შერმადინს ესპანეთში ვერ აჩერებენ - 27 ქულა, 11 მოხსნა და ტურის MVP-ის ტიტულის შანსი

AutoSharing Option
გიორგი შერმადინს ვერ აჩერებენ! ესპანეთის უმაღლესი ლიგის გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ქართველი ცენტრი იმავე ტიტულის მოგების უმთავრესი კანდიდატია და სავარაუდოდ, ისევ MVP გახდება.

მართალია, მისმა "ანდორამ" საშინაო მატჩი თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩასთან" წააგო, თუმცა შერმადინმა ზეშედეგიანობა გამოიჩინა და მთლიანი ტურის გათვალისწინებით, მარგი ქმედების უმაღლეს ნიშნულს - 38-ს უწია.

შერმადინმა წინა ტურის საუკეთესოობა მარგი ქმედების 36 ერთეულით მოიგო, ახლა კი მან საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. მოედანზე გატარებულ 25:31 წუთში გიორგიმ 27 ქულა, 11 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან
13-დან 9 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო და პირდაპირი გაგებით, დაჩაგრა უშუალო ოპონენტი, ვიტორიელთა ბერძენი ცენტრი იანის ბურუსისი. ამ უკანასკნელმა შეხვედრა 14 ქულით და 2 მოხსნით დაასრულა.

სამწუხაროდ, შერმადინის დიდებული გარჯა გამარჯვებით არ დაფასდა და "ანდორამ" 91:99 წააგო.

სტუმართა შორის არ უთამაშია შენგელიას, რომელიც ნაოპერაციებ ფეხს მკურნალობს. მის არყოფნაში გუნდს დარიუს ადამსმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.

12 მოგებითა და 19 მარცხით "ანდორა" ცხრილში მე-12 ადგილს "ხუვენტუდთან" იყოფს. "ლაბორალ კუჩა" კი 22 მოგებითა და 9 წაგებით მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ანდორელები სევილიაში, 11 მაისს გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გიორგი, ასეთი შედეგით ნებისმიერი ვარსკვლავი დაიტრაბახებდა. წარმატებები და წარმატებები. მადლობა რომ გვახარებ
dato
17:05 09-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული