ჯერ კიდევ ნახევარფინალურ პაექრობებამდე გახდა ნათელი, რომ მთავარ პრიზს ახალი მფლობელი ეყოლებოდა.
შარშან თუ თბილისელები არკვევდნენ, სად უნდა დავანებულიყო საპატიო ჯილდო, წლეულს თასი დასავლეთისკენ აიღებს გეზს, ფინალში ერთმანეთს "სოხუმი" და "ქუთაისი" დაუპირისპირდებიან.
დინამო-სოხუმი 73:71
18:13, 15:19, 19:13, 21:26
დინამო: გიორგი გამყრელიძე (6), ქიენ კარტერი (5), ბესიკ ლეჟავა (9), სტევან მილოშევიჩი (18), მილოშ პეშიჩი (15), მიხეილ ჩოჩია (16), გიორგი ორმოცაძე, ბოშკო სტოიაკოვიჩი (4). მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია.
სოხუმი: ირაკლი ჩლაიძე (18),
წლეულს ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები მოწოდების სიმაღლეზე არიან - ყველა ტურნირში მთავარი პრიზისთვის იბრძვიან: ჯერ დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს, მერე ოლიმპიური ჩემპიონების - საკანდელიძე-ქორქიას ხსოვნის ტურნირში გავიდნენ ფინალში და გადამწყვეტი პაექრობა "დინამოსთან" დათმეს. სამაგიეროდ, ქვეყნის თასის გათამაშების ნახევარფინალში რევანში აიღეს.
რამდენიმე დღის წინ "სოხუმმა" პლეი ოფის პირველი მატჩი "დინამოს" 6 ქულის სხვაობით (70:64) მოუგო. განმეორებითი შეხვედრა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა. გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ უფრო გრძელი სათადარიგო სკამის მქონე სუპერლიგის ლიდერი "დინამო" იოლად შეძლებდა წინა შეხვედრის დანაკლისის ანაზღაურებას და ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გამოვიდოდა.
ორჯერ 9-ქულიან უპირატესობასაც მიაღწია, მაგრამ სოხუმელების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია: ორჯერვე შეძლეს წონასწორობის აღდგენა. შესანიშნავად ითამაშეს ირაკლი ჩლაიძემ, ვახტანგ ქადარიამ და გრიგოლ შვანგირაძემ. განსაკუთრებით მაინც ჩლაიძე გვინდა გამოვყოთ. საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე ხუთი პერსონალურის გამო მოედანი დატოვა სოხუმელთა გამთამაშებელმა რატი ბააკაშვილმა.
მისი ფუნქციები ჩლაიძემ შეითავსა და შესანიშნავად გაართვა თავი. ბოლო პერიოდში სწორედ მისმა ზედიზედ ორმა სამქულიანმა ტყორცნამ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში. მერე ქადარიამ წინაც გაიყვანა თავისი გუნდი, თუმცა ეს დაძაბული, ნერვების ომი მაინც "დინამომ" მოიგო - 73:71, მაგრამ ამ წარმატებამ ხოშტარიას გუნდს საერთო გამარჯვება ვერ მოუტანა - ფინალში "სოხუმი" გავიდა, რომელიც 29 მარტს "ქუთაისს" დაუპირისპირდება.
არმია-ქუთაისი 74:78
23:18, 14:17, 19:25, 18:8
არმია: თეიმურაზ ბაბუნაშვილი (5), ზვიად ბაბიაშვილი (7), ანატოლი ბოისა (6), მიხეილ ბერიშვილი (10), ბუბა კვიმსაძე, გიორგი ჯგერენაია (5), ბექა წივწივაძე (14), ჟოლივეტ ტუჯანი (4), გიორგი შარაბიძე (21), ტატო ჩაჩიბაია (2). მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში.
ქუთაისი: ზაურ ფაშაევი (10), ლევან გრძელიძე, რევაზ დიდია (4), გიორგი ცეკვავა (19), გიორგი ცირეკიძე, დავით ბარბაქაძე (4), ავთანდილ ლომინაშვილი (2), გიორგი ბარბაქაძე (12), აკაკი დვალიშვილი (27). მთავარი მწვრთნელი მალხაზ კოხრეიძე.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება დაძაბულად წარიმართა და, არმიელთა დიდი მცდელობის მიუხედავად, რიონისპირელებმა ის 6 ქულის სხვაობით მოიგეს - 70:64.
განმეორებითი შეხვედრაც თვალსასეირო გამოდგა, თუმცა მნიშვნელოვან უპირატესობას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია. პირველი 10-წუთიანი მონაკვეთი არმიელებმა თუ 5 ქულით მოიგეს, დიდ შესვენებამდე სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს.
მესამე რაუნდშიც ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან - მეორე. 24-ე წუთისთვის, როცა ტაბლოზე ტოლი რიცხვები ენთო - 41:41, ცეკვავას ზედიზედ ორმა ზუსტმა სამქულიანმა ქუთათურები წინ გაიყვანა - 47:41. მატჩმა პიკს მეოთხე მეოთხედის მე-4 წუთზე მიაღწია, როცა არმიელებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში - 63:63.
თითქოს დროც საკმარისი ჰქონდათ 6-ქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მაგრამ მასპინძლებმა ამ ორთაბრძოლის ორ გმირს - აკაკი დვალიშვილსა და რიონისპირელ ქომაგთა გუნდს ვერაფერი დაუპირისპირეს: დვალიშვილმა 27 ქულა შესძინა "ქუთაისს", ხოლო სტუმართა გულშემატკივრები შეხვედრის პირველი წუთიდან საფინალო სასტვენამდე ტაშის გრიალითა და ომახიანი შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთ კალათბურთელებს და, როგორც მატჩის შემდეგ შენიშნა "ქუთაისის" მწვრთნელმა მედეა მხეიძემ, აზარტული თამაშისთვის მათ ემოციურ ფონს უქმნიდნენ.
"ქუთაისმა" 78:74 გაიმარჯვა და საქართველოს თასის გათამაშების ფინალში გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"