ევრობასკეტი 2013: II ეტაპი. F ჯგუფი: სუპერმატჩი ლუბლიანაში

AutoSharing Option
12 სექტემბერს ევრობასკეტზე მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გაიმართა.

საბერძნეთმა და ესპანეთმა სუპერშეხვედრა შემოგვთავაზეს, რის შემდეგაც ბერძნებმა გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა.

ევრობასკეტი 2013: II ეტაპი. F ჯგუფი
საბერძნეთი-ესპანეთი 79:75
16:26, 25:12, 11:19, 27:18
ს: სპანულისი (20), კაიმაკოგლუ (11+5 მოხსნა), ბურუსისი (10), პრინტეცისი (10+5 მოხსნა).
ე: ფერნანდესი (20+4 პასი), მ. გასოლი (20+5 მოხსნა), კლავერი (9+11 მოხსნა+2 დაფარება).
ორქულიანები: 12/33 (36,4%) - 17/35 (48,6%)
სამქულიანები: 9/20 (45,0%) - 8/20 (40,0%)
საჯარიმოები: 28/38 (73,7%) - 17/18 (94,4%)
მოხსნები: 28-34. პასები: 13-15. შეცდომები: 6-17.

გადამწყვეტი მომენტი:
საფინალო სირენამდე ოთხი წუთითა და ცხრა წამით ადრე იანის ბურუსისმა ორი ზუსტი საჯარიმოთი თავისი გუნდი დააწინაურა - 66:64. მანვე ესპანელთა საპასუხო შეტევაში სერხიო როდრიგესს დაუფარა და იქვე თავისიანების იერიში ზუსტი ტყორცნით დაასრულა - 68:64 სირენამდე სამი წუთითა და 31 წამით ადრე.
მატჩის გმირი: საბერძნეთმა მეორე და მეოთხე მეოთხედში დაჩაგრა ესპანეთის ნაკრები. ორივე მეოთხედში ბერძნების რიგებში გამორჩეული იყო ვასილის სპანულისი. საბოლოოდ, მან თავის გუნდში ყველაზე მეტი ქულა (20) მოიპოვა, რასაც სამი პასი და ოთხი მოხსნა დაუმატა.
სტატისტიკა არ ტყუის: ესპანეთის ნაკრებმა თამაშიდან უკეთესი პროცენტით ისროლა, თითქმის არ ცდებოდა საჯარიმოს ხაზიდან, მაგრამ ბერძნებმა კარგად გამოიყენეს ესპანელების 17 შეცდომა (19 ქულა მოიპოვეს), თან შედეგიანად ითამაშეს მისმა სათადარიგო მოთამაშეებმა.

საბერძნეთისა და ესპანეთის მატჩი შემთხვევით არ მიიჩნეოდა 12 სექტემბრის ცენტრალურ შეხვედრად. გარდა იმისა, რომ მოედანზე გავიდნენ ევროპული კალათბურთის გამორჩეული გრანდები, თამაშის ფასიც ძალიან მაღალი იყო - საბერძნეთი მეორე ეტაპზე ნული მოგებით გადავიდა და 12 სექტემბრის მატჩში წაგების შემთხვევაში, ძალიან ირთულებდა პლეი ოფში გასვლის შანსს.

მიუხედავად ამისა, თამაშის სასტარტო მონაკვეთმა აჩვენა, რომ მოგება უფრო მეტად ესპანეთს სურდა. ისევე, როგორც წინა მატჩებში, ესპანელები საიმედოდ და აგრესიულად თამაშობდნენ დაცვაში. ბერძნების ნებისმიერი პოზიციური შეტევა წარუმატებლად სრულდებოდა, მცველები - ზისისი და სპანულისი თავიანთი იერიშებისას იბნეოდნენ და ქულებს, ძირითადად, ბურუსისი და პრინტეცისი აგროვებდნენ.

საბერძნეთი 5:10 ჩამორჩა. ესპანეთი არა მხოლოდ დაცვაში ყოჩაღობდა, არამედ შეტევაშიც. ისე ჩანდა, რომ მოქმედი ჩემპიონისთვის ქულების დაგროვება პრობლემას არ წარმოადგენდა - ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩააგდეს სამქულიანები ფერნანდესმა და კალდერონმა, შემდეგ იმავე ფერნანდესს სამქულიანი შეტევა ჰქონდა...

საბერძნეთს პირველ მეოთხედში ბოლო მოუღო სლუკასის არასპორტულმა ჯარიმამ ლიულზე. "რეალის" მცველმა ორი საჯარიმო გამოიყენა, შემდეგ შეტევაში კი ვიქტორ კლავერმა სამქულიანი გაუშვა ბერძნების კალათში - 24:14.

ესპანელთა წარმატების უნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო მარკ გასოლი. ჯერ კიდევ პირველ მეოთხედში ის ცენტრალური ფიგურა გახლდათ ესპანელთა ტაქტიკურ სქემებში. "მემფისის" ცენტრი მოხსნებს აგროვებდა დაცვაშიც და შეტევაშიც, გარდა ამისა, ლამაზი გადაცემებით ამარაგებდა პარტნიორებს. მეორე მეოთხედის დასაწყისში ესპანეთი იგებდა მოხსნებში - 15:6. ამ დროისთვის გასოლს უკვე ცვლიდა ხავი რეი.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ სწორედ მარკის გასვლამ იმოქმედა ნეგატიურად ესპანეთის თამაშზე, მაგრამ ბერძნებმა თანდათან ანგარიშის შემცირება დაიწყეს. ანდრეა ტრინკიერი დროულად მიხვდა, რომ მის გუნდს პოზიციურ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა და თავის შეგირდებს დავალება მისცა - პირველი შესაძლებლობისთანავე შორიდან ესროლათ. მით უმეტეს, რომ პირველ მეოთხედში დამაჯერებელი თამაშის შემდეგ ესპანეთმა მოადუნა კონცენტრაცია, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა.

შეტევების გათამაშებისას ესპანეთი ცდილობდა, ფარქვეშიდან სროლამდე მიეყვანა საქმე, მაგრამ ამან არ გაამართლა. ესპანეთის 10 შეცდომა საბერძნეთის 10 ჩაჭრად გადაიქცა.

ბრამოსმა, ზისისმა, კაიმაკოგლუმ, ბურუსისმა, სპანულისმა (ორჯერ) და ისევ კაიმაკოგლუმ მეორე მეოთხედში შვიდი სამქულიანი ჩააგდეს, რამაც ბერძნებს წინ გასვლის საშუალება მისცა - 40:34. დიდი შესვენებისთვის ესპანეთმა შეძლო სხვაობის სამ ქულამდე შემცირება, მაგრამ უკვე მაშინ ჩანდა, რომ წინ საინტერესო მეორე ტაიმი გველოდა.

მესამე მეოთხედში მოედანზე დაბრუნდა მარკ გასოლი, რუდი ფერნანდესმა კი თავისი სამქულიანით სწრაფად აღადგინა თანაფარდობა. ამის შემდეგ ორივე გუნდს უჭირდა ქულების დაგროვება, ასეთ თამაშში კი ლიდერები გახდნენ ცენტრები - პრინტეცისი და გასოლი.

ესპანელმა 11 ქულა დააგროვა მესამე მეოთხედში და თავისი გუნდის გაქცევის სულისჩამდგმელი გახდა. ყველაფერი დაიწყო ფერნანდესისა და გასოლის ბრწყინვალე პიკ-ენ-როლით, გაგრძელდა იმავე მარკის სამქულიანით და ბერძნების მორიგი არასპორტული ჯარიმით, რომელიც ისევ გასოლმა მოიპოვა. მეოთხედის ბოლოსთვის პირინეელებმა 57:50 წაიყვანეს ანგარიში და ბოლო 10-წუთეულს ფავორიტის რანგში შეხვდნენ.

მეოთხე მეოთხედი ნერვების თამაში იყო. ორივე გუნდის ძლიერი დაცვა გაქცევის საშუალებას არ იძლეოდა. შორიდან აგროვებდნენ ქულებს სპანულისი, ფერნანდესი, სერხიო როდრიგესი, ახლოდან საფრთხე მოდიოდა ბურუსისისა და გასოლისგან. გადამწყვეტ მომენტზე კი ზემოთ მოგიყევით, როცა ბრწყინვალედ მოთამაშე ვიქტორ კლავერმა საეჭვო სიტუაციაში მიიღო მეხუთე პერსონალური და ბურუსისის დრო დადგა...

64:68-ზე ესპანეთს ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა სჭირდებოდა, მაგრამ გუნდი სწორედ ლიდერებმა დააღალატეს. თავიდან რიკი რუბიომ ვერ გამოიყენა მარტივი ორქულიანი, შემდეგ გასოლმა იოლად გაატარა კაიმაკოგლუ. ამ ორმა ეპიზოდმა საბერძნეთს დამატებითი ენერგია მისცა და ახლა უკვე ის აკონტროლებდა შეხვედრას.

საფინალო სირენამდე წუთით ადრე ანგარიში იყო 72:68 და სწორედ ამ დროს გატეხეს ბერძნებმა საბოლოოდ მეტოქე. სპანულისმა მოედნის კუთხეში თავისუფალი ბრამოსი მონახა და მაიკლის სამმა ქულამ ყველაფერი გაარკვია.

ა გ თ მ წ ბ ქ
1. იტალია 3 2 1 220-200 5
2. სლოვენია 3 2 1 236-222 5
3. ხორვატია 3 2 1 204-205 5
4. ესპანეთი 3 1 2 212-197 4
5. საბერძნეთი 3 1 2 228-242 4
6. ფინეთი 3 1 2 193-227 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. F ჯგუფი: დაუმარცხებელი აღარავინაა
ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. E ჯგუფი: დამაჯერებელი ბალტიისპირელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული