JR.NBA-სთან თანამშრობლობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება

AutoSharing Option
22 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან ერთად, ნბა-სა და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარ დირექტორ ნილ მეიერს და "ჯუნიორ ნბა"-ს წარმომადგენლებს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრას საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე და ასევე, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა JR.NBA - GBF ლიგა" გახლდათ, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.

შეხვედრაზე შეჯამდა აღნიშნული ღონისძიების 2 სეზონი, რომელიც საქართველოში კალათბურთს კიდევ უფრო მასობრივსა და პოპულარულს ხდის. ტურნირში ქვეყნის მასშტაბით
წელს უკვე 1000-მდე მოზარდია ჩართული.

Sportall.Ge

ტარიელ ხეჩიკაშვილი:
"ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს სტუმრებთან. კარგია, რომ ეს პროექტი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. წელს უფრო მასშტაბურია ეს პროექტი, რადგან 1000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და წარმატებული ტურნირია და გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა, მომავალი NBA-ს ვარსკვლავები გაიზარდონ საქართველოში. მთავარი საკითხი, რომელზეც ამ შეხვედრაზე შევთანხმდით, არის ამ პროექტის რეგიონალური მასშტაბით გაზრდა და ჩვენ უკვე ხვალიდანვე დავიწყებთ ზრუნვას იმაზე, თუ როგორ გახდეს კიდევ უფრო მასშტაბური ეს პროექტი.

შემდეგი ეტაპი საქართველოში NBA-ს აკადემიის დაარსებას ითვალისწინებს და ეს ცალსახად ხელს შეუწყობს ყველა იმ ბავშვის ოცნებას, რომელიც ცდილობს, გახდეს ისეთივე წარმატებული, როგორც ზაზა ფაჩულიაა".

მიხეილ გაბრიჩიძე:
"პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი დონის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში. უკვე მეორე წელია მიმდინარეობს პრაქტიკული ურთიერთობა JR.NBA-სთან და ამ პარტნიორულმა ურთიერთობამ მოგვცა შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო მეტი ჩართულობა. რეიტინგით ევროპის მასშტაბით ჩვენი შარშანდელი JR.NBA ლიგა პირველ ადგილზე იყო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ფედერაციისათვის.

დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო - სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, თუ ასეთი კარგი იდეები გაჟღერდებოდა. პირველი ნაბიჯი ბავშვთა შორის საერთაშორისო თამაშების გამართვა იქნება, ხოლო შემდგომი ურთიერთობა და წარმატებები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ. ეს პროექტი გვაძლევს საშუალებას, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ბავშვი ჩაერთოს და უფრო პოპულარული გახდეს საქართველოში კალათბურთი.

იმედი მაქვს, რომ გვეყოლება ძალიან ბევრი ისეთი წარმატებული კალათბურთელი, როგორიც ზაზაა და არა მარტო NBA-ში, არამედ დიდ ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველი კალათბურთელის მსგავსად კარგ შედეგებს აჩვენებენ. ეს ყველაფერი კი უთუოდ წაადგება ჩვენს ფლაგმანს - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს".

ნილ მეიერი:
"NBA-ს სახელით მინდა განვაცხადო, რომ ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ამ პროექტის განხორციელება. პირადად ჩემთვის პატივია, რომ მომეცა შანსი, შევხვედროდი ბატონ მინისტრსა და ფედერაციის პრეზიდენტს. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობაზე - თუ როგორ გადავიდეთ თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალ ეტაპზე.

ფედერაციასთან ერთად მუშაობით ჩვენ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ JR.NBA-ს ფარგლებში, რომლის შედეგიც სახეზეა - წელს უფრო მეტი ბავშვია ჩართული ამ ტურნირში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, სამინისტროსგან და ფედერაციისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა, რათა გავზარდოთ საკალათბურთო ჩართულობა საქართველოს მასშტაბით".

"JR.NBA-GBF ლიგის" ფინალი 27 ივნისს გაიმართება. ფინალურ ეტაპზე JR.NBA ლიგის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო 450 ბავშვისთვის ნბა-ის გუნდების მაისურები და ბურთები, საქართველოს მასშტაბით პირველად გაკეთდა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ვებგვერდი www.jrnbaleague.ge 2005-06-07 წლებში დაბადებული ბავშვებისთვის, სადაც მომხმარებელს ჩემპიონატის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლია.

ლიგის ფინალზე საქართველოში ჩამოდიან ნბა-ს მოთამაშეები, აგრეთვე, საქართველოში პირველად წარდგებიან შოუ-ბატუტის ცნობილი შემსრულებლები.

"JR.NBA - GBF ლიგის" მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული