მიხეილ გაბრიჩიძე კოკოშკოვზე: 6 წელი საკმაოდ დიდი დრო იყო ერთი მწვრთნელისთვის

AutoSharing Option
16 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისი გუნდი წარადგინა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც უახლოეს მომავალში მუშაობას გეგმავს.

ახალი პრეზიდენტის წარდგინებით, 11 დეკემბერს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე გამგეობა დამტკიცდა 9 წევრის შემადგენლობით: მიხეილ გაბრიჩიძე, გიორგი ქართველიშვილი, თემურ დათიკაშვილი, ვლადიმერ ბოისა, კახა შენგელია, გიორგი სანაძე, ნოდარ ქორქია, ვალერი ლომაძე, გივი ბიჭიაშვილი.

16 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი მიხეილ გაბრიჩიძემ ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი წარადგინა.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 2 ვიცე
-პრეზიდენტის პოსტს ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების წევრები - კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა დაიკავებენ, ხოლო გენერალური მდივანი ვეტერანი კალათბურთელი და იურისტი, გიორგი ქართველიშვილი იქნება.

სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ გაბრიჩიძემ და მისი გუნდის წევრებმა უახლოეს გეგმებზე ისაუბრეს და ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს:

მიხეილ გაბრიჩიძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
"პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ იმის გამო, რომ თქვენ მიერ გაშუქებული ინფორმაცია იყო აბსოლუტურად ობიექტური, რაც დაგვეხმარა იმაში, რომ ჩაგვეტარებინა არჩევნები 11 დეკემბერს ძალიან საქმიან ატმოსფეროში.

დიდი მადლობა ყველა იმ დელეგატს, რომელიც მოვიდა იმ დღეს და განსაკუთრებით მათ, ვინც მხარი მე დამიჭირა.

მინდა დავუდასტურო უდიდესი პატივისცემა ჩემს მეგობრებს, კახა შენგელიას და ვლადიმერ ბოისას, რომლებმაც არჩევნებიდან მოხსნეს თავიანთი კანდიდატურება ჩემს სასარგებლოდ. ამან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ეს ადამიანები საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის იბრძვიან და სურთ, არანაირი დაპირისპირება არ არსებობდეს. პირიქით, ჩვენ ერთიანი ძალებით ვაპირებთ მუშაობას. გვსურს, გავაგრძელოთ განვითარება და გადავიყვანოთ კალათბურთი ახალ ეტაპზე.

ჩვენ, როგორც შეგპირდით, პარასკევს ჩავატარეთ გამგეობის სხდომა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდა ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი. პატივი მაქვს, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგინოთ კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა. თავიდანავე აღვნიშნავ, რომ ისინი იქნებიან ვიცე-პრეზიდენტები თანაბარი უფლებამოსილებით, გენერალური მდივანი კი გიორგი ქართველიშვილი იქნება.

ჩვენს გუნდს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები შეადგენენ, სხვადასხვა მიმართულებით გაგვაჩნია გამოცდილება და ერთიანი ძალებით შევძლებთ, ქართული კალათბურთი განვითარების ახალ მიმართულებაზე გადავიყვანოთ.

პირველ რიგში, აუცილებელი იქნება აქტიური მუშაობა ფიბა-სთან და ფიბა-ევროპასთან წესდების ახალი ვარიანტის შესამუშავებლად. სამუშაო პროცესში ჩართულები იქნებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

გვაქვს სურვილი, სამუშაო ჯგუფში მოვიწვიოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იურისპრუდენციისა და სპორტული განვითარების დარგში მუშაობენ. გვსურს, გავიზიაროთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წესდებების შემქმნელი ჯგუფების აზრები. განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის სიტუაცია ჰგავს ჩვენს რეალობას და ამ რეგიონის წარმომადგენელთა გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ისეთი წესდება შევიმუშავოთ, რომ სადავო აღარაფერი იყოს.

პირველ ნაბიჯებს რაც შეეხება, იანვრიდან ჩავატარებთ ფინანსურ აუდიტს, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს კახა შენგელია. ჯგუფში შევა გამგეობის კიდევ რამდენიმე წევრი. მოხდება სრული აუდიტი რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩატარდება ინვენტარიზაცია და შესწავლილი იქნება პრობლემები. ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას რეგიონში კალათბურთის განვითარებისთვის, შევხვდებით ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და მუნიციპალიტეტებს. აუცილებელია, რომ ყველა რეგიონს ერთი გუნდი მაინც ჰყავდეს.

მუშაობაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი ვეტერანები. ამ ადამიანებმა თავიანთი ბრძოლისუნარიანობით და შრომით დღემდე მოიტანეს კალათბურთი, გამოიარეს ბევრი პრობლემა და მათი აზრი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ვეტერანები დაფასებულნი იქნებიან და მაქსიმალურად შევუწყობთ მათ ხელს, რომ ჰქონდეთ სათანადო პირობები და ანაზღაურება.

უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს სპეციალური ელექტრონული მისამართის შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, გამოაგზავნოს თავის მოსაზრება წესდებასთან და ზოგადად, საქართველოში კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით საინტერესო წინადადებების ავტორებს შევხვდებით და მათთან ვითანამშრომლებთ. აუცილებელია, რომ როგორც მოთამაშეები, ისე სპეციალისტები, ვეტერანები, გულშემატკივრები და რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც, იყვნენ ჩართულნი ახალი წესდების შემუშავებაში.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ამ თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციები. გვაქვს სურვილი, პირველ რიგში, მოთამაშეებს დაველაპარაკოთ. შეიქმნება სპეციალური ჯგუფი მწვრთნელების და სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც უახლოეს მომავალში გადაწყვეტს მწვრთნელის საკითხს.

პირადად ჩემი აზრით, 6 წელი საკმაოდ დიდი დრო იყო ერთი მწვრთნელისთვის და ალბათ, ახალი მიმართულების პოვნაა საჭირო.

ეროვნული ჩემპიონატის ფორმატთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული უკმაყოფილება. საახალწლო დასვენების შემდეგ მოვაწყობთ კონფერენციას კლუბების ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან. შევჯერდებით ერთად, თუ რა იქნება შესაცვლელი - შეეხება ეს გათამაშების ფორმატს თუ სხვა სახის ხარვეზებს".

კახა შენგელია, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:
"ვფიქრობ, რომ საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური შემადგენლობა შევიკრიბეთ, რომელიც მისაღებია საკალათბურთო სამყაროსთვის. ჩვენი მიზანი იქნება, ჩვენი საკალათბურთო კავშირები და გამოცდილება მოვახმაროთ საქართველოში კალათბურთის განვითარებას.

გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი:
"როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია წესდების სრულყოფა. ახალი წესდება უნდა შემუშავდეს, რომელიც სრულად გაიზიარებს საერთაშორისო საკალათბურთო სამყაროს რეკომენდაციებს.

ჩვენ 11 დეკემბრის ყრილობის დროსაც ავიღეთ პასუხისმგებლობა და მივიღეთ დელეგატთა დავალება, რათა სპორტის სამინისტროსთან, ფიბა-სთან და ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად დავიწყოთ მუშაობა ახალი წესდების შემუშავებაზე, რათა მომავალში აღარ მოხდეს ამ თემით აპელირება. ეს უნდა იყოს სამუშაო, ეს უნდა იყოს კანონი საკალათბურთო სამყაროსთვის და ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად სრულვყოფთ წესდებას.

მომავალში გავაგრძელებთ უფრო ინტენსიურ მუშაობას ფიბა-სთან, რომელთან ერთადაც ჩავატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას. თუ რა სახის ღონისძიებები იქნება ეს, ამაზე მომავალში ვისაუბრებთ. ჩვენი მიზანი არის ქართული საკალათბურთო სამყაროს კონსოლიდირება და ყველა აზრის გაზიარება. ისეთი მოდელი უნდა შევქმნათ, რომ იგი ყველას მიერ იყოს გაზიარებული".

პრესკონფერენცია მიხეილ გაბრიჩიძემ შემდეგ თემაზე საუბრით დაასრულა:
"თქვენ ყველანი ესწრებით საკალათბურთო მატჩებს და რაღაცები არ მოგწონთ მოთამაშეებისა და გულშემატკივრების ქცევაში. ეს ჩვენც არ მოგვწონს და ამიტომ გადავწყვიტეთ, უახლოეს მომავალში კალათბურთელის ქცევის კოდექსი შევიმუშავოთ, რასაც შემდგომში თავად კალათბურთელებმა და გუნდების ხელმძღვანელებმა უნდა მოაწერონ ხელი. ეს იქნება ყველასთვის აუცილებლად შესასრულებელი.

დღევანდელი მდგომარეობა დახვეწას და გამოსწორებას მოითხოვს იგივე მსაჯებთან, მწვრთნელებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობაში. აუცილებლად შევქმნით კომისიას, რომელიც ინფრასტრუქტურას და მატერიალურ-ჰუმანიტარულ რესურსებს შეისწავლის. ასევე, განსაზღვრავს არსებული კონტინგენტის პედაგოგიურ შესაძლებლობებს, რომელთათვისაც გაიმართება სემინარები, რათა მოზღვავებულ ბავშვთა რაოდენობას მზად დავხვდეთ, მათ მაქსიმალური გამოცდილება გავუზიაროთ და პირობები შევუქმნათ.

დაახლოებით 2-3 თვე დაგვჭირდება, რომ სრულად გავაანალიზოთ ფედერაციაში არსებული მდგომარეობა და შემდეგ გადავწყვიტოთ, თუ რა სტრუქტურის დამატება იქნება საჭირო.

რაც შეეხება გულშემატკივრის პრობლემას, ეს არ არის მხოლოდ ფედერაციის სამუშაო და ეს არ არის მარტო კალათბურთის პრობლემა. წახალისებულნი იქნებიან გუნდები, რათა მათ მოიზიდონ უცხოელი კალათბურთელები. იქნება გატარებული სხვადასხვა მარკეტოლოგიური ღონისძიება და ჩვენ სპორტულ მარკეტოლოგებთან ერთად შევიმუშავებთ გეგმას ამ პრობლემის მოსაგვარებლად".

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოგენატრებათ კოკოშკოვი.
kolia
18:23 16-12-2013
0
თუ კაი საქმეზე მიდიხართ,ქართული ფეხბურთიც გაიყოლოთ იქნებ,ცოდოა,სულს ღაფავს,ნუ მიატოვებთ მარტოს ამ სისხლისმსმელი ვამპირების ხელში.გთხოვთ!
რაო,წავიდაო????
00:49 17-12-2013
0

სიახლეები პოპულარული