თანაგუნდელები საქართველოში დავპატიჟე - ზაზა ფაჩულია ქომაგის კითხვებს პასუხობს

AutoSharing Option
ვისი შეტყობინება მიიღო "გოლდენ სტეიტში" გადასვლისთანავე? როგორები არიან ოკლენდელი ვარსკვლავები? მართლა დაპატიჟა ისინი საქართველოში? რას ელის ეროვნული ნაკრებისგან ევრობასკეტზე? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს წინამდებარე პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ მიიღებთ.

ზაზა ფაჩულია "გალფ ჯორჯიის" "ფეისბუქის" გვერდზე "გოლდენ სტეიტის" დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და გულშემატკივრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

- რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო ვითარდები, წინ მიდიხარ, ჩნდება ახალი მიზნები. როდესაც NBA-ში ათეულობით წელს ატარებ, ჩემპიონობის სურვილიც გიჩნდება. NBA-ს, იმავე მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიღწევა ადვილი ნამდვილად არ არის. თუნდაც ჩემს მაგალითზე
ვიტყვი - 14 წელი დამჭირდა საჩემპიონო გუნდში მოსახვედრად. ვითამაშე სხვადასხვა მიზნის მქონე ოთხ გუნდში.

"გოლდენ სტეიტი" მეხუთეა. სეზონის დასაწყისში, როდესაც ოკლენდში გადმოსვლა გადავწყვიტე, მკაფიოდ ჩანდა ჩემპიონობის პერსპექტივა. თუმცა გარანტირებული არაფერი იყო. არც "უორიორსს" ჰქონდა წინასწარ დაბევებული პირველობა. საამისოდ დიდი შრომა იყო საჭირო. გამართლებაც...

NBA-ში გრძელი სეზონია, დაახლოებით 100 მატჩს თამაშობ. თითოეულში რა მოხდება, კაცმა არ იცის. ჩვენს შემთხვევაში ბევრი რაღაც მოხდა, იყო ტრავმები, მცირე ჩავარდნები, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, სეზონის ბოლოს, პლეი ოფში ყველა ჯანმრთელი იყო.

14 წელი რომ შრომობ, სწორად ფიქრობ, სწორ ნაბიჯებს დგამ, ეს ყველაფერი რომ დაგიფასდება, სასწაული გრძნობაა. მსოფლიოს ჩემპიონი ხარ! ისტორიას რომ გადავხედოთ, ბევრ სუპერვარსკვლავს დაუსრულებია კარიერა NBA-ს საჩემპიონო ბეჭდის გარეშე. თავს ვთვლი ძალიან ბედნიერად.

სიხარული გავიზიარე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. 12 ივნისი, ის დღე, ის წუთები არასოდეს დამავიწყდება. თუნდაც იმიტომ, რომ მიზნის მისაღწევად ბევრი სირთულე გადავიტანე, დიდი შრომა და დიდი დრო დამჭირდა.

- პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებ...
- სეზონი რომ სრულდება, დასვენებისა და გართობის დრო დგება. მით უმეტეს, რომ წლევანდელი ჩემპიონატი სწორედ ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ვფიქრობ, მეც და ჩემმა თანაგუნდელებმაც დავიმსახურეთ "ყველაფერი, რაც გინდა გააკეთო". მეც ვისვენებ, მეგობრებთან, ოჯახთან ერთად. ივლისამდეც, ფაქტობრივად, არაფერი დარჩა და მაქსიმალურად ვცდილობ, მოედნისმიღმა ამბებს მივხედო. მქონდა გულშემატკივრებთან შეხვედრა, თვის ბოლოს "გოლდენ სტეიტ უორიორსის" სამდღიან კემპზე ვარ მიწვეული... პირველ ივლისს კი ოფიციალურად თავისუფალი აგენტი გავხდები. შემდეგში რა იქნება, ჯერ არ ვიცი. მეც ველოდები და, რა თქმა უნდა, გულშემატკივარიც. საინტერესოა, ასეთი სეზონის შემდეგ რა მოხდება.

- "კლივლენდიდან" რომ მიიღო შეთავაზება, თუ გადახვალ?
- ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა. იგივეა, რაც "ბარსელონადან" "რეალში" გადახვიდე... "კლივლენდში" გადასვლაზე არც მიფიქრია და, იმედი მაქვს, შემოთავაზება არც იქნება.

- 12 ივლისს გულშემატკივარს დაჰპირდი, რომ საქართველოში თასით ჩამოხვიდოდი. დაპირება ძალაშია?
- დარწმუნებული ვარ, ბევრი ელოდება. ეს თასი თქვენიცაა, ყველა ქართველს ეკუთვნის. თამაში დასრულდა თუ არა, გასახდელში ვთქვი, რომ თასი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ ზაფხულს, თუმცა თარიღი ჯერ არ დადგენილა. როცა ჩამოვა, ყველა შეიტყობს და, დარწმუნებული ვარ, თქვენც გაიზიარებთ ამ სიხარულს, ყველას მიეცემა მასთან სურათის გადაღების საშუალება. ყოველივე ამას კარგი მენეჯმენტი სჭირდება და გავაკეთებ კიდეც.

- ცივი გონებით რომ შევხედოთ, რამ განაპირობა "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება წლევანდელ სეზონში?
- წინა ოთხ გუნდში, "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" მყავდა ვარსკვლავი თანაგუნდელები, მაგრამ იმდენი, რამდენიც "გოლდენ სტეიტში", ნამდვილად არსად ყოფილა. შესაძლოა, NBA-ს ისტორიაშიც არ ყოფილა ამდენი ვარსკვლავით დაკომპლექტებული ერთი გუნდი. ხუთეულიდან ოთხი "ოლ სტარის" მოთამაშე იყო, მეხუთეც კინაღამ მოხვდა... ვარსკვლავთა მატჩში ვერ ვითამაშე, თუმცა მთელი წელი ხომ "ოლ სტარში", "გოლდენ სტეიტში" გავატარე. ასეთი თანაგუნდელების გვერდით გარჯა ნებისმიერი სპორტსმენისთვის დიდი ბედნიერებაა.

თავიდან ვცდილობდი გავრკვეულიყავი სიტუაციაში, რას ველოდი, რა როლი მექნებოდა გუნდში. სიმართლე რომ ვთქვა, იოლი სულაც არ იყო ასეთ გუნდთან მორგება, ფეხის აწყობა ამდენ ვარსკვლავთან. ამერიკის ნაკრები ოლიმპიადაზე წარმატებას უმთავრესად ტალანტის ხარჯზე აღწევს. ყველა კალათბურთელი ვარსკვლავია და რთულია მოკლე დროში ერთ გუნდად შეკვრა.

ჩვენ არ გვინდოდა, "გოლდენ სტეიტიც" მხოლოდ ნიჭის იმედად ყოფილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდებოდა ბეჭდების მოგება. მწვრთნელმა სტივ კერმა, სამწვრთნელო შტაბმა დიდი როლი ითამაშეს ჩვენს წარმატებაში. მათ კარგი სისტემა დანერგეს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში, რაც კარგად მოარგეს გუნდს და მოარგეს ინდივიდუალურად თითოეულ კალათბურთელს.

- ყველაზე მხიარული გოლდენსტეიტელი ვინ არის?
- მხიარული გუნდელი... დრეიმონდ გრინი. სულ სხვანაირი ხასიათი აქვს. მის გარეშე "უორიორსი" ვერ წარმომიდგენია. ჩვენს გუნდში ძალიან წყნარი ხალხია თავმოყრილი: სტეფ კარი, კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი... ზედმეტს რომ არაფერს იტყვიან, ცუდად მოქცევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სულ სიწყნარეც არ ვარგა. გრინი ამ ყველაფერს აბალანსებს - ურევს თავისი ხასიათით, ენერგიით, ხუმრობებით...

- დაიწერა, თითქოს "უორიორსის" რამდენიმე ვარსკვლავი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ჭორია თუ მართალი?
- თანაგუნდელები მართლაც დავპატიჟე. საქართველოზე ყველგან ბევრს რომ ვლაპარაკობ, ალბათ, ყველამ კარგად იცის. ინტერესი გამოთქვეს და თუ ზაფხულში გამონახეს დრო და ჩამოვიდნენ, პირველ რიგში, მე გამახარებენ. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ისიამოვნებენ და გულშემატკივარსაც გაუხარდება ასეთი დონის მოთამაშეების საქართველოში ხილვა.

- თხოვნაა, დურანტს საქართველოს სურათები აჩვენო...
- ტელეფონით რამდენიც შეიძლებოდა, ვაჩვენე. მოყოლით, რამდენიც შეიძლებოდა, მოვუყევი.

ინტერესი ამიტომაც გაუჩნდათ. თუმცა ასეთი დატვირთული სეზონის შემდეგ ასეთ გრძელ გზაზე რომ წამოხვიდე, მართლა ძალიან უნდა გინდოდეს. ასე რომ, თუ უარი თქვეს, ვერ გავამტყუნებ.

კალიფორნია კიდევ უფრო შორსაა საქართველოდან, ვიდრე, ვთქვათ ჯორჯიის შტატი...

დამატებითი მოტივაციაც გავუჩინე: ვუთხარი - თუ საქართველოში ჩამოხვალთ, ის მილიონ-ნახევარი ხმა, რაც "ოლ სტარის" გამოკითხვაში მივიღე, მომავალში მათაც ერგებათ. ასე რომ, თუ ჩამოვიდნენ, ჩემს ხმებს მათ ვუთმობ.

- გუნდში ვისთან მეგობრობ?
- ვინც სეზონის განმავლობაში საკალათბურთო თუ მოედნისმიღმა ამბებს რეგულარულად ადევნებდა თვალს, მიხვდება, ვისთანაც ვმეგობრობ - კლეი ტომპსონთან. თუმცა აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება ტომპსონს, მაგარი ადამიანია, ბევრი საერთო ვიპოვეთ.

- ნაკრებში როგორ გამოგადგება ჩემპიონობა?
- ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. მწვრთნელებისგან, თანაგუნდელებისგან ბევრი რამ ვისწავლე, რაც არა მხოლოდ ნაკრებში, ცხოვრებაშიც გამომადგება. ამას ველოდი კიდეც. საქმე მხოლოდ ჩემპიონობაში არ არის, "გოლდენ სტეიტში" გადასვლა, პირველ რიგში, გამოცდილებისთვის იყო აუცილებელი. პროფესიონალი სწორედ გამოცდილებით ფასდება.

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შანსებზე რას ფიქრობ?
- კარგი შედეგის დაფიქსირების შანსი ყოველთვისაა. მთავარია, ყველა კალათბურთელი მწყობრში შეხვდეს ევრობასკეტს. მოგეხსენებათ, რაც უფრო გემატება ასაკი, ტრავმების საშიშროებაც მატულობს, სამწუხაროდ. მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე ჩვენთვის დიდი ძალაა. სერიოზული გამოცდილება აქვთ. თითქმის მთელი წელი გაუცდა ერთსაც და მეორესაც. ახლა რეაბილიტაციას გადიან და იმედი მაქვს, ეს ბიჭები ნაკრებს მაქსიმალურად დაეხმარებიან. ასე რომ, შანსებზე მსჯელობა ნაადრევია, მთავარია, ყველა მწყობრში იყოს. დანარჩენს მოსამზადებელი პერიოდი გვიჩვენებს.

ერთს დავამატებ: ისეთი ხასიათი ჩამოგვიყალიბდა, როცა საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკობენ (ჩვენთან თუ საზღვარგარეთ), ყველამ იცის: ნაკრებში ვინც უნდა ითამაშოს, მისი გატეხა იოლი არ იქნება, ბოლომდე თავგამოდებით იბრძვის. ენერგია არასოდეს დაგვიშურებია. ბევრი თამაში წაგვიგია, ბევრიც მოგვიგია, მაგრამ ყველა შეხვედრაში გვიბრძოლია. ესაა ჩვენი გენი და ხასიათი.

- საქართველოს ნაკრებში თუ ხედავ ნიჭიერი კალათბურთელებს, რომლებიც მომავალში გუნდს გაუძღვებიან?
- არიან ახალგაზრდები, რომლების იმედიც უნდა გვქონდეს. მთავარია, პროფესიული ზრდა განაგრძონ. გამოვყოფდი სანდრო მამუკელაშვილს, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს. იგი ამერიკაშია. "ჰაი სქულიდან" კოლეჯში გადავიდა. ვგულშემატკივრობ, ძალიან მინდა, ზრდა განაგრძოს, წარმატებას მიაღწიოს საქართველოს ნაკრებთან ერთადაც და NBA-შიც მოხვდეს.

გვყავს გოგა ბითაძე. სერბეთში თამაშობს. ძალიან კარგი ბიჭია. ნათელი მომავალი აქვს. ვიმედოვნებ, ჩვენი აკადემიიდანაც მოხვდებიან საქართველოს ნაკრებში და ღირსეულად დაიმკვიდრებენ ადგილს.

შედარებით ახალგაზრდები არიან ცოტნე ცარციძე და ალექსანდრე მერკვილაძე. ისინი ჩვენთან ახლოს არიან, კალიფორნიის შტატში თამაშობენ. თუ დავამატებთ ნაკრების ახალგაზრდა წევრებს, თორნიკე შენგელიას, ბექა ბურჯანაძეს, დუდა სანაძეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს კალათბურთს მომავალი აქვს. რაც უფრო მეტი კარგი კალათბურთელი გვეყოლება და მეტი კონკურენცია იქნება, მით უფრო მაღალ შედეგს მივაღწევთ.

- ევროპის ჩემპიონობაზე არ გიფიქრია?
- "გოლდენ სტეიტთან" ერთად სეზონი წარმატებით რომ დავასრულე, თბილისიდან ჩამოსულ მეგობრებთან ერთად ამ თემაზე არაერთხელ ვისაუბრე. ივნისში NBA-ს ჩემპიონობა, სექტემბერში ევრობასკეტის მოგება! ეს იქნება სასწაული. თუმცა გავიმეორებ - ჩემპიონობის მოპოვება ძალიან რთულია. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და გზაც გამოჩნდება. შანსი ყველას აქვს, გჭირდება კარგი მომზადება, შემადგენლობა, გამართლება...

- დაგეგმილია კემპი ზაზას აკადემიაში. ვინ ჩამოვა?
- სლოვენიელი მარკო მილიჩი. წარმატებული კალათბურთელი იყო, თამაშობდა ევროლიგის გუნდებშიც და NBA-შიც. მასთან ერთად ჩვენს კემპში მონაწილეობას მიიღებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე მწვრთნელი.

- აკადემიაზე უფრო კონკრეტულად ვთქვათ...
- დიდი ხნის წინ მინდოდა საკუთარი აკადემიის გახსნა, თუმცა 2015 წელს გავხსენი და დღეს სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ყოფილ კალათბურთელებს, იმავე არვიდას საბონისს, შარუნას მარჩულიონისს, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების წარმომადგენლებს აქვთ საკუთარი აკადემიები და ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საკუთარ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებაში.

მეც ოცნებად მქონდა აკადემიის გახსნა. დადგა დრო, როდესაც სახელმწიფომ გადმომცა დარბაზი. სწორედ ის მანეჟი, სადაც კალათბურთის თამაში დავიწყე, გავიზარდე. სადღეისოდ აკადემიაში 600 ბავშვამდე ვარჯიშობს, 5-დან 20 წლამდე ასაკისანი... ვაჟებიც და გოგონებიც.

სამწუხაროდ, გოგონები იმდენად არ აქტიურობენ, რამდენადაც ბიჭები, თუმცა ორივესთვის კარი ღიაა. გვყავს მაღალი დონის ორი უცხოელი მწვრთნელი, ერთი - სერბი, მეორე - სლოვენიელი.

მიხარია, რომ ჩვენს ბავშვებს აქვთ ასეთი დონის სპეციალისტებთან მუშაობის საშუალება. მომავალი სეზონიდან კიდევ ერთი მწვრთნელის დამატებას ვაპირებთ, ამერიკელის.

ვფიქრობ, ამ ბავშვებს ყველა პირობა ექნებათ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს. გვესმის, რომ ყველა NBA-ში ვერ მოხვდება, მაგრამ ჩვენი და ჩვენი მწვრთნელების ამოცანაა, თითოეულმა ბავშვმა თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს. ბავშვებს საკუთარ მაგალითზე ვეუბნები, რომ გარკვეული შედეგის მისაღწევად დრო და მუშაობაა აუცილებელი.

- ჯორდანი თუ ლებრონი?
- არც დავფიქრდები - ჯორდანი.

- მსოფლიოს კალათბურთის ისტორიაში იყო რამდენიმე მოთამაშე, რომლებმაც სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე და ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინეს...
- ასეთი იყო მაიკლ ჯორდანი. კალათბურთის თამაში რომ დავიწყე, მაშინ მაიკლი "ჩიკაგოში" თამაშობდა. თუმცა იმას თამაში არ ერქვა - დაფრინავდა. ვცდილობდი, მისი თამაში არ გამომეტოვებინა. კედელზე ჯორდანის სურათები მეკრა. კალათბურთელად რომ ჩამოვყალიბდი და წინახაზელი გავხდი, ტიმ დანკანს ვაკვირდებოდი, მის მოძრაობებს ვსწავლობდი... ეს ორი მოთამაშე იყო ჩემთვის მისაბაძი მაგალითი.

- ყველა დროის საუკეთესო ხუთეული...
- გამთამაშებლად მეჯიქ ჯონსონი, მსროლელად - მაიკლ ჯორდანი, მსუბუქ ფორვარდად დავაყენებდი ლარი ბერდს, მძიმე ფორვარდად - ტიმ დანკანს, ცენტრად - შაკილ ონილს. ძალიან რთული ასარჩევია. არ დამისახელებია მოქმედი სპორტსმენები, არადა, მართლა კაშკაშა ვარსკვლავები არიან. ისინი თავისუფლად შეგიძლია ჩაანაცვლო ჩემ მიერ დასახელებულ ხუთეულის წევრებს.

- სტეფ კარი როგორი ადამიანია?
- გუნდს რომ შევუერთდი, პირველ რიგში, სწორედ კალათბურთელებთან ურთიერთობებზე ვფიქრობდი. მაინტერესებდა, როგორი ადამიანები დამხვდებოდნენ. ბევრი სუპერვარსკვლავი მინახავს. ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს. "გოლდენ სტეიტში" ამდენი ტოპ-მოთამაშის გამო შესაძლოა, სხვა სიტუაცია დამხვედროდა. იქნებ ურთიერთობებიც "ჩაკეტილი" ყოფილიყო, ვინმესთან თქვენობით ლაპარაკი დაგვჭირვებოდა... მივედი ვარჯიშზე და სულ სხვა სიტუაცია ვნახე - ასეთი უბრალო ხალხი მანამდე მართლა არ შემხვედრია. ამან ახალწვეულებს გაგვიადვილა ურთიერთობების მალევე აწყობა, ერთმანეთთან დაახლოება.

ჩაკეტილი არავინაა, რასაც ვაკეთებდით, ერთმანეთთან გაზიარებით, ერთობლივი ძალით, გუნდურად. ყოველ გასვლით მატჩზე ერთად ვვახშმობდით. გავიხსენებ პირველ რეაქციას: როდესაც ჩემი გუნდში ჩარიცხვის ამბავი გავრცელდა, ტელეფონზე დრეიმონდ გრინის მოლოცვა მომივიდა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა. მიხარია, რომ განვლილ სეზონში ასეთი გუნდელები მყავდა.

- არის თუ არა სტეფ კარი ყველაზე მაგარი მტყორცნელი?
- ვისთანაც მითამაშია, მათგან სამეულს შევარჩევ: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი და დირკ ნოვიცკი. სტეფი დისტანციას ვერ გრძნობს, შეუძლია ნებისმიერი წერტილიდან ჩააგდოს. თუ შეგიმჩნევიათ, მე და კარის თამაშის წინ ერთდროულად გვიწევდა გახურება. ცენტრიდან ისვრის ისე, როგორც მე - საჯარიმოს. ძალიან თავისუფლად. მას მოედანზე ყველაფერი შეუძლია.

- ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ვინ არის?
- სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი სადღეისოდ ბევრი არ არის. ორს დავასახელებ. ორივეს კარიერა დასრულებული აქვს: ძალიან მიჭირდა შაკილ ონილისა და იაო მინის წინააღმდეგ. შაკი ფიზიკურად დიდია, ჩემზე მაღალია. პირველად რომ ვეთამაშე, 19 წლისა ვიყავი, გამოუცდელი, ამჟამინდელზე 20 კილოგრამით ნაკლები. ასე ვთქვათ, ვიჩაგრებოდი. იაო მინი ჩემზე 16 სანტიმეტრით მაღალია. მის გვერდით პატარა ბავშვივით ვჩანდი. დღეს საკმარისი გამოცდილება მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს წინააღმდეგ მიჭირს.

- ლებრონ ჯეიმსი თუ კევინ დურანტი?
- ვისთვის როგორ. ორივე ძალიან კარგი მოთამაშეა. ერთ პოზიციაზე თამაშობენ. გააჩნია, ვისზე ფიქრობ დაყრდნობას და რა ტიპის გუნდს აწყობ. ლებრონი უფრო ძალისმიერი კალათბურთელია, უყვარს პასის გაცემა, სურს, რომ თავისი გუნდელებიც ჩართულნი იყვნენ თამაშში. დურანტი უკეთესი მსროლელია, უკეთესი დამცველია. მას შეტევის მრავალფეროვანი იარაღი აქვს. ჩემი არჩევანი რომ იყოს, დურანტზე ავაწყობდი თამაშს.

- 2008 წლის ჩხუბის შემდეგ გარეტს თუ შეურიგდი?
- მიმაჩნია, მოედანზე რაც ხდება, თამაშის შემდეგ აღარ უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება ერთი სათამაშო ეპიზოდის გამო წყენის გულში ჩადება. მსგავს სიტუაციაში წლეულსაც აღმოვჩნდი. კავაი ლეონარდთან დაკავშირებულ ამბავს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ეს გულშემატკივარმა მოედნის გარეთ გადაიტანა, რაც მისაღები არ არის. არასწორია თამაშის სიტუაციიდან ოჯახის წევრებზე გადასვლა... რაც შეეხება კევინ გარნეტს, მასთან სიტუაცია 2008 წელს პლეი ოფის მატჩისას დაიძაბა და მომდევნო თამაშებში, მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. კარიერის ბოლოს "მინესოტა ტიმბერვულვზში" რომ დაბრუნდა, ერთ-ერთი საჯარიმოს დროს გადავხედე და ვუთხარი: რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ იცოდე - შენს საქმეს და კარიერას დიდ პატივს ვცემ-მეთქი. მას მართლაც ბევრი აქვს გაკეთებული.

ვგონებ, ერთადერთია, ვინც ერთდროულად ამდენ ქულას, მოხსნას, ჩაჭრას, პასს აგროვებდა. ეს ძალიან რთულია, დიდი შრომაა საჭირო. იგი ყველაფერს თავისი გუნდისთვის აკეთებდა. როგორ შეიძლება პატივი არ სცე.

- კიდევ რამდენ ხანს აპირებ კალათბურთში დარჩენას?
- რთულია წინასწარ მსგავსი რამის დაგეგმვა. ვიტყვი იმას, რასაც ჩემი გონება და გული მეუბნება - ვითამაშებ მანამ, სანამ შევძლებ, რადგან ამაზე დიდი სიამოვნება, ბედნიერება არ არსებობს. მთავარია, ფიზიკურად კარგად ვგრძნობ თავს, გულს უხარია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩემი ოჯახი ჩემ გვერდითაა. ჩემი მეუღლე, ბავშვები ჩართულები არიან კალათბურთში და არ მაქვს ის მომენტი, რომ სახლში უნდა წავიდე, ოჯახს შინ ვჭირდები. პირიქით, ოჯახი გვერდში მიდგას, რაც საშუალებას მაძლევს, მეტი მოტივაციით ვივარჯიშო, მეტად მივხედო ჩემს კარიერას. ბოლოს, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო გულშემატკივრობისთვის. ქართველების მხარში დგომას არა მარტო წელს, მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენიანია-ვარსკვლავური ავადმყოფობა არ ჭირს,ნეტავ ასეთი ვაჟკაცური გენი ქონდეს ჩვენს ფეხბურთელებს
მურთაზი
14:53 23-06-2017
0
გაუმარჯოს? რა თქმა უნდა გაუმარჯოს! მაგრამ ქართული შრიფტით დაწერილს სხვა მუღამი აქვს ;)
ლევანი
19:46 27-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული