უვარსკვლავო ევრობასკეტი 2013 გველის

AutoSharing Option
თურქეთის "ფენერბაჰჩეს" ახალწვეული მილოშ ტედოშიჩი ვერ დაეხმარება სერბეთის ნაკრებს მომავალ ევრობასკეტზე, რომელიც 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება. ამის მიზეზი გახდა ფეხის ტრავმა, რომელიც კალათბურთელმა ჯერ კიდევ მაისში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერბი გამთამაშებელი ტოვებს მოსკოვის ცსკა-ს და "ფენერბაჰჩეში" გადადის სათამაშოდ.

* * *
პრაქტიკულად არაფერი ესაქმება ევროპის ჩემპიონატზე ბრიტანეთის ნაკრებს, რომელსაც სლოვენიაში ორი ლიდერის გარეშე მოუწევს თამაში. "პორტლენდის" ფორვარდმა ჯოელ ფრილენდმა უარი შეუთვალა ნაკრების ხელმძღვანელობას იმის გამო, რომ NBA-ის მიმართ გარკვეული ვალდებულებები გააჩნია.

ასევე ცნობილია, რომ
ბრიტანეთის ნაკრებში ვერ ვიხილავთ "ჩიკაგო ბულზის" ფორვარდს ლუოლ დენგს. მისი უარის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

* * *
NBA-ის კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც არ მოისურვა ევრობასკეტზე თამაში, რუსეთის ნაკრების ცენტრი ტიმოფეი მოზგოვია, ვინც ორი დღის წინ გააგრძელა კონტრაქტი "დენვერ ნაგეტსთან".

"ძალიან ვწუხვარ, რომ ამჯერად ვერ დავეხმარები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა მოზგოვმა, რომელმაც დაამატა, რომ მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება რუსულ კალათბურთში დღეს არსებულ სიტუაციას, რის გამოც ნაკრებში მწვრთნელის მოულოდნელი ცვლილები მოხდა.

უარის მიზეზად მოზგოვმა NBA-ის სპეციალურ პროგრამაში მონაწილოება დაასახელა.
* * *

დაბოლოს, ევრობასკეტზე ერთი წამყვანი მოთამაშე ისრაელის ნაკრებსაც დააკლდება. ეს არის გამთამაშებელი გალ მეკელი, რომელმაც ამ ზაფხულს "დალას მავერიქსთან" გააფორმა კონტრაქტი.

"ევრობასკეტში მონაწილეობაზე უარის თქმა იოლი არ ყოფილა, მაგრამ მთავარ მწვრთნელთან და "მავერიქსის" ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა მეკელმა.

მარკუს კემბიმ "ჰიუსტონი" აირჩია
როგორც ESPN-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ვეტერანი ცენტრი მარკუს კემბი "ჰიუსტონში" გააგრძელებს კარიერას. ის "როკეტსთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს ვეტერანის მინიმალური ხელფასით.

39 წლის კალათბურთელი ამ ზაფხულს, გაცვლის შედეგად გადავიდა "ნიუ იორკიდან" "ტორონტოში", რის შემდეგაც, კანადურმა კლუბმა გამოისყიდა მისი კონტრაქტი და კემბი თავისუფალი აგენტი გახდა. მარკუსით ასევე დაინტერესებულნი იყვნენ "მაიამი" და "ჩიკაგო".

პოლი რიოში წავა
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კრის პოლმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. როგორც გახსოვთ, გამთამაშებელი, რომელსაც რიოს ოლიმპიადისთვის 31 წელი შეუსრულდება, ადრე აცხადებდა, რომ არ მიიღებდა ზედიზედ მესამე თამაშებში მონაწილეობას. მაგრამ, ახლა, "კლიპერსის" მცველი ამბობს, რომ შეიძლება შეუერთდეს აშშ-ის ნაკრებს რიო-დე-ჟანეიროში.

გადაწყვეტილების შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაიკ კრჟიჟევსკის დაბრუნება, რომელთან ერთადაც, პოლმა ორჯერ მოიგო ოლიმპიადის ოქროს მედალი.

"სხვა მწვრთნელი რომ ყოფილიყო, მზად ვიყავი სანაკრებო კარიერის დასასრულებლად", - განაცხადა პოლმა.

ტი-მაკს ისევ ჩინეთში უნდა
"სან ანტონიო სპურსის" ვეტერანმა მცველმა ტრეისი მაკგრეიდიმ განაცხადა, რომ ჩინეთის ჩემპიონატში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება, სადაც შარშან, "ცინდაო დაბლსტარის" ღირსებას იცავდა.

"მათთვის, ვინც NBA-ში მრავალი წელი თამაშობდა და კარიერის გახანგრძლივება სურს, ჩინეთი შესანიშნავი ვარიანტია. ბედნიერი ვარ, რომ მეუღლესთან და შვილებთან ერთად შინ ვიმყოფები, მაგრამ არ გამოვრიცხავ ჩინეთის ჩემპიონატში დაბრუნებას", - ამბობს მაკგრეიდი.

ტრეისი "სან ანტონიოს" რიგებში მხოლოდ შარშანდელი სეზონის პლეი ოფში გამოდიოდა და მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ჯინობილისგან მწვრთნელი არ დადგება
არგენტინელმა მანუ ჯინობილიმ გამოაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ არ აპირებს მწვრთნელად მუშაობას, რადგან ამ როლში ვერ ხედავს საკუთარ თავს.

"მწვრთნელად მუშაობა ვერ წარმომიდგენია, თუმცა კალათბურთი ძალიან მიყვარს და შემიძლია მისთვის სარგებლობის მოტანა. შეიძლება ვიფიქრო ისეთ როლზე, როგორსაც სტივ ნეში ასრულებს, მაგრამ სრულფასოვანი მწვრთნელი, ალბათ, ვერ გავხდები", - ამბობს "სან ანტონიო სპურსის" ვეტერანი მცველი.

ჯინობილიმ ამ ზაფხულს ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "სპურსთან", რომლის მიხედვითაც ჯამში 14 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ქალებმა ოლ სტარი ითამაშეს
კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ანკასვილში გაიმართა ქალთა NBA-ის ტრადიციული "ყველა ვარსკვლავის" მატჩი. "კონეკტიკუტ სანის" მოედანზე დასავლეთის ნაკრებმა დაამარცხა აღმოსავლეთი - 102:89 (29:27, 14:22, 32:31, 28:17).

შეხვედრის MVP გახდა დასავლეთის ნაკრების წევრი, "ლოს ანჯელესის" ფორვარდი კენდის პარკერი, რომელიც 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ESPN: ლებრონ ჯეიმსი ისევ ყველაზე პოპულარულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული