ვილი ისიანი - მეკარის ნახტომით კალათბურთში

AutoSharing Option
20 მაისს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის.

ქულების საშუალო მაჩვენებლით შეჯიბრების ლიდერი ვილი ისიანი იყო - 29.9. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 19.3 მოხსნა, 3 დაფარება, 3.5 ჩაჭრა და 4.1 პასი იყო. იმასაც შეგახსენებთ, რომ ვილი ის კალათბურთელია, ამ სეზონში, ერთ მატჩში 127 ქულა რომ ჩააგდო ("მართვესთან") იხილეთ ვრცლად.

კიდევ არაერთი შთამბეჭდავი ციფრის ჩამოწერა შეგვიძლია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი 1997 წლის 11 აგვისტოსაა დაბადებული, ჯერ 15 წლისაა და ეფექტურ მონაგ
არს 16-წლამდელთა ჩემპიონატში აგროვებს.

საქმე ისაა, ასაკის მატებასთან ერთად, რიცხვებმა არ იკლოს, რაც ურთულესი საქმეა. ამისთვის აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა.

ცნობილ სპეციალისტს, სვეტისლავ პეშიჩს აქვს ნათქვამი: გუნდში ნიჭიერი კალათბურთელები კი არა, შრომის ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეები მჭირდებაო.

ჰოდა, სწორედ ადრეული ასაკიდან უნდა გამომუშავდეს შრომის ნიჭი, თორემ ქართველებში ბუნებრივ ტალანტებს რა გამოლევს.

მოკლედ, დროა, უკეთ გავიცნოთ "შსს აკადემიასა" და კადეტთა ნაკრების მეათე ნომერი ვილი ისიანი, რომელიც საფეხბურთო გორის "დილას" მენეჯერის, გია ისიანის ვაჟია ( გია ისიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა).

- კალათბურთის თამაში 11 წლისამ სერგო იშხნელთან დავიწყე. ერთი წლის შემდეგ "დინამოში" არჩილ ჟღენტთან გადავედი. მან ნება დამრთო, თამაშებისთვის "აკადემიას" დავმატებოდი, რადგან "დინამოში" უფროსებთან მიწევდა ვარჯიში. სხვათა შორის, ვასილ სომხიშვილთან "აკადემიაში" ახლაც დავდივარ - ინდივიდუალურად ვემზადები.

- ამჟამად "შსს აკადემიას" 16-წლამდელთა გუნდში ხარ...
- აქ არჩილ ჟღენტი გადმოვიდა და თან წამომიყვანა. ეს სეზონი გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ჩავატარე.

მისთვის პირველი წელი იყო მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მოხარული ვარ, იმედები გავუმართლეთ და ჩემპიონები გავხდით. ეს ჩემთვისაც პირველი ჯილდო იყო. მანამდე მხოლოდ ვერცხლის მედალი მქონდა მოპოვებული.

- რომელ გუნდში?
- კალათბურთში არა...

- იოლი მისახვედრია - ფეხბურთში...
- ასეა. ფეხბურთზე ოთხი წელი ვიარე, მეკარე ვიყავი. ერთ-ერთ ტურნირზე ვერცხლის მედლები მოვიგეთ და საუკეთესო მეკარის პრიზი მომცეს.

- კალათბურთზე გადასვლა რატომ გადაწყვიტე?
- დედაჩემის რჩევით შევედი. ბებიაჩემი, ია ახრახაძე კალათბურთელი იყო და სსრ კავშირის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

არ მინდა გამომრჩეს, ინდივიდუალურად ვემზადებოდი ოლიმპიურ ჩემპიონ რობერტ შავლაყაძესთან, რომლის დახმარებითაც სიმაღლეზე ხტომა გავაუმჯობესე.

- ამ სეზონში რეკორდი დაამყარე. რას ნიშნავდა შენთვის 40 წუთში 127 ქულის ჩაგდება?
- მნიშვნელოვანი იყო, თავდაჯერება შემემატა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ 127 ქულა, უმთავრესად, გუნდის დამსახურება იყო, რეკორდის დამყარებაში მეგობრები ყოველმხრივ მეხმარებოდნენ.

- შსს-ს მთავარი მწვრთნელი გიორგიოს კეცელიდისი ახალგაზრდებს დიდ გუნდში ხშირად გიხმობთ...
- ჩვენთვის დიდი სტიმულია. ინგლისური ვიცი და ყურადღებით ვუსმენ მის რჩევა-დარიგებებს, რომლებსაც თავის კალათბურთელებს აძლევს. ვიცი, რომ ეს მეც გამომადგება.

- სხვადასხვა პოზიციაზე გიწევს თამაში. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვი, მესამე-მეოთხე ნომრების ამპლუაში თამაში მირჩევნიაო...
- მწვრთნელს სადაც დავჭირდები, იქ დავდგები. მიყვარს გარედან თამაში, ნელ-ნელა ვსწავლობ ყველაფერს, რაც პერიმეტრის მოთამაშესაც სჭირდება, რადგან კალათბურთი წინ მიდის და აუცილებელია უნივერსალიზმი.

- საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრი ხარ. გუნდი ამ სეზონშიც არაერთხელ შეიკრიბა...
- ვემზადებით B დივიზიონის მატჩებისთვის. რამდენიმე თვის წინ პირველი გასვლითი ტურნე გვქონდა - ბელორუსის საერთაშორისო ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა.

მასპინძლების, უკრაინელებისა და ლიტველების წინააღმდეგ ვითამაშეთ. შეხვედრები ვერ მოვიგეთ, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღეთ. საუკეთესო ცენტრად დამასახელეს.

- სხვათა შორის, ბელორუსი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირშიც ჩვენი მეტოქეა...
- დავმარცხდით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის დიდი სხვაობაა. სარაევოში ბელორუსის ძლევა შეგვიძლია.

ჯგუფში ასევე გვყავს ავსტრია, ლუქსემბურგი, უნგრეთი და ჩეხეთი. გრანდი არც ერთია, მაგრამ იოლად დასაძლევი ერთიც არ იქნება. იმედი მაქვს, ჯგუფიდან გასვლას შევძლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია დიდი მომავალი ექნება ამ ბიჭს... არ არის აქ დასატოვებელი გაუშვით სადმე!
davinchi
19:40 25-05-2013
0
ევროპაზე გამოჩნდება წილი შენი ვაჟკაცობა, წარმატებები მთელ გუნდს გისურბეთ
გუგა
08:59 24-05-2013
0

სიახლეები პოპულარული