ზაზა ფაჩულიას ოქროს რიცხვები

AutoSharing Option
1000
ზაზა ფაჩულია დრაფტზე 2003 წელს "ორლანდო მეჯიქმა" 42-ე ნომრად აიყვანა. სეზონის ოთხ საწყის მატჩში მწვრთნელმა დოკ რივერსმა იგი მოედანზე არ გაიყვანა. მეოთხე შეხვედრა "ჩიკაგო ბულსთან" იყო. თამაშის დაწყებიდან 11:45 წუთი იყო გასული, რივერსმა რომ მიუთითა - სტივენ ჰანტერი შეცვალეო. ფრთაშესხმული ფაჩულია მოედანზე შეფრინდა და ტაისონ ჩენდლერს აეწება. ეს იყო ქართველი ცენტრის პირველი მატჩი ნაცონალურ საკალათბურთო ასოციაციაში.

14 წლის შემდეგ, 20 მარტს, "ოკლაჰომას" წინააღმდეგ "გოლდენ სტეიტის" მაისურით NBA-ში მე-1000 თამაში გამართა.

4
14 წლის განმავლობაში ზაზას ერთ მატჩში 3 დაფარებაზე მეტი არ
შეესრულებინა. ზოგი სპეციალისტი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას დაფარებებს, გაცილებით მნიშვნელოვანია დაცვაში პოზიციის სწორად შერჩევაო. თუმცა კრიტიკოსები ქართველ ცენტრს "ბლოკ-შოტების" სიმცირეს უწუნებდნენ.

მათ საპასუხოდ ფაჩულიამ ამერიკული კარიერის რეკორდი სწორედ 2016-17 წლების სეზონში დაამყარა: 23 თებერვალს "კლიპერსთან" დაპირისპირებაში 4 დაფარება მოაგროვა.

503
განვლილ სეზონში ფაჩულიამ 503 ქულა ჩააგდო. ცოტა ნამდვილად არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში სუპერმსროლელები თამაშობდნენ - სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი...

503-დან 426 ქულა რეგულარულ ეტაპზე მიითვალა, 77 ქულა - პლეი ოფში.

7000
28 მარტს "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონი" 113:106 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მიჩვეულები ვართ - ბლოკებით თუ პასებით თანაგუნდელებს ქულების მოგროვებაში ეხმარებოდა. თუმცა ფარქვეშ მასზე ბურთი იშვიათად მიდიოდა და სულ 2 ქულა ჩააგდო.

ეს იყო ოქროს ორქულიანი - ამ ტყორცნით მან NBA-ში თავისი მონაგარი დაამრგვალა: 7000 ქულა.

16
სეზონის დასაწყისში არაერთი სკეპტიკური შეკითხვა გაჩნდა, რომელთა აზრი თითქმის ერთნაირი იყო - აუწყობდა ზაზა ფეხს სუპერგუნდ "გოლდენ სტეიტს"?

ქართველმა ცენტრმა თავიდანვე გასცა კონკრეტული პასუხი. იგი იმაზე კარგად მოერგო, ვიდრე ზოგიერთს ეგონა. მართალია, ხშირად არა, მაგრამ ჰქონდა მეტისმეტად ეფექტური მატჩებიც. მაგალითად, თებერვალში "ფილადელფიასთან" 16 ქულამდე ავიდა. ეს მისი საამსეზონო რეკორდი გამოდგა.

ზაზას აბსოლუტური რეკორდი კი 27 ქულაა, 2007 წელს "ატლანტას" მაისურით "ვაშინგტონს" ჩაუგდო.

7119
"ჰიუსტონთან" მატჩის შემდეგ ზაზამ კიდევ 119 ქულა მიითვალა და სადღეისოდ მის ანგარიშზე 7119 ამერიკული ქულაა.

1 528 941
მილიონ ხუთას ოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაერთი! - ამდენი ხმა მიიღო ზაზამ "ოლ სტარის" წლევანდელ გამოკითხვაში. იგი დასავლეთის კონფერენციის წინახაზელთა შორის მხოლოდ კევინ დურანტს ჩამორჩა (1 768 185).

- მხოლოდ გულშემატკივრების ხმები რომ ყოფილიყო გადამწყვეტი, ზაზა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშებდა. ახალი წესების თანახმად, ქომაგთა, კალათბურთელთა და მედიელთა ხმებსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და "ოლ სტარში" კავაი ლეონარდი მოხვდა.

საინტერესო სიტუაციაში აღმოვჩნდი: ვარსკვლავთა მატჩზე მივდიოდი და ვერ მივედი. სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებული ნამდვილად არ ვარ. ეს ის შემთხვევა იყო, რომლის კონტროლიც არ შემეძლო, დამოკიდებული ვიყავი სიტუაციაზე, ფანებზე, მწვრთნელებზე, კალათბურთელებზე... გამოკითხვა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი გახლდათ. შარშანდელი "ოლ სტარის" გამოკითხვა სახალისო იყო, წლევანდელი - ორმაგად სახალისო, რადგან მივიღე უფრო მეტი ხმა. ვერც ერთხელ ვერ მოვხვდი, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ დავინახე ხალხი მქომაგობს, ხმას მაძლევს, ვუყვარვარ, პატივს მცემს, უნდა "ოლ სტარში" მიხილოს. ეს დიდებულია, - განაცხადა ფაჩულიამ.

14
22 დეკემბერს სუპერმატჩი ჰქონდა: 15 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი "ბრუკლინთან". 14 მოხსნა გოლდენსტეიტური კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია (ჯერჯერობით).

ზაზამ აშკარად აჯობა ბრუკლინელ ვარსკვლავ ბრუკ ლოპესს. მატჩის შემდეგ გამოცდილ სპეციალისტ მაიკ ფრატელოსგან ასეთი შეფასებაც მიიღო:

"ფაჩულია ფიზიკურად ღონიერი ცენტრია, სწორად არჩევს პოზიციას, რითაც ბევრ კონკურენტთან შეუძლია უპირატესობის მოპოვება. მასთან ჭიდილი არც ერთი მეტოქისთვის სასურველი არ არის... შეტევაშიც ძალიან სასარგებლოა, თანაგუნდელებისთვის სატყორცნი სიტუაციების შექმნაც შეუძლია, ბურთებსაც კარგად ანაწილებს და თავადაც ჩამგდებია."

111
16 მარტს "ორლანდოსთან" ფაჩულიამ კარიერის 111-ე ორმაგი დუბლი ჩაიწერა. თუმცა იმ მატჩში იყო კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რამაც მთელი ოკლენდი გაახალისა:

თამაშის წინ ქართველი მეფარე "გოლდენ სტეიტის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელ კერტის რეიფილდს დაენაძლევა, რომ ორმაგ დუბლსაც შეასრულებდა და ჩატენიდა კიდეც. მწვრთნელს ამ ორი პირობის შესრულება შეუძლებლად ეჩვენებოდა და წვერის გაპარსვაზე დაყაბულდა.

ფაჩულიამ 10-10 ქულა-მოხსნა მოაგროვა, ჩატენა კიდეც და მესამე პერიოდის ბოლოს სათადარიგოთა სკამს რომ მიუახლოვდა, კერტის რეიფილდს ანიშნა - დროა, გაიპარსოო. მან სიტყვა მეორე დღესვე შეასრულა.
ზაზა ფაჩულიას 2016-17 წლების სეზონში 4 ორმაგი დუბლი მოუგროვდა. მას ამდენივე ჰქონდა 2013-14, 2012-13, 2010-11 და 2008-09 წლებში.

საუკეთესო მაჩვენებელი კი შარშან, 2015-16-ში დააფიქსირა - 26 დუბლი.

85
"მეომართა" 27-ე ნომერმა "გოლდენ სტეიტის" მაისურით 85 მატჩი ჩაატარა (70 რეგულარულ ეტაპზე), ყველა სასტარტოში!

144
ერთ სეზონში 144 პასი. ეს გახლავთ მესამე მაჩვენებელი ზაზას 14-წლიან NBA-ურ კარიერაში. ორი საუკეთესო შედეგი "მილუოკიში" დააფიქსირა. თუმცა "გოლდენ სტეიტში", გუნდში, სადაც ბურთს გრინი, კარი და სხვა ვარსკვლავები ანაწილებენ, 144 შედეგიანი გადაცემა, თან საშუალოდ 18 წუთში მშვენიერი შედეგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული