ტყორცნა, ველით 5 სექტემბერს - ექსკლუზიური რეპორტაჟი სლოვენიიდან [PHOTO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატამდე ორი დღეღა რჩება. საქართველოს ნაკრები სლოვენიის საკურორტო დაბა პოდჩეტრტეკში მზადების დასკვნით ეტაპს გადის.

როგორც ჩვენს მკითხველს მოეხსენება, კალათბურთელებმა იტალიის ტურნირის შემდეგ, 31 აგვისტოს დაისვენეს, პირველი სექტემბრიდან კი "ტერმე ოლიმიას" კომპლექსში წვრთნა განაახლეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
1-ელ სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ორი ვარჯიში ჩაატარა, დილის 10:30 საათზე და საღამოს 7-ზე. ალბათ, არავისთვის იქნება ახალი, თუ ვიტყვით, რომ მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ევრობასკეტის წინა დღეებში ძირითად ყურადღებას ტაქტიკასა და ტყორცნებზე ამახვილებს.

სერბმა სპეციალისტმა მოთამაშეები ჯერ ამპლუების მიხედვით დაყო: ერთ ფართან ცენტრები და
მძიმე ფორვარდები ავარჯიშა, მეორე ფართან - უკანახაზელები. შემდეგ სხვა პრინციპით გაყო: თეთრები (რომლებშიც სასტარტოები შედიოდნენ) მოედანზე დატოვა და ფარებთან გადაანაწილა. დარბაზში 6 კალათია, მოთამაშეებს ექვსივე დაკავებული ჰქონდათ და მწვრთნელების დახმარებით ტყორცნებზე მუშაობდნენ.

ამასობაში "წითლები" მეორე სართულზე, ტრენაჟორებზე, ფიზმომზადების მწვრთნელის, ავთო ბერიძის მეთვალყურეობით ვარჯიშობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ სათადარიგოებმა სასტარტოები მოედანზე შეცვალეს, "თეთრებმა" კი ტრენაჟორებზე გადაინაცვლეს.

ტრენაჟორებთანაც იმუშავა და ტყორცნებსაც ასრულებდა ცენტრი გიორგი შერმადინი, თუმცა სხვა კალათბურთელებივით მაინც არ დაიტვირთა. მიზეზი კოჭია, რომელიც მან ტრიესტეს ტურნირზე დაიშავა, თუმცა გულშემატკივარს დავამშვიდებთ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის...

"ფეხი იტალიაში, რუსეთთან მატჩისას ვიტკინე. შეშუპება არ ყოფილა, მაგრამ ახლაც ცოტა მაწუხებს. გუშინ სლოვენიის ქალაქ ცელიეში ექიმებმა ტრავმირებულ კოჭზე სურათი გადამიღეს და დამამშვიდებელი პასუხი მივიღე.

გუშინდელის შემდეგ ტკივილმა ცოტა გამიარა და ვიმედოვნებ, ხვალ სრულფასოვნად ვარჯიშს შევძლებ", - გვითხრა გიორგიმ.

განწყობა საბრძოლო, ხალისიანია, - ასეთი ტექსტების წერა, შესაძლოა, ზედმეტიც იყოს. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს და გამოცდილება საკმარისი აქვს საიმისოდ, რომ იცოდეს, როგორი განწყობით შეხვდეს ევრობასკეტს და როგორ მიუდგეს ამა თუ იმ მატჩს.

"თავს გადაღლილად არ ვგრძნობთ. პირადად მე კარგ ფორმაში ვარ და ევროპის ჩემპიონატს შესანიშნავი განწყობით ვხვდები.

იტალიის ტურნირზე და მანამდე გამართულ სხვა შეჯიბრებებში იმ რეჟიმში ვითამაშეთ, როგორითაც ევროპის ჩემპიონატზე მოგვიწევს ასპარეზობა. ანუ ყოველდღე თამაშები გვქონდა და ამ რეჟიმს შეძლებისდაგვარად შევეგუეთ.

მართალია, ევრობასკეტზე 6 დღეში 5 თამაში გველის, თუმცა ჩვენი მეტოქეებისთვისაც ხომ ანალოგიურად დატვირთული გრაფიკია და არა მგონია, ისინი ჩვენზე მომზადებულები შეხვდნენ მომდევნო მატჩებს.

ერთი სიტყვით, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვართ და ფსიქოლოგიურადაც მზად ვართ საევრობასკეტოდ. ველოდებით 5 სექტემბერს", - გვითხრა ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ.

P.S. გიორგი შერმადინმა საღამოს ვარჯიში სრულფასოვნად ჩაატარა.

ავტორის ფოტოები
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული