"შსს აკადემიამ" ქორქია-საკანდელიძის მემორიალი მოიგო

AutoSharing Option
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "შსს აკადემია" გახდა.

კოტე ტუღუშის დამოძღვრილმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, "რუსთავი" დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "შსს აკადემიამ" მემორიალზე ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა და თასს დამსახურებულად დაეუფლა. თუმცაღა, "რუსთავთან" ფინალურ დაპირისპირებაში მძიმე ბრძოლა გადაიტანა და მეტოქე მხოლოდ ბოლო წამებზე გატეხა.

სანამ თამაშის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ ფინალურ დაპირისპირებას სპორტისა და ახლგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი,
ქალაქის მერი შოთა მურღულია და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჩამოჰყვა "რუსთავს", მაგრამ ქუთაისის სპორტის სასახლეში ბევრი ცარიელი ადგილიც დარჩა...

შეხვედრაში პირველი ქულები რუსთაველებმა მიითვალეს, როცა ოგლესბიმ პერიმეტრიდან ზუსტი სამქულიანი ჩააგდო, თუმცა უპირატესობა მალევე ტუღუშის გუნდის ხელში გადავიდა. აკადემიელები ყურადღებით თამაშობდნენ დაცვაში და სწრაფი კონტრშეტევებით მეტოქეს შანსს არ უტოვებდნენ. განსაკუთრებით, მათი ლიდერი გიორგი ცინცაძე გამოირჩეოდა, რომელიც შესანიშნავად წარმართავდა თამაშს და ზუსტადაც ისროდა. სხვათა შორის, "ბუმ" 18 ქულიდან 10 სწორედ პირველ მეოთხედში ჩააგდო.

ცინცაძეს მხარი თანაგუნდელებმაც კარგად აუბეს და პირველი პერიოდი მათი გამარჯვებით, 23:19 დასრულდა.

რომ არა ტერენს ოგლესბის ზუსტი სამქულიანები, სხვაობა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა.

რუსთაველთა ნორვეგიელმა ლეგიონერმა მეორე მეოთხედის დასაწყისშივე კიდევ ერთი შორეული სროლა ჩააგდო და ანგარიში 1 ქულამდე შეამცირა - 23:22. თუმცა, აქ უკვე აკადემიელმა ბექა ჩიკვილაძემ გამოავლინა თავისი სნაიპერული უნარ-ჩვევები და რუსთაველები პერიმეტრიდან "დაბომბა". ამას ბერიშვილის კარგი თამაშიც დაერთო და შსს წინ გაიჭრა - 39:24.

მეორე პერიოდში "რუსთავი" სუსტად გამოიყურებოდა, შეტევაში ხშირად კარგავდა ბურთს და ვერც დაცვაში ჩაუქობდა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდს მშველელად კვლავ ოგლესბი მოევლინა, რომელმაც ზედიზედ რამდენიმე სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ძალოვნებმა მაინც იძალეს და მათ სასარგებლოდ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 45:38 იყო.

დიდი შესვენების შემდეგ თამაში ქულა-ქულაში განახლდა, "რუსთავი" რამდენჯერმე წამოეწია მეტოქეს, ჰამსის ზუსტი საჯარიმოებით 2 ქულამდეც შეამცირა სხვაობა (52:50), მაგრამ კვლავ შეუდარებელი იყო ჩიკვილაძე, რასაც ფარქვეშ შარაბიძის კარგი თამაშიც თან დაერთო და აკადემიელებმა რუსთაველებს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს.

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში უნდა გარკვეულიყო. აქ ცეკვავამ ზუსტი საჯარიმოებით კვლავ 2 ქულამდე დაიყვანა სხვაობა - 64:62. ამას "ძალოვანთა" რიგებში არეულობა მოჰყვა, ჯერ მათმა მწვრთნელმა ტუღუშმა მიიღო ტექნიკური, შემდეგ კი როგავამ, მაგრამ რუსთაველებმა ვერც ერთხელ ვერ იხეირეს, ჯარიმებიც ააცილეს და შეტევებიც გააცუდეს. ჩიკვილაძემ პირველი შეცდომის შემდეგ მეტოქე ორი ზუსტი სამქულიანით დასაჯა.

მეორე შეცდომა კი რუსთაველებს შარაბიძემ არ აპატია და სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა - 72:62. ჩვენი აზრით, ამ ეპიზოდმა მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა "რუსთავს" რამდენჯერმე კიდევ მიეცა მატჩის შემობრუნების შესაძლებლობა.

დვალიშვილმა, რომლისთვისაც ეს შეხვედრა ნამდვილად არ იყო საუკეთესო, საკუთარ გუნდს საჭირო ქულები მოუპოვა. ამას კვლავ ნორვეგიელის გაბრწყინება მოჰყვა, რომელმაც ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო და მატჩის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე სხვაობა კვლავ ორ ქულამდე შეამცირა - 79:77. აქ საქმეში გამოცდილი ცინცაძე ჩაერთო. მან ზუსტად გათვალა, შეტევა გააჭიანურა და რაც მთავარია, წივწივაძეს ზუსტი გადაცემაც გაუკეთა... რუსთაველებმა ბოლო წამებამდე იბრძოლეს, მაგრამ თასი "შსს აკადემიას" დარჩა.

32 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ტერეს ოგლესბი გახდა. ნორვეგიელი შეტევაში მართლაც ბრწყინვალე იყო და 32 ქულასთან ერთად, 7 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

რუსთაველთაგან 14 ქულა მოაგროვა მიხეილ ჭოჭუამ. გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი ბექა ჩიკვილაძე იყო, რომელმაც შსს-ს 20 ქულა მოუტანა. 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი შარაბიძემ, გიორგი ცინცაძეს კი ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა (18 ქულა და 9 პასი).

შეხვედრის შემდეგ გამარჯვებულ გუნდს თასი ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ვეტერანმა კალათბურთელმა ნოდარ ქორქიამ გადასცეს.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის საუკეთესო ფორვარდისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა ბექა ჩიკვილაძეს, საუკეთესო უკანახაზელად კი ტერენს ოგლესბი დაასახელეს. მათ პრიზები იმერეთის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა გადასცეს. საუკეთესო მწვრთნელის პრიზი კი "შსს აკადემიის" დამრიგებელმა მიიღო.

შსს აკადემია-რუსთავი 84:79
23:19, 22:19, 19:22, 20:19
შსს: ბერიშვილი (14ქ), ჩიკვილაძე (20ქ), ცინცაძე (18ქ, 9პ), შარაბიძე (12ქ, 10მ), წივწივაძე (5ქ, 8პ), მეტრეველი (7ქ, 6მ), როგავა (5ქ), ლომოური (3ქ).
რუსთავი: ჰამსი (6ქ), ოგლესბი (32ქ, 7პ), ცეკვავა (8ქ), ჭოჭუა (14ქ), დვალიშვილი (8ქ, 7პ), აბაიშვილი, ყველაშვილი (6ქ), ხმელიძე (5ქ).

მიხეილ გაბრიჩიძე:
- ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალური შეხვედრა ქუთაისში პირველად ჩატარდა, მომავალი წლიდან კი, ქუთაისის გუბერნატორისა და მერიის დახმარებით, აღნიშნულ ტურნირს თავიდან ბოლომდე ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩავატარებთ.

გიორგი შარაბიძე:
- ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა "რუსთავმა". მართალია მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით, მაგრამ მეტოქე მხოლოდ ბოლო წამებზე გავტეხეთ.

ბექა ჩიკვილაძე:
- ამ მატჩისთვის მთელი სულითა და გულით ვემზადებოდით. დაგვემატა რამდენიმე ძლიერი მოთამაშე, რამაც მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მოგვცა. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას და მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, ისინი რომ არ დამხმარებოდნენ, ტურნირის საუკეთესო ფორვარდი ვერ გავხდებოდი.

ნოდარ ქორქია:
- დაძაბული და ლამაზი თამაში გამოდგა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი, ასევე, ოთარ ქორქიას თასი უფრო მაღალ დონეზე უნდა გათამაშდეს, იმდენად ბუმბერაზი ხალხი იყო, რომ მათი სახელობის თასის გათამაშებამ საერთაშორისო მასშტაბები უნდა შეიძინოს... სხვა მხრივ, სიამოვნება მივიღე, ძალიან კარგი თამაში იყო. მაყურებელი ცოტა მეტი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა.

კოტე ტუღუში:
- ზამთრის შესვენების შემდეგ ასეთი თამაშები გუნდს ძალიან წაადგება. ბოლომდე მობილიზებულნი ვიყავით, ჩვენი მიზანი სწორედ ჩემპიონობა იყო და მოხარული ვარ, რომ ტურნირი წაუგებლად დავასრულეთ. იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვება მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული