მემორიალის პირველი დღე: "დინამომ" და "არმიამ" იოლად იმარჯვეს

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი დღეს საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო.

გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი იღებს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.

გუნდები ჯგუფში 2 მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც პირველ ადგილებზე გასულნი ფინალში იასპარეზებენ, ასევე გათამაშდება მე-3 და მე-5 ადგილები.

რუსთავი - დინამო 62:88

პირველ ტურში 2 მატჩი გაიმართა და დაძაბული არც ერთი არ გამოდგა. 13:00 საათზე დაიწყო "დინამოსა" და "რუსთავის" დაპირისპირება, რომელიც მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო საინტერესო, სანამ დინამოელები თამაშს დაალაგებდნენ.

მეორე პერიოდში ირაკლი ხოშტარიას გუნდმა დიდი
სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და თუკი საწყისი 10-წუთეული მხოლოდ 4 ქულით მოიგო, მეორეში 26:11 იმარჯვა.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. დინამოელებმა კიდევ უფრო გიმყარეს ლიდერობა და ბოლო პერიოდში მოედანზე სათადარიგოები გამოჩდნენ. ნამატჩვს რუსთაველთა მწვრთნელმა, ოთარ ხმელიძემ აღიარა, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, მის გუნდს ამბიცია არ გააჩნია და აღნიშნულ ტურნირში კალათბურთელთათვის გამოცდილების მისაღებად მონაწილეობს.

საბოლოოდ დინამოელებმა 88:62 იმარჯვეს, რაშიც ყველაზე მოზრდილი წილი21 ქულით ამერიკელმა ქიან კარტერმა დაიდო. შედეგიანი იყო მეორე ლეგიონერი, სერბი მილოშ პეშიჩი, რომელმაც 17 ქულა მიითვალა, ჩენროგორიელმა სტევან მილოშევიჩმა კი დინამოელებს 12 ქულა შესძინა. რუსთველთაგან საკუთარი მონაგარი ორციფრიანი რიცხვით მხოლოდ ქაქუცა აბაიშვილმა გამოხატა - 13 ქულა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ქუთაისთან წაგების შემდეგ განვიხილეთ შეცდომები.

დღეს ერთგვარად სავარჯიშო თამაში იყო. გვინდა, რომ ღირსეულად დავამთავროთ წლევანდელი წელი და ამ ტურნირზეც, ისევე როგორც ყველგან, მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ".


ოთარ ხმელიძე ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ არ ვართ იმ დონის გუნდი, რომ "დინამო" დავამარცხოთ. ამ შეხვედრებს ვიყენებთ იმისთვის, რომ გუნდმა სათამაშო გამოცდილება მიიღოს და დღევანდელმა თამაშმაც ეს მისია კარგად შეასრულა. ვითამაშეთ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც "დინამოა", დავინახეთ ჩვენი მინუსები, რომლის გამოსწორებაზეც ახალი წრის დაწყებამდე ვიმუშავებთ".

ოლიმპი - არმია 52:73

მეორე შეხვედრა შედარებით საინტერესო აღმოჩნდა, რაშიც მისი პირველი ტაიმი იგულისხმება. აღნიშნულ პერიოდში "ოლიმპი" ჩინებულად თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და "არმიას" თამაშის დაწყებიდან კარგა ხნის მანძილზე უგებდა.

შეხვედრის საწყის 5 წუთში არმიელებმა ბურთი ვერ ჩააგდეს და 0:8 აგებდნენ, პირველი მეოთხედი კი 12:16 დათმეს და ქულათა უმეტესობა პერიმეტრსმიღმიდან განხორციელებული სროლებით მოიპოვეს.

მეორე მეოთხედიდან არმიელებმა ძალთა კონცენტრაცია ფარქვეშ მოახდინეს და სამწამიანში გაბატონებას რამდენიმე წუთი მოანდომეს. კარგად ჩაერთო თამაშში გიორგი ჯგერენაია, ასევე ჟოლივეტ ტუჯანი, რომლებიც ოლიმპელებს ფარქვეშ ბევრ პრობლემებს უქმნიდნენ.

პირველი ტაიმის შუაწელში "არმიამ" ჩამორჩენა გააბათილა და იმდენად კარგად ათამაშდა, ტაიმის ბოლომდე უპირატესობა 10 ქულმდე გაზარდა - 36:26.

თუკი "ოლიმპს" ამ შეხვედრის მოგების პრეტენზია ჰქონდა, მესამე მეოთხედში უნდა ეყოჩაღა, მაგრამ პირიქით მოხდა - საკვანძო პერიოდში კვლავ არმიელებმა იძალეს და 10-წუთეულის 22:14 მოგებით ბოლო შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. დარჩნილ დროში "ოლიმპი" რომ თამაშს ვეღარ გადაარჩენდა, ცხადი გახდა და მწვრთნელმა მოედანზე გუნდის ახალგაზრდა წევრებს უხმო.

"არმიამ" მემორიალის პირველი მატჩი 73:52 მოიგო და თუკი 22 დეკემბერს "სოხაუმსაც" სძლევგს, მემორიალის ფინალში გავა. არმიელთაგან ბომბარდირი 16 ქულის მიმთვლელი გიორგი ჯგერენაია გახდა, 11 გიორგი შარაბიძემ დააგროვა, 10 კი ტრავმამოშუშებული მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა. "ოლიმპის" შემადგენლობაში საუკეთსო შედეგი (14 ქულა) დავით ხიზანიშვილმა აჩვენა, 11 ქულა დააგროვა ირაკლი გულისაბედაშვილმა, ხოლო ნოდარ თენიეშვილმა ოლიმპელებს 10 ქულა შესძინა.

მორიგი მატჩები აკადემიის დარბაზში ხვალ, 21 დეკემბერს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს და მატჩებს III და V ადგილებისთვის, მათ 24 დეკემბერს სპორტკომპლექსი "არენა" უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით თორთლაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ და "არმია" სრულიად სხვადასხვა შესაძლებლობების გუნდები ვართ, მეტოქე ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო და შედეგიც ლოგიკურია. თუმცა როგორც შეგვეძლო, წინაარმდეგობა გავუწიეთ. აღვნიშნავ, რომ დღეს რიჩარდ მათიაშვილმა ბოლო შეხვედრა გამოტოვა, მისი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ამოიწურვას მთელი გუნდი ველოდით და მისი სახით დიდი ძალა დაგვიბრუნდება".

კოტე ტუღუში ("არმიის" მთავარი მწვრთნელი): "ამ მემორიალს ყველა გუნდი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირია. ბოლო თამაშები არც ისე დამაკმაყოფილებლად ჩავატარეთ, ზოგიერთში დავმარცხდით კიდეც, ასე რომ ვცდილობთ ფორმაში შევიდეთ, უფრო ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. შემდეგი თამაში "სოხუმის" წინააღმდეგ გვიწევს, უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე "ოლიმპი" და თუკი მათი დამარცხება გვინდა, ბევრად უკეთ უნდა ვიასპარეზოთ".

21 დეკემბერი. საკალათბურთო აკადემია
სოხუმი - ოლიმპი 16:00
რუსთავი - შსს აკადემია 18:00

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული