NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის დაძაბული ფინალი: 2 ოვერტაიმის შემდეგ "ტორონტომ" სხვაობა შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს დილით გაიმართა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი. "ტორონტო რეპტორზმა" საკუთარ პარკეტზე "მილოუკი ბაქსს" უმასპინძლა და მოსაგებად ძირითად დროსთან ერთად 2 ოვერტაიმი დასჭირდა.

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე "ტორონტო" 96:94-ს იგებდა. საჯარიმოს ხაზზე პასკალ სიაკამი იდგა, თუმცა კანადელთა მძიმე ფორვარდმა ვერცერთი საჯარიმო ვერ გამოიყენა და"მილოუკის" თამაშის გადარჩენის შანსი დაუტოვა, რაც გამოიყენეს კიდეც. საფინალო სიგნალამდე 2 წამი იყო დარჩენილი, როცა კრის მიდლტონმა შეუტია "ტორონტოელთა" ფარს, მაგრამ ფრენ ვანვიტმა დააფარა, თუმცა ბურთი ისევ მიდლტონმა მოხსნა და ანგარიშიც გაათანაბრა - 96:96. სიაკამმა
ბოლო სროლაც გააფუჭა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

პირველ ოვერტაიმში გუნდებმა 7-7 ქულა ჩააგდეს. ბოლოს კავაიმ ისროლა, თუმცა"მილოუკი" ამჯერადაც გადარჩა. მეორე ოვერტაიმის დასაწყისში ჯიანის ანტეტოკუმპომ მე-6 ჯარიმა აიღო და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ"ტორონტომ" დიდი უპირატესობა მიიღო. კავაი ლეონარდმა დარჩენილ დროში 8 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდის გამარჯვების მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ შეხვედრა "ტორონტოს" სასარგებლოდ დამთავრდა - 118:112.

სწორედ კავაი ლეონარდი იყო საუკეთესო მექულე შეხვედრაში. მან 52 წუთი ითამაშა და ამ დროს 36 ქულა ჩააგდო, 9-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 დააფარა და 2-ჯერ მოჰპარა მეტოქეს ბურთი. პასკალ სიაკამმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 25 ქულა და 11 მოხსნა. ორმაგი დუბლი ჰქონდა მარკ გასოლსაც - ესპანელმა 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ნორმან პოუელის ანგარიშზე 19 ქულა იყო.

"მილოუკის" მხრიდან საუკეთესო ჯორჯ ჰილი იყო. 24 ქულასთან ერთად ჰილმა 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა მალკოლმ ბროგდონმა, 16 ქულა ჰქონდა ცენტრ ბრუკ ლოპესს. ყველასთვის მოულოდნელად, მხოლოდ 12 ქულის მოპოვება შეძლო ჯიანის ანტეტოკუმპომ. სამაგიეროდ, ბერძენმა ვარსკვლავმა ბურთი 23-ჯერ მოხსნა და სეზონში 64-ე ორმაგი დუბლიც მიითვალა.

20 მაისი, ტორონტო, "სქოთიბენკ არენა"

ტორონტო რეპტორზი - მილოუკი ბაქსი 118:112 (30:21, 28:30, 19:24, 19:21, პირ.ოტ. 7:7, მეორ. ოტ. 15:9.)


სერიაში ანგარიშია 2:1, "ტორონტოს" სასარგებლოდ.

შემდეგი შეხვედრა ისევ ტორონტოში გაიმართება, 22 მაისს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული