საქართველოს თასი. 1/2 ფინალი. I მატჩი: "ბათუმს" ლიდერის არყოფნა დაეტყო

AutoSharing Option
6 მარტს, კალათბურთში საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ბათუმმა" "რუსთავს" უმასპინძლა. აჭარის დედაქალაქში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 75:85.

ნახევარფინალური სერია ორმატჩიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ საპასუხო შეხვედრაში, 13 მარტს, თუკი ბათუმელებმა რუსთავში ადგილობრივი გუნდი 10 ქულაზე მეტით ვერ დაამარცხეს, თასის გათამაშებას გამოეთიშებიან.

ბათუმურ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. მასპინძლებს სუპერლიგის გასულ ტურში დისკვალიფიცირებული ბიჯეი იანგი აკლდათ, ხოლო რუსთაველებს - ტრავმირებული ტერენს ოგლზბი.

პირველი მეოთხედი რუსთაველებმა 10 ქულით მოიგეს, მეორე - 12-ით, მესამე პერიოდის შემდეგ კი სტუმრები მთელი 24
ქულით ლიდერობდნენ. რუსთაველები გუნდურად და სტაბილურად თამაშობდნენ, მასპინძლები კი რამდენიმე კალათბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის იმედად იყვნენ და შესაბამისად, მოგებაზე რეალურად ვერც იფიქრებდნენ.

ბოლო პერიოდში, როცა ყველაფერი გარკვეული იყო, რუსთაველებმა თავს მოდუნების საშუალება მისცეს და "ბათუმმაც" ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება მოახერხა. გამარჯვებულებს 25 ქულითა და 12 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. გოგა ცეკვავამ 22 ქულა და 7 პასი მიითვალა. 12-12 ქულა ჰაიდენ ჰამსმა და მიხეილ ჭოჭუამ მოაგროვეს.

7 მარტს მეორე ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართება. "დინამო" "ქუთაისს“ აკადემიის დარბაზში, 18:00 საათზე დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული