[სახელი] უტიტულო ვარსკვლავი - დღეს გელა დარსაძეს 55 წელი შეუსრულდებოდა

AutoSharing Option
მაგიდაზე სიყვითლეშეპარული გაზეთები და ფოტოსურათებია გაშლილი. ვათვალიერებ მათ და მახსენდება გასული საუკუნის 80-იანი წლების თბილისის სპორტის სასახლის გადაჭედილი ტრიბუნები, მქუხარე ოვაცია და ხმამაღალი შეძახილები: გე-ლა, გე-ლა...

დიახ, გელა დარსაძე გახლდათ ქომაგთა გულთამპყრობელი, რომელიც შეუდარებელი გარღვევებითა და უზადო შორეული ტყორცნებით ხიბლავდა ყველას - შინ თუ გარეთ.

პირველი ნაბიჯები
1977 წლის ივნისში თბილისმა საქართველოს მოსწავლეთა 29-ე სპარტაკიადას უმასპინძლა. ქუთაისელმა კალათბურთელებმა, ფინალის გარდა, ყველა შეხვედრაში წარმატებას მიაღწიეს, გადამწყვეტი პაექრობა კი დედაქალაქელებთან დათმეს. გელა დარსაძემ 4 მატჩში საკუთარ გუნდს 127 ქულა შესძინა.

იმავე წლის შემოდგომაზე
ბათუმში 1962-63 წლებში დაბადებულ კალათბურთელთა პირველობა გაიმართა. სულიკო თორთლაძის შეგირდებმა ფინალში თბილისის "დინამოს" ნორჩ კალათბურთელებს 75:73 მოუგეს. დარსაძემ, რომელმაც გუნდს 31 ქულა მოუტანა, და მისმა მეგობრებმა საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად სსრ კავშირის პირველობის ზონალური ტურნირის საგზურიც მოიპოვეს.

ეს შეჯიბრება 1978 წელს უზბეკურ ანდიჟანში გაიმართა. ქუთაისელებმა თურქმენებსა და ასპარეზობის ფავორიტ ლატვიელებს აჯობეს, მესამე ტურში ლენინგრადის გუნდს, რომლის შემადგენლობაში 2 მეტრზე მეტი სიმაღლის ოთხი კალათბურთელი თამაშობდა, ქართველებმა 105:70 მოუგეს, საბოლოოდ კი ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მე-6 ადგილს დასჯერდნენ.

ქუთაისის გუნდიდან გელა დარსაძე, ედიშერ შვანგირაძე, ვალენტინ დერიუგინი და ანდრეი ალიხანოვი საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატებად დაასახელეს.

დინამოში
ქუთაისელმა ჭაბუკმა ტაშკენტში მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზეც მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება. იქიდან დაბრუნების შემდეგ მეცხრეკლასელი კალათბურთელი თბილისის "დინამოში" მიიწვიეს.

1979 წელს დუბლშემადგენლობათა საკავშირო პირველობის მე-2 ტურის შეხვედრები თბილისში გაიმართა. გელა დარსაძემ "დინამოს" მაისურით პირველად ვილნიუსის "სტატიბასთან" ითამაშა. დაძაბულ პაექრობაში მოგებულ მატჩში (82:80) დებიუტანტის ანგარიშზე 10 ქულა იყო, მინსკის რტი-სთან (115:114) 20 ქულას მოუყარა თავი, კიევის "სტროიტელთან" წარმატება (82:81) კი რიონისპირელი ჭაბუკის უშუალო დამსახურებაა: შეხვედრის დამთავრებამდე 20 წამით ადრე სტუმრები 4 ქულით იგებდნენ შეხვედრას. დარჩენილ დროში დარსაძემ ორი ინდივიდუალური გარღვევითა და ერთი ზუსტი საჯარიმო ტყორცნით "დინამოს" დუბლებს გამარჯვება მოუტანა, თავად კი 16 ქულით გამოირჩა.

ბოლო მატჩში ქართველებმა რიგის ვეფ-ის კალათბურთელებს აჯობეს - 97:90. გელამ იმ ორთაბრძოლაში 21 ქულა მიითვალა.

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა ნიჭიერ კალათბურთელს 1979 წელსვე გაუხსნა გზა დიდი სარბიელისკენ - ძირითად შემადგენლობაში ანდო ადგილი. დებიუტი მოსკოვში შედგა ვარსკვლავებით დახუნძლულ ცსკა-სთან. ეს ის პერიოდია, როცა "დინამო" დაღმავალი გზით მიდიოდა, უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი წყდებოდა.

პაატა გურასპაული, ვეტერანი კალათბურთელი:
"გელა "დინამოში" ჩემზე ერთი წლით ადრე მიიწვიეს. ეს პერიოდი მწვრთნელთა ხშირ ცვლას დაემთხვა: ჯერ მოსეშვილი ინწკირველით ჩაანაცვლეს, მერე ოლიმპიური ჩემპიონების - ქორქია-საკანდელიძის დუეტი მოვიდა, შემდეგ მოსეშვილი დაბრუნდა. გელა დარსაძე სწორედ ამ წლებში გამოიწრთო და გუნდის საიმედო საყრდენი გახდა.

ბევრი კარგი პარტნიორი მყავდა: "დინამოში" დერიუგინი და ნოდარ ქორქია, საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებში - არვიდას საბონისი და ხოსე ბირიუკოვი, მაგრამ ყველაზე უკეთ გელასთან ვიყავი შეწყობილი. თვალდახუჭული ვუგებდით ერთმანეთს, შინაგანად გრძნობდა, სად და როდის მიეწოდებინა პასი პარტნიორისთვის. ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯებოდა. მისი რეაქტიული სისწრაფე და იმპროვიზაცია თავგზას უბნევდა მეტოქეებს".
.
ქომაგების კერპი

თბილისის "დინამომ" ნელ-ნელა კრიზისი დაძლია და საკავშირო ჩემპიონატში ისევ ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. 1984 წელს ჩვენმა გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი გელა დარსაძემ შეიტანა.

გაზეთ "ლელოში" ცნობილმა ჟურნალისტმა ირაკლი ბერიაშვილმა დარსაძე-კაპუსტინის ტანდემს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი უწოდა. ამას სპეციალისტებიც აღიარებდნენ: ორივე კალათბურთელი მეტოქეებზე სწრაფი იყო და შორიდანაც კარგად ტყორცნიდნენ ბურთს კალათში.

ეს უპირატესობა განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა 1985 წლიდან, რაც სამქულიანები შემოიღეს. ეს სეზონი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა დარსაძისთვის, რომ ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა იგი წლის 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის დაასახელეს. იმავე წელს გუნდის კრებამ ახალგაზრდა ნიჭიერი კალათბურთელი "დინამოს" კაპიტნად აირჩია.

Sportall.Ge

გია სანაძე, ვეტერანი კალათბურთელი:
"გელა გამორჩეული ტალანტი იყო, თამაშის მანერით ზურაბ საკანდელიძეს ჰგავდა. მოედანზე მის მსგავს პარტნიორს თუ ინატრებს კაცი. არ მახსოვს, პასი დაეგვიანებინოს. რამდენიმე წელიწადი ერთ ოთახში ვცხოვრობდით, ამიტომ ბევრი რამ ვიცი მის შესახებ. მსგავსი უნიკალური - ალალი და მართალი პიროვნებები იშვიათად იბადებიან".

ზურაბ გრძელიძე, ვეტერანი კალათბურთელი:
"55-ე საკავშირო ჩემპიონატის სტარტზე გელა დარსაძე ყოველ მატჩში 20-25 ქულას აგროვებდა. პირველი წრის შედეგებით ბომბარდირი გახდა - 20 შეხვედრაში 420 ქულა მიითვალა. ტალინის ტურში ადგილობრივ "კალევთან" ორთაბრძოლაში მატჩის სადავეები თავიდანვე დინამოელებმა იგდეს ხელთ. შესვენების შემდეგ ვითარება შეიცვალა. საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ბალტიისპირელები ქულით წინ გავიდნენ - 77:76, თან შეტევაც მათ დაიწყეს, მაგრამ ერთ-ერთმა ესტონელმა ბურთი დაკარგა, მას გელა დაეუფლა და ზუსტი სამქულიანი ტყორცნით "დინამოს" გაამარჯვებინა - 79:77.

გულისხმიერი პიროვნება იყო, გამორჩეული სითბოს კაცი. ქუთაისიდან რომ ჩამოვიდა, ბინა საბურთალოზე ჰქონდა, მაგრამ ჩემთან ცხოვრობდა დიდუბეში. ჩემს მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. დაქორწინების შემდეგ იმ ბინიდან გადავედი, გელას კი ჩემს მეზობლებთან კონტაქტები არ შეუწყვეტია.

გელა დარსაძე ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან. არა მარტო ოჯახმა, არამედ მთელმა საქართველომ დაკარგა დიდებული ადამიანი, ვირტუოზი კალათბურთელი".

1988 წლის ზაფხულში ნბა-ის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი "ატლანტა ჰოუქსი" ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად. პირველი შეხვედრა საკავშირო ნაკრებთან 25 ივლისს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

ლევან მოსეშვილის თხოვნით, ალექსანდრ გომელსკიმ მასპინძელთა გუნდის შემადგენლობაში მცირე ხნით ათამაშა გელა დარსაძე, რომელიც მთელი თვის უვარჯიშებელი იყო. ის მატჩი საბჭოელებმა 84:85 დათმეს. მერე გომელსკის დარსაძე გუნდში არ მიუწვევია. არადა, იმავე წელს პარდუბიცეში ხუთთა ტურნირზე, სადაც "დინამომ" მე-3 ადგილი დაიკავა, გელა დარსაძე საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ერთგულება
საბჭოეთის დაშლის შემდეგ გელა დარსაძემ კარგა ხანს ითამაშა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც. იგი ბოლომდე თბილისის "დინამოს" და ლევან მოსეშვილის ერთგული დარჩა. გაზეთმა "სარბიელმა" 1995-96 წლების საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა და სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვა. ბოლოს "ქუთაისი 2010"-ის მწვრთნელი გახლდათ.

ნინო ადამია, გელა დარსაძის მეუღლე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი:
"2013 წლის იანვარში გვინდოდა, ხელი მოგვეწერა. ბოლოს გადავწყვიტეთ, პირველ ივნისს ნინოობაზე დაგვეწერა ჯვარი. მერე იტალიაში მივდიოდი კონფერენციაზე, გელაც უნდა წამოსულიყო, წინასწარ ბილეთებიც ავიღეთ, მაგრამ... იგი მაისში გარდაიცვალა".

14 აპრილს გელა დარსაძეს 55 წელი შეუსრულდებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
"Qartveli kalatburtrlebi aseti shemadgenlobit asparezoben kapustini, borodachevi, tiubini, deriugini da gela darsaze. Diax megobrebo gela darsaze". Komentatoris legendaruli fraza. Martla legenda iyo gela. Egeti adamianebi ase uyuradgebod ar unda midiodnen. Saertod ar gaakares qartul kalatburts? Nutu mcvrtnelad ar gamodgeboda?
Samcuxaroa
23:13 15-04-2017
1
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გელას სული !!!
ეხლა გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი და ძალიან დამენანა .
გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი თამაშები ისიც ატლანტასთან ჩატარებული თამაში. სულ სამი წუთით შეიყვანეს მოედანზე და იმ დროშიც მოასწრო გაბრწყინება , ეხლაც კი მახსოვს იმ თამაშში გელას თავგანწირული ნახტომი ბურთის შესანარჩუნებლად მაყურებლებში , რომ გაფრინდა. ბევრი კარგი მოგონებები დაამშვენებს მის ნათელ ხსოვნას...
ბესო72
17:52 14-04-2017
0

სიახლეები პოპულარული