ევროპის ჩემპიონატის 24 მონაწილე გუნდი ბოლოდროინდელი შედეგებისა და შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების მიხედვით არის პოზიციებზე დახარისხებული.
საქართველოს ნაკრები ბოლო, 24-ე პოზიციაზეა. რატომ? ამის პასუხს ფიბა-ევროპის საიტიდან ვგებულობთ: "საქართველოს ნაკრები იმ გუნდთა კატეგორიას მიეკუთვნება, შინ გაცილებით უკეთესად რომ თამაშობს, ვიდრე სტუმრად. ეს ამხანაგური მატჩებისასაც იგრძნობა..."
ამ მოსაზრებას კომენტარი სჭირდება: ჩვენმა ნაკრებმა 2012 წელს ჯგუფის ორივე ფავორიტი, ლატვია და ბოსნია სტუმრად დაამარცხა. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ გასვლაზე თამაში არ იცის. თუმცა ერთი მხრივ კარგია, ფიბა-ევროპის ვებგვერდი
ვისაც ჩვენი ნაკრების თამაში უნახავს, კარგად იცის, რომ ჩვენს გუნდს ერთი-ორი ფავორიტის გარდა, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამხანაგური მატჩების მიხედვით, ამა თუ იმ გუნდის რეალურ შესაძლებლობებზე ზუსტი წარმოდგენის შექმნა ძნელია.
რეიტინგში ჩვენი ჯგუფის მეტოქე ესპანეთი მესამე პოზიციაზეა. პირველია საბერძნეთი. ალბათ დაგვეთანხმებით, ელინებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ ესპანელებზე უკეთესი ნამდვილად არა...
მეხუთე სლოვენიაა, რომელიც ევრობასკეტის მასპინძელიცაა და ჩვენი უშუალო მეტოქეც. კიდევ ერთი ჩვენი მოწინააღმდეგე ხორვატია ისევ მეათე ადგილზეა.
სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ ჯგუფიდან მესამეადგილოსნის სტატუსით გასვლას. თუმცა გორტატის დაბრუნების შემდეგ პოლონეთის ნაკრების აქციებმაც აიწია და ერთბაშად სამი საფეხურით დაწინაურდა - მე-14 პოზიციაზე აინაცვლა.
საქართველოს დარად, სათვალავში ჩეხეთსაც არავინ აგდებს. მას "რეიტინგ-ოსტატებმა" 22-ე ადგილი მიაკუთვნეს.
ფიბა-ევროპის მომდევნო რეიტინგი სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება და იმედი დავიტოვოთ, რომ ამჟამინდელთან შედარებით, საქართველოს ნაკრები არა ერთით, არამედ ათეული საფეხურით დაწინაურდება. რეიტინგი ხომ ევრობასკეტის შედეგების მიხედვით შედგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"