ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითაც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა "სან ანტონიოს" და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს კონფერენციის ფინალში ითამაშა!
ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით, მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა.
ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3
ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაამატა.
ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.
აღნიშნულზე უკეთესი მაჩვენებელი (+14) მხოლოდ კევინ დურანტს ჰქონდა, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება მიითვალა. სტეფ კარის მონაგარი 40 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ. ამ ვარსკვლავების მერე, შედეგიანობის მხრივ, სწორედ ზაზა მოდიოდა.
"სან ანტონიოს" მხრიდან საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი იყო, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა, "გოლდენ სტეიტს" კი "ქამბექი" კავაი ლეონარდის ტრავმამ გაუადვილა.
"სპურსის" ერთ-ერთ ლიდერს ფაჩულიასთან ორთაბრძოლისას ფეხი გადაუბრუნდა და მე-3 მეოთხედის მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა, არადა, იმ დროს აქტივში უკვე 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი ჰქონდა. ზაზას უშუალო ოპონენტის - პაუ გასოლის ანგარიშზე 16 წუთში მხოლოდ 5 ქულა დაგროვდა. ესპანელმა ცენტრმა თავი უფრო პერსონალურებით გამოიჩინა და მთლიანობაში 5 ჯარიმა დაუგროვდა.
"გოლდენ სტეიტი" სერიაში 1:0 დაწინაურდა და მომდევნო მატჩს ისევ შინ, 17 მაისს ჩაატარებს. NBA-ს დიდ ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 4 გამარჯვებას მოიპოვებს.
აღმოსავლეთ კონფერენციაში ფინალშია "კლივლენდი" და ელოდება ოპონენტს, რომელიც "ბოსტონისა" და "ვაშინგტონის" მე-7, გადამწყვეტ შეხვედრაში ამაღამ გამოვლინდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით