საქართველო-ისრაელი 74:73 - ელიათში ჩვენმა ათიანმა ათიანში მოარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
3:3! ისრაელს ანგარიში გავუთანაბრეთ - 26 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრამდე ქართველებსა და ებრაელებს შორის საკალათბურთო ანგარიში 2:3 იყო (ოფიციალური და ამხანაგური შეხვედრების ჯამში).

26 აგვისტოს კი სტუმრად, ელიათში ისრაელი 74:73 დავამარცხეთ და საერთო ანგარიში გავათანაბრეთ. გასწრებაც შეგვიძლია, თუმცა საამისოდ აუცილებელია, 27 აგვისტოს ისრაელის ქალაქ ჰაიფაში კიდევ ერთხელ დავამარცხოთ მასპინძლები...

იოთამ ჰალპერინის, ომრი კასპის, ლიორ ელიაჰუს დარი მოთამაშეებით გაძლიერებულ გუნდს სტუმრად რომ აჯობებ, საქმე სატრაბახოდ ნამდვილად გაქვს; ხოლო, თუ იმასაც დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრებს აკლდნენ ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი და თორნიკე შენგელია,
ისრაელში გამარჯვების ფასი ერთიორად მოიმატებს.

ზაზა და თოკო რომ არ გვყავს, ეს ივლისის შემდეგ მთელმა ევროპამ გაიგო. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, მას ფეხი გადაუბრუნდა და მწვრთნელებმა ისრაელთან ამხანაგურ მატჩში მისი მოედანზე გაყვანა ვერ გარისკეს.

მართალიცაა, საკონტროლო შეხვედრები ხომ იმიტომ ტარდება, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადოს და მანუს დასვენებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. მთავარია, იგი მწყობრში შეხვდეს 4 სექტემბრის მატჩს.

ამხანაგური, საკონტროლო... ასეთი თამაშების შედეგს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა ამის თქმა საქართველოს ნაკრებზე არ შეიძლება. როცა სამი წამყვანი კალათბურთელის არყოფნაში ბოლო წამებზე NBA-ს დრაფტზე აყვანილი მოთამაშეებით შევსებულ კოლექტივს ამარცხებ, ნებსით თუ უნებლიეთ, თვითრწმენა შეგემატება, შეიგრძნობ, რომ შეგიძლია ძლიერი გუნდების დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, ჩეხეთთან და ესპანეთთან საპაექროდ დაჯერებული გახვალ.

გასულ სეზონში გიორგი შერმადინი ("მაქაბი") და ვიქტორ სანიკიძე ("მონტეპასკი") ერთმანეთს რომ დაუპირისპირდნენ, გამარჯვებულის ბედი არაევროპელმა გადაწყვიტა: რიკი ჰიკმანმა ბოლო წამებზე ბურთი აიღო, აკაკუნა, თამაშისთვის განკუთვნილი დრო რომ იწურებოდა, მეტოქის ფარქვეშ შევიდა და "მაქაბის" 2 ქულის სხვაობით (70:68) გაამარჯვებინა.

თითქმის იგივე გაიმეორა ჩვენმა მეათე ნომერმა ჰიკმანმა ისრაელი-საქართველოს 26 აგვისტოს შეხვედრისას: ბოლო წუთზე ჯერ სანიკიძემ ჩააგდო სამქულიანი და ქართველებს 2-ქულიანი ფორა დაუბევა (72:70), შემდეგ კასპიმ ასევე სამიანით მასპინძლები მინიმალური სხვაობით დააწინაურა (73:72), ხოლო გადამწყვეტი ტყორცნა საკუთარ თავზე ჰიკმანმა აიღო, მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა და - 74:73 ქართველთა სასარგებლოდ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს წლეულს უკვე მეორე გამარჯვებაა ისრაელთან, თანაც ბოლო წამებზე. პირველად 79:77 იტალიის საერთაშორისო ტურნირზე მოვუგეთ. ამჯერად კი ისრაელში მოგებით ელიათის თასს დავეუფლეთ.

საყურადღებოა, რომ ჰიკმანს ბოლო ტყორცნამდე მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, თუმცა გადამწყვეტი შეტევით დაგვანახვა, რომ ევრობასკეტზე მისი იმედი უნდა გვქონდეს.

"მაქაბის" ყოფილმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი დაბლ-დაბლი მიითვალა. მან 7 ორქულიანიდან და 8 საჯარიმოდან მხოლოდ თითო ტყორცნა ვერ გამოიყენა.

ქართველთა ბომბარდირობა კი ვიქტორ სანიკიძემ იკისრა (20 ქულა), რომელსაც ბოლო წამებზე სამქულიანი რომ არ ჩაეგდო, არავინ იცის, შეხვედრა რა შედეგით დასრულდებოდა.

ვიქტორმა 6-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში განაცხადში მყოფი 12-დან 11-მა კალათბურთელმა ითამაშა.

მწვრთნელმა მხოლოდ ნიკა მეტრეველი არ შეიყვანა მოედანზე. როგორც წინა დღისით ვივარაუდეთ, განაცხადში არ იყო მეორე ამერიკელი ლუკ ზელერი.

ნამატჩევს
დავით უსტიაშვილი:
- დაძაბული მატჩი იყო. მასპინძლებს არ უნდოდათ წაგება და ბოლომდე გააფთრებით გვებრძოდნენ, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ბოლო წამებამდე სიმტკიცე გამოავლინეს და ძალიან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ...

გვქონდა ჩავარდნა მატჩის შუა ნაწილში, მაგრამ რაც ძალიან გასახარია, გუნდმა გადამწყვეტ მომენტში გამართულად ითამაშა. შეცდომები გამოვასწორეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გარჯაც დაგვიფასდა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო სათადარიგო მოთამაშეების გარჯა. დუდა სანაძე, ნიკა ცქიტიშვილი, ოთო ფხაკაძე... ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ და მინდა ვთქვა, რომ გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა... კარგად ითამაშა რიკი ჰიკმანმა, რომელმაც გამარჯვების ბურთი ჩააგდო. მისგან უფრო მეტს ველით და მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ჰიკმანისგან მეტი სარგებელი გვექნება.

შერმადინმა 19 ქულა და 12 ქულა მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარქვეშ მეტოქეები დაჯაბნა. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ფარქვეშ უპირატესობით მოვიგეთ. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა როგორც საჯარიმოში, ასევე პერიმეტრზე; ხოლო როცა ჩავარდნა გვქონდა, ყველა რგოლში სუსტად გამოვიყურებოდით.

ნაკრები თამაშს აუმჯობესებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს უფრო მობილიზებულად, სტაბილურად და თავდაჯერებულად ვითამაშეთ. გვაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ვუფრთხილდებით, ამას წინათ მიღებული ტრავმა რომ არ გაუმიზეზდეს. მას ამ ეტაპზე არ აწუხებს ფეხი, თუმცა არ ვრისკავთ. შესაძლოა, მანუჩარმა ზეგ, ისრაელთან მორიგ საკონტროლო მატჩში ითამაშოს.

26 აგვისტო. ელიათი, ისრაელი
ისრაელი-საქართველო 73:74
13:21, 22:16, 21:13, 17:24.

საქართველო წთ მ პ ფ შ დ ჩ ქ
6. ბოისა 1 0 0 0 0 0 0 0
8. ცინცაძე 34 1 5 1 6 0 0 11
9. შერმადინი 31 12 0 2 2 0 0 19
10. ჰიკმანი 31 4 4 2 1 0 1 6
12. ფაცაცია 26 2 2 3 0 0 3 0
13. სანიკიძე 33 7 0 2 1 2 1 20
15. მეტრეველი 0 0 0 0 0 0 0 0
20. სანაძე 14 2 1 2 0 0 0 8
22. ცქიტიშვილი 9 2 0 2 0 0 1 5
24. ბურჯანაძე 7 1 0 1 0 0 1 2
25. ლეჟავა 9 2 1 1 0 0 0 0
30. ფხაკაძე 6 0 0 2 1 0 0 3

ისრაელი: ლემონადე (3ქ), ნაიმი (5ქ), ელიაჰუ (16ქ), კასპი (18ქ), პნინი (5ქ), ოჰაიონი (4ქ), ჰალპერინი (12ქ), კუზიკარო (2ქ), გრინი (2ქ), კადირი (4ქ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული