"არმიამ", შესაძლოა, ვითიბის ლიგაზე იასპარეზოს

AutoSharing Option
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვცდილობთ, გავარღვიოთ წრე და საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი კუთვნილი ადგილი დავიმკვიდროთ.

საქართველოს ნაკრებმა ეს შეძლო. იგი ევროპის საუკეთესო ათეულსა და ოცეულს შორის სტაბილურად ტრიალებს.

საკლუბო სივრცეში კი საქართველო ოროსანი ბავშვივით კუთხეში დგას (ეს გამოთქმა კომუნისტების დროიდან შემორჩა).

2011-12 წლების სეზონში "არმიას" ჰქონდა მოჯადოებული წრიდან გაჭრის მცდელობა, ძლიერი შემადგენლობაც შეკრიბა, ევროჩელენჯზე სამი თამაშიც მოიგო, მაგრამ მას მერე გუნდის საქმე უარესობისკენ შეიცვალა და ახლა ევროპაზე გასვლაზე აღარავინ ლაპარაკობს.

თუმცა არა, ამ საკითხზე თვით ვითიბი ლიგის გენერალური დირექტორი ანდრეი შიროკოვი მსჯელობს.

მისი თქმით, ქართულ კლუბებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და განიხილება ერთ-ერთის ლიგაზე თამაში. უფრო კონკრეტულად გაზეთ "კომერსანტში" წერია, სათაურით - "არმია" ვითიბი ლიგისკენ მიისწრაფვის". გთავაზობთ სრულ თარგმანს.

* * *

"ერთ-ერთი ქართული გუნდის განაცხადს ვითიბის ხელმძღვანელობა ახლო მომავალში მიიღებს.

ალბათ, ეს "არმია" იქნება, - თქვა ლიგის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი შიროკოვმა.

ეს შეჯიბრება 2009 წლიდან იმართება. 2012-13 წლების სეზონში მასში მონაწილეობდნენ გუნდები რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, ჩეხეთიდან და ყაზახეთიდან.

ამჯერად ქართულ კლუბს მწვანე ბარათს უბოძებენ და ითამაშებს ვითიბი ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელში მონაწილე დუეტი უკვე ცნობილია: ესტონეთის "კალევი" და ლიტვის "ნეპტუნასი".

- ბოლო თვეში მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ქართული კლუბების წარმომადგენლებთან, რომლებიც ლიგაში თამაშს ესწრაფვიან. განაცხადს უახლოეს დროში ველით.

განიხილება რამდენიმე კლუბის ვარიანტი, მაგრამ მათ შორის "არმიას" გამორჩევა შემიძლია. მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადების მიღების ბოლო დღე 15 ივნისია, 20-მდე გუნდის პირობებს განვიხილავთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ.

"არმია" საქართველოს ორგზის ჩემპიონია (2011 და 2012 წლებში), ხოლო 2013 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა."

* * *

როგორც ხედავთ, ვითიბი ლიგაზე აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყნის წარმომადგენელია. ვისაც საკალათბურთო სამყაროში თუნდაც მცირე პრეტენზია აქვს, ყველა ვითიბი ლიგაშია გაწევრიანებული.

ამ შეჯიბრებას ზოგი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ადარებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასში პოლონური და ჩეხური კლუბებიც მონაწილეობენ. ორიოდე წლის წინათ შვედებიც თამაშობდნენ.

ზემოთ მოჯადოებული წრე ვახსენეთ და მას რომელიმე ქართული კლუბი ვითიბი ლიგაზე გამოსვლით თუ გაარღვევდა, ურიგო არ იქნებოდა. საქართველოში ხომ ერთმანეთის მიყოლებით ჩამოვიდოდნენ: "ჟალგირისი", "კალევი", ცსკა, "ბუდიველნიკი", "ნიმბურკი"...

* * *

მოდით, ჯერ "არმიას" საკითხი გავარკვიოთ, მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს დავუკავშირდეთ.

- არცთუ დიდი ხნის წინ იყო ლაპარაკი ჩვენი გუნდის ვითიბი ლიგაზე გასვლასთან დაკავშირებით.

მიმაჩნია, რომ ასეთ შეჯიბრებაში ნებისმიერი ჩვენი გუნდის თამაში ქართულ კალათბურთს წაადგებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. გადაწყვეტილია, რომ "არმია" ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - გვითხრა კოტე ტუღუშმა.

რადგან ვითიბი ლიგის პრეზიდენტი "არმიას" გარდა სხვა კლუბებსაც ახსენებს, ლოგიკურია, რომ საქმის კურსში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანიც უნდა იყოს...

- ჩემი ინფორმაციით, იყო მსჯელობა ვითიბი ლიგაზე "არმიას" მონაწილეობასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ვიცი, ეს ვარიანტი არ გამოვიდა.

რაც შეეხება სხვა კლუბებს, არა მგონია, წლეულს რომელიმემ მოასწროს განაცხადის შეტანა, რადგან ვადა 15 ივნისს იწურება.

რადგან ძველთაგანვე საქართველოს სახეს თბილისის "დინამო" წარმოადგენდა, უპრიანი იქნებოდა, ვითიბი ლიგაზე სწორედ ეს გუნდი გასულიყო. თუმცა გუნდის პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა გვითხრა, რომ წლეულს "დინამოს" ვითიბი ლიგაზე გასვლა არ იგეგმება. თუმცაღა, ამ საკითხზე "დინამოსთან" მიმართებაში მსჯელობა მართლაც ყოფილა.

მოკლედ, ბევრს არ განვაგრძობთ, გეტყვით, რომ გადამოწმების მიზნით დავუკავშირდით "სოხუმის" პრესცენტრის ხელმძღვანელ თენგიზ პაჭკორიას, "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანსა და "შსს აკადემიას" სპორტულ დირექტორ ლევან მიქაბერიძეს. დამაიმედებელი ვერაფერი შევიტყვეთ...

დაველოდოთ 15 ივნისს, იქნებ მანამდე რომელიმე ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ ლიგაზე თამაში მოიფიქროს და გაისად თბილისში ევროპული დონის საკლუბო კალათბურთი ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული