დინამო-სოხუმი 80:75 - პირველად!

AutoSharing Option
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" საქართველოს პირველობა მოიპოვა. 2003 წელს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი კაპიტანმა ირაკლი ხოშტარიამ ასწია.

მას მერე ზუსტად ათმა წელიწადმა ისე ჩაიარა, "დინამო" ტიტულებს აღარ გათამაშებია. ქვეყნის საამაყო სახელი გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა და გასაკვირი არ არის, რომ 2003 წლის შემდეგ ერთი ჯილდოც არ მოუპოვებია.

ბოლო წლებში "დინამო" ფლაგმანობის დაბრუნებისთვის მზადებას შეუდგა და ათწლიანი შესვენების შემდეგ პირველი ტიტულიც მოიპოვა - 24 დეკემბერს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი მოიგო.

თასი კაპიტანმა ლაშა გამყრელიძემ
(13 შედეგიანი გადაცემა) ასწია, მწვრთნელის რანგში კი ირაკლი ხოშტარია მოგვევლინა, რომელიც მეორე სეზონია "დინამოს" თავკაცობს.

Sportall.Ge"სეზონის დასაწყისშივე ვამბობდი, რომ ჩვენი უმთავრესი კონკურენტი "სოხუმია", რომელშიც კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და სწრაფ თამაშს უჩვენებს. ასეთი სტილი ჩემთვისაც მისაღებია და, ვფიქრობ, ფინალის სანახაობრივი მხარით გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩებოდა. გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ როგორც იტყვიან, მატჩის 2-3-ჯერ მოგება შევძელით"
, - განაცხადა ირაკლი ხოშტარიამ ნამატჩევს.

შეხვედრის პირველ ტაიმზე ნათელ წარმოდგენას დინამოელი სტევან მილოშევიჩის სიტყვები გვაძლევს:

"თამაში კარგად დავიწყეთ, 13 ქულის სხვაობითაც დავწინაურდით, მაგრამ მეორე პერიოდში სერიოზული ჩავარდნა გვქონდა, მეტოქეს ვერაფერი დავუპირისპირეთ და დიდი შესვენების წინ გასწრების უფლებაც მივეცით"
.

მას შემდეგ, რაც 13 ქულის სხვაობით ჩამორჩა, "სოხუმმა" ძალა მოიკრიბა, დაცვაში ყურადღებით ათამაშდა და 14:0 გაქცევის წყალობით 43:37 დაწინაურდა. ასეთი ტიპის შეხვედრებში, როგორც წესი, მეოთხე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ეს ფინალი იყო.

თუ სტევან მილოშევიჩი (33 ქულა, 11 მოხსნა) სოხუმელთა კალათს სამწამიანი ზონიდან "აწუხებდა", ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები მეტოქის ფარქვეშ შესვლას იშვიათად ახერხებდნენ. სამაგიეროდ, საშუალო დისტანციიდან და პერიმეტრიდან ცდილობდნენ ხეირის ნახვას - მეოთხე პერიოდში "სოხუმის" ორმა მეფარემ, საიმონსმა და ქადარიამ ერთმანეთის მიყოლებით ჩააგდეს სამქულიანები.

მათ მხარი ივანიჩმაც აუბა და საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე "სოხუმი" 73:70 დააწინაურა. თუმცა ამის შემდეგ კვლავ იფეთქეს დინამოელებმა, მილოშევიჩის ორქულიანს ჭოჭუამ სამიანი მიაყოლა, "დინამო" კვლავ წინ გაიჭრა (75:73) და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო იყო "სოხუმის" მხრიდან საუკეთესო კალათბურთელი ჯოშუა ჯექსონი, რომელმაც პრესკონფერენციაზე სტატისტიკურ მონაცემზე გაამახვილა ყურადღება:

"მესამე პერიოდის მესამე წუთიდან საფინალო სირენამდე მსაჯებმა ჩემთან ორთაბრძოლისას მეტოქეები მხოლოდ ერთხელ დააჯარიმეს, რაც დაუჯერებელია.

როცა კალათბურთელის წინააღმდეგ წესები ირღვევა, ხოლო არბიტრი არ აფიქსირებს, ეს მისი მხრიდან მოთამაშისადმი უპატივცემულობაა. თავის მხრივ კი, მოითხოვენ, რომ ჩვენ ვცეთ პატივი.

სხვათა შორის, დავით ბერეკაშვილმა იგივე გააკეთა ჩვენ წინააღმდეგ ბათუმური შეხვედრისას. ასეთი შემთხვევები ფედერაციაში აუცილებლად უნდა გაირჩეს"
.

ეს თქვა ჯექსონმა, დინამოელებს მოუბოდიშა და გამარჯვება მიულოცა. "სოხუმის" თავკაცმა ვაჟა კვარაცხელიამ დასძინა:

"ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. "დინამო" კარგად აწყობილი მექანიზმია, სისტემა გამართულად მუშაობს და ეს შედეგსაც იძლევა"
.

Sportall.Ge Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული