ მხრივ "მილუოკიმ" მისაღები პირობები შემომთავაზა.

დაერთო მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც - ლარი დრიუსთან მუშაობის სურვილიც მქონდა და ისიც ვიცოდი, რომ "ატლანტადან" გამთამაშებელი ჯეფ ტიგის გადმოყვანას აპირებდნენ.

ზოგადად, იმის თქმაც შეიძლება, რომ ჩემდამი ყველაზე მეტ ინტერესს "მილუოკის" ხელმძღვანელები ამჟღავნებდნენ და ყველაზე მეტად აქტიურობდნენ.

ყოველთვის ვამბობდი, მინდა იქ ვიყო, სადაც ვჭირდები-მეთქი. მიმაჩნია, რომ სადღეისოდ ასეთი ადგილი "მილუოკია" და გადაწყვეტილებას არ ვნანობ.

- ისიც აგიღნიშნავს, რომ საჩემპიონო გუნდში გსურს თამაში. როგორც ამერიკელი ჟურნალისტები წერდნენ, გქონდა "სან ანტონიოში" გადასვლის შანსიც.
- ახლა დეტალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. როგორც ვთქვი, ხელმოწერამდე უამრავი დეტალი გავაანალიზე და ყველაზე მისაღები ის იყო, სადაც ახლა ვარ.

იყო წინადადება "პორტლენდიდან", "კლივლენდიდან", "ატლანტასაც" სურდა ჩემი დატოვება, მაგრამ... სხვათა შორის, ატლანტაში დარჩენა მეც მსურდა, მაგრამ ჯორჯიელთა შორის ბევრი რამ შეიცვალა, ახალი გუნდის შენებას იწყებენ.

რაც შეეხება საჩემპიონო გუნდს, მიმაჩნია, რომ ასეთში თამაშის საშუალება კიდევაც მომეცემა...

- "მილუოკიც" შეგვიძლია ჩავთვალოთ საპლეიოფო გუნდად...
- შარშანდელის შემდეგ მწვრთნელიც შეიცვალა, შემადგენლობაც, თუმცა კიდევ უფრო გაძლიერდა და ნამდვილად კარგი გუნდია. პირველ ეტაპზე პლეი ოფში მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ, შემდეგ ვნახოთ.

- რადგან ბევრი რამ შეიცვალა, შესაძლოა, სასტარტო ცენტრადაც იქცე?
- წინასწარ ასეთ საკითხებზე მსჯელობა არ შეიძლება. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე.

შეკრება ოქტომბერში იწყება და ვეცდები, ამ დროისთვის ბოლომდე გამოვჯანმრთელდე, რათა გუნდთან ერთად თავინადვე აქტიურად ჩავერთო საწვრთნელ პროცესში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული