ჟელკო ობრადოვიჩი საქართველოზე, იგორ კოკოშკოვსა და გიორგი შერმადინზე

AutoSharing Option
ფოტოზე: იგორ კოკოშკოვი და ჟელკო ობრადოვიჩი
ქალაქ ტრიესტეში იტალია-საქართველოს მატჩის დაწყებას ხუთიოდე წუთი უკლდა, პრეს-ლოჟის შესასვლელთან სამი შუახნის კაცი რომ გამოჩნდა. ისაუბრეს დაცვის წარმომადგენლებთან, მაგრამ კალათის უკან მათთვის ადგილი არ გამოინახა, ჟელკო ობრადოვიჩი პრესლოჟაში არ შეუშვეს.

სერბმა სპეციალისტმა დარბაზს ნახევარწრე დაარტყა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამთან ახლოს დაიკავა ადგილი. ასე ის გულშემატკივრები იქცევიან, რომლებსაც აინტერესებთ წუთშესვენებებზე რას ეუბნება მწვრთნელი კალათბურთელებს. ლოგიკურია, სერბ სპეციალისტ ჟელიმირ ობრადოვიჩს იგორ კოკოშკოვის მუშაობა აინტერესებდეს, ისინი ხომ ერთად მუშაობდნენ სერბეთის ნაკრებში.

იტალია-საქართველოს დაპირისპირების პირველი ტაიმი რომ
დასრულდა, მეც ნახევარწრეზე წავედი, "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელს ჩემს მაისურზე დაწერილ "ჯორჯიაზე" მივანიშნე და ვუთხარი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შესვენებისას რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ-მეთქი.

საკუთარი და სხვისი თამაშისას ობრადოვიჩი რადიკალურად განსხვავებული ორი პიროვნება ყოფილა - როცა სათადარიგოთა სკამთანაა და მისი გუნდი მოედანზეა, ერთთავად თამაშშია ჩართული, ყვირის, შუბლს არ გახსნის... საქართველოს მატჩისას კი, ტრიბუნაზე მჯდომს სახიდან ღიმილი არ მოშორებია.

თავის მეგობარს ჟესტიკულაციით მიანიშნა - გვერდზე გადაჯექი, "ჯორჯიას" ადგილი დაუთმეო.

როგორც მოგახსენეთ, იგი ამჟამად თურქულ "ფენერბაჰჩეს" წვრთნის და ახალი სეზონისთვის ემზადება. საინტერესო იყო, რა მიზნით ეწვია ტრიესტეს დარბაზს - იტალიის ნაკრების ხილვა სურდა, იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი საქართველოსი, თუ რომელიმე კალათბურთელს აკვირდებოდა.

პირველი შეკითხვა სწორედ მატჩზე დასწრების მიზეზს უკავშირდებოდა.

"ტრიესტეში პირადი მიზეზით ვარ. აქ მეგობრები მყავს, მათ სანახავად ჩამოვედი და კარგად დაემთხვა, რომ ამ ტურნირზე დასწრების საშუალება მომეცა. ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი დონის გუნდების თამაშის ხილვა.

არ ვიცი, როგორ დასრულდება შეხვედრა (იტალიამ 91:90 მოიგო - ავტ), მაგრამ პირველი ტაიმის მიხედვითაც ჩანს, რომ საქმე მაღალი დონის კალათბურთთან გვაქვს. ასეთ მატჩებს ტელევიზიითაც სიამოვნებით ვადევნებ თვალს".

აი, რა თქვა ობრადოვიჩმა იგორ კოკოშკოვზე:

"იგორი შესანიშნავი მწვრთნელია, ძალიან უყვარს კალათბურთი და სწრაფად პროგრესირებს. ასე რომ არ იყოს, NBA-ს გუნდებში ამდენ ხანს ვერ გაჩერდებოდა. ამერიკის გარდა მისთვის დიდი გამოცდილებაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა.

თქვენი ეროვნული გუნდიც წინ მიდის და წლიდან წლამდე უმატებს. რაც მთავარია, იგორ კოკოშკოვი დიდებული პიროვნებაა. მასთან მუშაობა ჩემთვისაც საინტერესო იყო და, დარწმუნებული ვარ, ქართველებისთვისაც ასე იქნება".

2008 წელს გიორგი შერმადინი თბილისის "მაქაბიდან" ათენის "პანათინაიკოსში" გადავიდა. ბერძნულ კლუბს მაშინ ჟელკო ობრადოვიჩი ავარჯიშებდა და სწორედ მის ხელში გამოჩნდა გიორგი პირველად ევროლიგაზე.

"გიორგი შერმადინი ჩემი კალათბურთელი იყო და ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატება. შესანიშნავი პიროვნება და მშრომელი მოთამაშეა.

იგი "პანათინაიკოსში" ძალიან ახალგაზრდა იყო და სათამაშო დრო სჭირდებოდა. ასაკის მატებასთან ერთად მას გამოცდილებაც მოემატა და მიხარია, რომ ასეთ დონეზე თამაშობს.

თუმცა მხოლოდ ახალგაზრდებს როდი სჭირდებათ წუთები, კალათბურთში სათამაშო პრაქტიკა ბევრს ნიშნავს და რაც მეტ დროს მიიღებ, მით მეტად მიდიხარ წინ".

"ლელოს" მკითხველს მოეხსენება, რომ ახალი სეზონიდან მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე თურქეთში ითამაშებენ. პირველმა კონტრაქტი გააფორმა "დარუშაფაკასთან", მეორემ - "ტედ კოლეჯთან". სწორედ მათი მეტოქე იქნება "ფენერბაჰჩე", რომელსაც ობრადოვიჩი წვრთნის.

"ფენერთან" ერთად მზადების საწყის ეტაპზე ვარ. ოფიციალურად წინასასეზონო საკითხებზე ვმუშაობ და ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვი, როგორი გუნდი გვეყოლება. ერთი ის ვიცი, რომ ყველა შეჯიბრებაში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ".

საუბრის დასრულების შემდეგ დიქტოფონი ფოტოაპარატით შევანაცვლე, საგაზეთოდ რესპონდენტისთვის სურათი უნდა გადამეღო. ობრადოვიჩს ეგონა, მასთან სამახსოვრო სურათი მინდოდა, ფოტოაპარატი გამომართვა, თავის მეგობარს მისცა და უთხრა - ლამაზი სურათი გადაგვიღეო.

ისევ სკამზე დავბრუნდი და დიდ მწვრთნელთან სამახსოვრო ფოტოც შემრჩა. საგაზეთოდ კი, საქართველოს ნაკრების პრესატაშის, ირაკლი პერტაიას ფოტო უნდა გამოვიყენოთ. მან ჟელკო ობრადოვიჩი და იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების გასახდელის წინ დააფიქსირა - "ფენერის" თავკაცი მატჩის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან მივიდა, კომპლიმენტი უძღვნა, ღირსეულად ითამაშეთო და ვიდრე დარბაზს დატოვებდა, რამდენიმე წუთით იგორ კოკოშკოვს ესაუბრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული