ანტეტოკუნმპო: საქართველოში სიამოვნებით ჩამოვალ

AutoSharing Option
იანის ანტეტოკუნმპოს საკალათბურთო საზოგადოება კარგად იცნობს - NBA-ს ამომავალი ვარსკვლავია. მას ჯერაც არ დავიწყებია, როგორ იწყებდა კარიერას, როგორ ეხმარებოდა ზაზა ფაჩულია. იანისის ძმა თანასისი სადღეისოდ გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გვერდით "ანდორაში" თამაშობს.

თანასისთან ინტერვიუს ჩაწერაში სწორედ ქართველი კალათბურთელები დამეხმარნენ. მან "ანდორაზეც" ისაუბრა, შერმადინზეც, ბურჯანაძეზეც და ზაზა ფაჩულიაზეც.

- საქართველოს შესახებ გიორგისა და ბექას გაცნობამდე რა ინფორმაცია გქონდა?
- პირველ რიგში, საქართველოს ნაკრები უნდა დავასახელო, რომელშიც მაღალი დონის კალათბურთელები თამაშობენ. მათგან ზოგი (შერმადინი და ბურჯანაძე) ჩემი თანაგუნდელები არიან, ზოგი ჩემი
ძმის, იანისის პარტნიორი იყო (ზაზა ფაჩულია, "მილუოკიში"), ზოგი საბერძნეთში თამაშობდა (ვიქტორ სანიკიძე)... წარმოუდგენელია, ამ კალათბურთელებს იცნობდე და საქართველოს შესახებ დადებითი წარმოდგენა არ გაგიჩნდეს. დღეს უკვე კარგად ვიცნობ "ჯორჯიას" და იმედი მაქვს, ახლო მომავალში ჩამოსვლასაც მოვახერხებ.

- იანისი შინ რას ჰყვება ზაზას შესახებ?
- როდესაც ჩემი ძმა NBA-ში მოხვდა, "მილუოკიში" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ზაზა ფაჩულია იყო. იგი იანისს ყოველმხრივ გვერდში ედგა, ეხმარებოდა ახალ გარემოსთან, ახალ გუნდთან, NBA-სთან ადაპტაციაში. ჩემი ძმა ზაზას შესახებ ყოველთვის დიდი პატივისცემით ლაპარაკობს.

ფაჩულია ჩემთვისაც სამაგალითო კალათბურთელია, ბევრს შრომობს და სწორედ ამიტომ მიაღწია "გოლდენ სტეიტს". საჩემპიონო გუნდშია, თუმცა, დასამალი არ არის - მე "მილუოკის" ვგულშემატკივრობ.

- იანისი უკვე ვარსკვლავია. ამერიკაში გადასვლის შემდეგ ხომ არ შეცვლილა?
- ჩემი ძმა კარგად აცნობიერებს, რომ ჯერაც ახალგაზრდა ბიჭია საბერძნეთიდან, რომელსაც კიდევ ბევრი შრომა სჭირდება მაღალი დონის სპორტსმენად ჩამოსაყალიბებლად. ცდილობს, კიდევ მეტი იმუშაოს, რომ თავისი პოტენციალი სათანადოდ გამოავლინოს.

- "ანდორა" წლეულს სერიოზული გუნდია. საპლეიოფო ზონაშია...
- ნამდვილად ასეა. იცით, ვისი დამსახურებაა?

- ვისი?
- მწვრთნელის, თითოეული კალათბურთელისა და განსაკუთრებით ქართველების - გიორგი შერმადინის და ბექა ბურჯანაძის. რაც მთავარია, "ანდორა" სტაბილურობით გამოირჩევა და სწორედ ამიტომაა ტოპ-8-ში. ძალას არ ვიშურებთ, ვცდილობთ გუნდი პლეი ოფში გავიყვანოთ. ეს ხომ ჩვენი და "ანდორას" გულშემატკივრის ოცნებაა.

- ქართველ თანაგუნდელებზე რისი თქმა შეგიძლია?
- ვინც ჩვენი კლუბის მატჩებს ადევნებს თვალს, შეხსენება არ დასჭირდება, რა ძალას წარმოადგენს გიორგი შერმადინი. იგი "ანდორას" მთავარი იარაღია, გუნდის MVP-ია. ამას მხოლოდ მისი ქულობრივი მონაგარი არ მალაპარაკებს - ლიდერია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. უმაღლესი დონის კალათბურთელია.

- ბექა ბურჯანაძე...
- ძალიან ახალგაზრდაა. მის ასაკში ბევრმა თამაში არ იცის, ის კი ყველა ნიუანსშია გარკვეული. იცის, როდის რა უნდა გააკეთოს. ბექას გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, მზარდი კალათბურთელია და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს მიაღწევს. ბურჯანაძე ხომ ჯერ პირველ სეზონს ატარებს ასეთ დონეზე.

Sportall.Ge

- ანდორელ გულშემატკივარს ძალიან უყვარს შენი ჩატენვები...
- ვცდილობ, გუნდს რითაც შემიძლია, მაქსიმალურად დავეხმარო. ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჩემთვისაც მშვენიერი შანსია და მინდა, სათანადოდ გამოვიყენო. პლეი ოფში მოხვედრა როგორც ჩემთვის, ასევე ნებისმიერი ანდორელისთვის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. დარწმუნებული ვარ, არც პლეი ოფში შევირცხვენთ თავს.

- საბერძნეთის ნაკრებში სათამაშოდ ემზადები?
- შარშან გამომიძახეს და მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარე. ვნახოთ, რა იქნება წლეულს. ბევრი რამ სწორედ ჩემს კლუბში გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული.

- წარმოშობით ნიგერიიდან ხარ. ახერხებთ ოჯახთან ერთად ისტორიულ სამშობლოში ხშირად ჩასვლას?
- სამწუხაროდ, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. არადა, ჩემი უფროსი ძმა სწორედ ნიგერიაშია დაბადებული. მეც და იანისსაც ძალიან გვინდა ნიგერიაში ჩასვლა და თავისუფალი დრო რომ გამოგვიჩნდება, აუცილებლად მოვინახულებთ.

ძველი ნაცნობობა - ზაზა და იანისი
"მილუოკიში" 2013 წელს 11 ახალი კალათბურთელი იყო, რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ვარსკვლავურ მომავალს რომ უწინასწარმეტყველებდნენ, მათ შორის აფრიკული წარმოშობის ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო, რომელსაც NBA-ში სწორედ ზაზა შეუძღვა:

როგორც წესი, ვარჯიშების დაწყებამდე ერთი დღე მედიასთან ურთიერთობას ეთმობა. "მილუოკის" ღია ვარჯიში ოფიციალურ საიტზე პირდაპირ ეთერში გადაიცა და საშუალება მოგვეცა, მოგვესმინა როგორც მწვრთნელის, ასევე კალათბურთელთა მოსაზრებები გუნდის მომავალთან დაკავშირებით.

რეპორტაჟის წამყვანი ესაუბრებოდა ახალგაზრდა, აფრიკული წარმოშობის ბერძენ იანის ანტეტოკუნმპოს, როცა მაგიდას ზაზა ფაჩულია მიუჯდა და თარჯიმნობა შესთავაზა.

Sportall.Ge

ქართველმა ვეტერანმა დებიუტანტის რამდენიმე ინგლისური ფრაზა ხუმრობით ინგლისურადვე თარგმნა.

- ამ ახალგაზრდას ევროპიდან ვიცნობ, - დაიწყო ზაზამ, - ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საბერძნეთის ნაკრებში კარგად გაისარჯა. სხვათა შორის, ბერძნები და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ერთ ჯგუფში იყვნენ. იანისის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა ჩემს ბიძაშვილს (ბექა ბურჯანაძეს), მაგრამ ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.

წამყვანმა ბერძენ კალათბურთელს ჰკითხა ზაზა ფაჩულიას შესახებ. ანტეტოკუნმპომ წინადღის ამბავი გაიხსენა:

- რამდენიმე კალათბურთელი რესტორანში ვიყავით, გვარიანად ვისადილეთ. იცით. ეს ყველაფერი როგორ დამთავრდა?

- ხომ არ გიჩხუბიათ? - ხუმრობით ჰკითხა წამყვანმა.
- უარესი! - მთლიანი თანხა ზაზა ფაჩულიამ გადაიხადა. კარგი ადამიანია, მოედანზეც მხარში მიდგას და მის მიღმაც. ძალიან მეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული