- ჩერნოგორიის ნაკრებს წარმატებული სტარტი ჰქონდა ჯგუფში, რას იტყვით მეტოქეზე?
- მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, ჰყავს კარგი მწვრთნელი, კარგად დაბალანსებულია და გამოცდილებაც საკმაო აქვს. თურქეთიდან კარგად ვიცნობ მწვრთნელ ბოგდან ტანიევიჩს, მას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა. მაგრამ ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ შინ ვთამაშობთ და ჩვენი აუდიტორიის ენერგიას თუ კარგად
- ოთხშაბათის თამაში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ციკლში?
- გამარჯვებით მომავალი წლის ევრობასკეტზე მოხვედრისკენ უზარმაზარ ნაბიჯს გადავდგამთ. საშინაო უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ და საკუთარი თამაში ვაჩვენოთ. შეტევაში და დაცვაშიც ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ. არ იქნება იოლი მატჩი, მაგრამ იმედიანად ვარ.
- ნიკოლა ვუჩევიჩსა და თქვენ NBA-ში ბევრჯერ გითამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ. რას უნდა ელოდნენ ფანები თქვენი დუელისგან ოთხშაბათს?
- სანაკრებო და საკლუბო თამაშები განსხვავებულია, აქ სულ სხვა თანაგუნდელები გყავს, ევროპული კალათბურთიც განსხვავებულია. ორი კარგი ცენტრის დაპირისპირება კი ყოველთვის კარგი საყურებელია, მაგრამ არ მავიწყდება, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია. ის გამოცდილი და კარგი კალათბურთელია, რომელსაც ყველაფერი დამტკიცებული აქვს, მაგრამ ამ შეხვედრაში მთავარი იქნება, თუ როგორ დავეხმარებით გუნდს.
- რვა წლის მერე საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი შეეცვალა. იქნება გუნდი კვლავ ისეთივე წარმატებული?
- იგორ კოკოშკოვმა დიდი საქმე გასწია საქართველოს ნაკრებში. მეორე დივიზიონიდან დაიწყო და ამ სიმაღლეებზე აგვიყვანა. ილიას ზუროსი განსხვავებული სტილით გვათამაშებს. ახლა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვართ. ზუროსი ძალიან გამოცდილია და მუდამ გამარჯვებაზე შემართული. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისევ ვითამაშებთ ევრობასკეტზე.
- ამ შემთხვევაში, თქვენთვის და საქართველოს ნაკრებისთვის ზედიზედ მე-4 ევრობასკეტი იქნება. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვთამაშობ ეროვნულ ნაკრებში. ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის წლების განმავლობაში და ჩემთვის, ნაკრებში თამაში ამ ვალის დაბრუნებასავითაა. ნაკრებში თამაში, მოგება, ევრობასკეტზე წავლა, ესენი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ხალხისთვის. ამიტომაც ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი. მე ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვუყურებ.