რიკი ჰიკმანი: ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლის პოტენციალი გვაქვს

AutoSharing Option
ტაირონ ელისი საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ 2006 წელს ჩამოვიდა და 2009 წლამდე გვეხმარებოდა.

მასთან ინტერვიუს ჩაწერისას ყოველთვის იგრძნობოდა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა, ხვდებოდა, თუნდაც დამტვრეული ინგლისურით მოლაპარაკე ქართველს რა აინტერესებდა და ამომწურავ პასუხს იძლეოდა.

რატომღაც რიკი ჰიკმანთან საუბრისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ელისს ველაპარაკებოდი - ტაირონივით მოკლედ, მაგრამ მპასუხობდა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დაუძახეს: ავტობუსი გადის, სასტუმროში გვაგვიანდებაო, მედიასთან მაინც პირნათლად მოიხადა ვალი.

ელისის შემდეგ საქართველოს ნაკრებში სამმა ამერიკელმა ითამაშა. ჰიკმანის ჯერი 2013 წელს დადგა. ჩვეულებრივი ამბავია, როცა კალათბურთელი ახალ
გუნდში მიდის, აკლიმატიზაციის საკითხი წინა პლანზე გადადის.

- საქართველოს ნაკრებში თავს კარგად ვგრძნობ. მეგობრული გუნდია და არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ზოგიერთ მოთამაშეს აქამდეც ვიცნობდი, ბევრი ახლა გავიცანი და სწორ ნაბიჯად ვთვლი საქართველოში ჩამოსვლას.

საინტერესოა, რას ფიქრობს ნატურალიზებული კალათბურთელი საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე. ჩვენს გუნდს ხომ ევროპაში დასამტკიცებელი აქვს, რომ 2011 წელს საუკეთესო 12 ნაკრებს შორის მოხვედრა შემთხვევითობა არ იყო.

- ქართველებთან ერთად აგვისტოს დასაწყისიდან ვვარჯიშობ, ჩავატარე რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა.

გუნდი სათანადოდ შევისწავლე და შემიძლია ვთქვა, რომ მზარდი ნაკრებია. ყველა მონდომებით ვარჯიშობს, საქმეს სერიოზულად ეკიდება და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ჩვენი პირველი ამოცანა ჯგუფიდან გასვლაა. რთული ი
ქნება, მაგრამ საამისო პოტენციალი გვაქვს.

ღია ვარჯიშისას ჰიკმანს დებიუტანტი ოთარ ფხაკაძის წინააღმდეგ უწევდა თამაში. ამერიკელს ახალგაზრდებზე საკუთარი აზრის გამოთქმაც ვთხოვეთ.

- მაღალი დონის გამოცდილი კალათბურთელებიც გვყავს და ნიჭიერი ახალგაზრდებიც. მომწონს ისინი. მნიშვნელოვანია, რომ საქმეს პროფესიონალურად უდგებიან და გუნდში კარგად არიან ჩართულნი.

თორნიკე შენგელიასა და ზაზა ფაჩულიას არყოფნაში ახალგაზრდები მეტად დაიტვირთებიან და მეც მხარში დავუდგები, რომ შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ. ისე კი, ზაზა და თორნიკეს არყოფნა დიდი დანაკლისია. ასეთი დონის კალათბურთელები ბევრ სახელოვან ნაკრებს გააძლიერებდნენ.


რიკი ჰიკმანმა გასულ სეზონში ისრაელის "მაქაბისთან" ერთად ევროლიგის მეოთხედფინალში ითამაშა. შეჯიბრებას მადრიდის "რეალთან" ბრძოლაში გამოეთიშა.

- საინტერესო გუნდი გვყავდა, ბევრი ფავორიტი დავამარცხეთ. მომავალ სეზონშიც "მაქაბიში" ვითამაშებ და ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ. გუნდის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს მთავარი მწვრთნელი (დევიდ ბლატი).

ქართველ მკითხველს შეხსენება არ დასჭირდება, რომ 2012-13 წლების სეზონის პირველ ნახევარში გიორგი შერმადინიც თელ-ავივის "მაქაბის" ღირსებას იცავდა, ხოლო იანვრიდან იგი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა. ჰიკმანთან ინტერვიუს ბოლო კითხვა შერმადინს ეხებოდა.

- გიორგი დადებითი პიროვნებაა და ძალიან კარგი ხელი აქვს. ევროპელ ცენტრებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. მის დარად ქულების მოგროვება ბევრ ცენტრს როდი შეუძლია.

სწორედ ამიტომ გიორგის გვერდით თამაში ჩემთვის სასიამოვნო იყო. მოხარული ვარ, რომ "მაქაბის" შემდეგ კვლავ მომიწია შერმადინის თანაგუნდელობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპას საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აუტსაიდერი ჰგონია
ასეთია ქართული ხასიათი: რეპორტაჟი ნაკრების ღია ვარჯიშიდან [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული