ზაზა ფაჩულია: ეს NBA-ს ფინალია, აქ ყველაფერი უნდა გაიღო, რაც გაგაჩნია

AutoSharing Option
კარიერაში პირველი ფინალი ზაზა ფაჩულიასთვის დიდებულად დაიწყო - სერიის პირველ მატჩში მისმა "გოლდენ სტეიტმა" 113:91 დაამარცხა "კლივლენდი", ხოლო ზაზამ 8 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი 14 წუთში.

- ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "კლივლენდთან" პირველ მატჩში [VIDEO]
- საქართველოსთვის ისტორიული: ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ფინალური სერია მოგებით გახსნა [VIDEO]

The Mercury News წერს, რომ "გოლდენ სტეიტმა" სერიის პირველ თამაშში "კლივლენდ კავალიერსს" ცენტრისთვის ბრძოლა მოუგო, ხოლო ზაზა ფაჩულიამ ტრისტან ტომპსონს დუელში აჯობა:

"ბოლო ორ ფინალში "კლივლენდ
ის" ტრისტან ტომპსონი ყელში ჰყავდა გაჩხერილი "გოლდენ სტეიტს". ის ფარქვეშ ბატონობდა და მოხსნებში ყოჩაღობდა და ახალი სერიის წინაც ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლება "კლივლენდისთვის", რომელსაც ჩემპიონობის გამეორება სურს.

მაგრამ პირველ თამაშში ზაზა ფაჩულიამ თითქმის შეუძლებელი შეძლო, მან თითქმის დაუღალავი ტომპსონი, მოედნიდან "გააქრო". ტომპსონს ქულა არ ჩაუგდია და მას მხოლოდ 4 მოხსნა ჰქონდა და საერთოდ ვერ უძალიანდებოდა მეტოქის შემტევებს. სხვაობა ანგარიშში გაცილებით მეტიც შეიძლება ყოფილიყო.

ერთი-ორი იოლი ბურთის აცილება შეიძლება ეპატიოს ფაჩულიას, რომელმაც ტომპსონის წინააღმდეგ "მაღლების" ნამდვილი ბანდა შეკრა. ზაზას გარდა, მეტოქის განეიტრალებაში თავისი როლი ჯავალ მაკგიმ და დევიდ ვესტმაც ითამაშეს. სამივემ ერთად 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა 28 წუთში ცენტრის პოზიციაზე. არაეფექტურმა ტომპსონმა კი მოედანზე 22 წუთი გაატარა და შემდეგ ტაირონ ლიუ შეეცადა, სხვა გზები გამოენახა.

მაგრამ გადამწყვეტ მესამე მეოთხედში, როცა "გოლდენ სტეიტმა" "ხელი დაუქნია" მეტოქეს, მთავარი გმირი ზაზა ფაჩულია იყო. 6 ფუტისა და 11 ინჩის სიმაღლის ქართველმა ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა. ის აწუხებდა კაირი ირვინგსა და ლებრონ ჯეიმსს და აიძულებდა მათ არაზუსტად ესროლათ. სტეფ კარისთვის "სქრინებს" აყენებდა, ირვინგს პასი ჩაუჭრა, ის კი არა, ერთი საოცარი ორქულიანიც ჩააგდო.

"პირველი, რაზეც ვილაპარაკეთ, ტომპსონის განეიტრალება იყო ჩვენს ფარზე. მან პლეი ოფის სერიებში ყველა და ყველაფერი გაანადგურა შეტევაში და ეს არ უნდა დაგვეშვა. მართალია, ზაზას დიდი ხანი არ გაუტარებია მოედანზე, მაგრამ სწორედ მან მისცა თამაშს ტონი ფარქვეშ", - განაცხადა მაიკ ბრაუნმა.

და მაინც, როგორ შეძლო 33 წლის ზაზა ფაჩულიამ ახალგაზრდა, ათლეტური და სწრაფი ტომპსონის გაჩერება?

"უნდა ითამაშო შენი თამაში, იყო მებრძოლი... როცა ცენტრფორვარდი ხარ, შენი თანაგუნდელები სწორედ ამას ელიან შენგან. უნდა დააყენო კარგი "სქრინები" შეტევაში და მიხედო დაცვაში ფარს. ეს ხომ მარტივია, ჯერ კიდევ ბავშვობაში ვისწავლე. მაგრამ ყველაფერი თავგანწირვით და ბოლომდე ბრძოლით უნდა გააკეთო და დღეს სწორედ ასე ვითამაშე. ეს ფინალია, რომელშიც ყველაფერი უნდა გაიღო, რაც გაგაჩნია", - თქვა ჩვენმა თანამემამულემ.

ზაზამ რამდენიმე იოლი ბურთი ვერ ჩააგდო, რასაც ასე ხსნის: "ფინალში პირველად ვთამაშობ, პლუს, ცხრა დღე კალათბურთი არ მითამაშია, თავში ათასი ფიქრია - ეს ყველაფერი მოქმედებს. მაგრამ ერთი-ორი აცილების მერე ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდი".

ძალიან კარგი იყო მაკგიც, რომელმაც სულ რაღაც 5,5 წუთი ითამაშა, თუმცა ბურთი ორჯერ ჩატენა, 5 მოხსნა, ბლოკი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი მიზანიც ის იყო, რაც ზაზასი, დაცვაში ტომპსონის წინააღმდეგ მკაცრი თამაში.

"ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშში, რომ ტრისტანი ფარიდან გაგვერიყა. ჩვენ მას შეტევაში მოხსნების საშუალება არ მივეცით", - კმაყოფილია მაკგი.

გამოცდილი ვესტი ამბობს, რომ "უორიორსი" არ უნდა მოეშვას პირველი თამაშის მოგების შემდეგ: "ფიზიკურად ასევე უნდა ვეთამაშოთ მეტოქეს. ტრისტანს უპირატესობა აქვს ისეთი ბიჭების წინააღმდეგ, რომელთაც მისი შიში აქვთ. ზაზა ასეთი არაა. ასე რომ, ტრისტანს დიდი ბრძოლა ელის დარჩენილ მატჩებშიც - ზაზა არაფერს დათმობს, ის ჭკვიანია, მისი ბრძოლის ველიდან მოცილება ძნელია".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზამ ერთი ორი იოლი ბურთი ააცილაო.ხუთიდან ოთხი ჩააგდო და კიდევ ენდვანის ჯარიმა ააცილა.მე მგონი მშვენიერი პროცენტია.
სოსო
07:20 03-06-2017
0
ამ თამაშმა ერთი რამე გამოაჩინა ნათლად,რომ არა მხოლოდ ვორიორსი ეხმარება ზაზას ბეჭდის მიღებაში,არამედ ზაზასაც უდიდესი წვლილი შეაქვს
ვორიორსის გაჩემპიონებაში.
golden state champion!!!!!!!!!
11:36 03-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული