კარლ მელოუნმა ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მაიკლ ჯორდანი არ შეიყვანა!

AutoSharing Option
"ყველა დროის სიმბოლური ნაკრები ჩემი ვერსიით? გამთამაშებელი ჯონ სტოქტონი, მეორე ნომერი ოსკარ რობერტსონი, მსუბუქი ფორვარდი სკოტი პიპენი, მძიმე ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და ცენტრი - უილტ ჩემბერლენი", - განაცხადა The Dan Patrick Show-ს ეთერში "იუტა ჯაზის" ლეგენდარულმა ფორვარდმა კარლ მელოუნმა.

მან ამგვარად ახსნა ამ ხუთეულში მაიკლ ჯორდანის არყოფნა: "დარწმუნებული ვარ, ყველანი შოკირებულნი იქნებით, მაგრამ მესამე ნომრის პოზიციაზე სკოტი პიპენი ავიყვანე. ის ლიდერობდა "ჩიკაგოში" ყველა სტასტისტიკურ კატეგორიაში, როცა გუნდში არ იყო ჯორდანი".

"მოდუნდით ბიჭებო, ჯორდანი არის ჩემს სიმბოლურ ხუთეულში", - მოგვიანებით ESPN-თან
ინტერვიუში განაცხადა მელოუნმა. მანამდე კი ფორვარდმა თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ უბრალოდ, იხუმრა შოუს წამყვანთან, რომელიც საუბრის დასაწყისიდანვე გამოხატავდა თავის სიყვარულს "ჩიკაგოს" ლეგენდის მიმართ.

ტი-მაკი წასასვლელად მზად არის
“სან ანტონიო სპურსის” 34 წლის ვეტერანი ტრეისი მაკგრეიდი მზად არის კარიერის დასასრულებლად. სავარაუდოდ, ეს “მაიამი ჰიტთან” ფინალური სერიის დასრულების შემდეგ მოხდება.

მიმდინარე სეზონს კალათბურთელი ჩინეთში იწყებდა, მაგრამ აპრილში “სან ანტონიოსთან” გააფორმა კონტრაქტი. წლევანდელ პლეი ოფში მცველმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ქულა ვერ დააგროვა. სულ კარიერაში მაკგრეიდიმ 938 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17.1 ქულა მიითვალა.

* * *
“მემფის გრიზლისის” ხელმძღვანელობა უფლებას არ მისცემს “ბრუკლინ ნეტსს", მოლაპარაკებები აწარმოოს მთავარ მწვრთნელ ლაიონელ ჰოლინზთან, - იტყობინება ESPN. წერენ, რომ “გრიზლისი” თავის დამრიგებელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

უახლოეს ხანში “ნეტსი” მოლაპარაკებებს გამართავს ბრაიან შოუსთან, რომელიც 2012-13 წლების სეზონში “ინდიანას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ “ბრუკლინის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც პი ჯეი კარლესიმო გაანთავისუფლეს თანამდებობიდან.

* * *
ერთ-ერთი წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ აშშ-ის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ივლისში, ლას ვეგასში გასამართ საწვრთნელ ბანაკში მიიწვია "საკრამენტო კინგზის" ახალგაზრდა ცენტრი დემარკუს კაზინსი. ასევე გაირკვა, რომ ნაკრებში მიწვევა მიიღეს "კლივლენდის" მოთამაშეებმა - კაირი ირვინგმა, დიონ უეიტერსმა და ტაილერ ზელერმა.

საზაფხულო მინი-ბანაკი აშშ-ის ნაკრების მწვრთნელებს ახალგაზრდა მოთამაშეებზე დაკვირვების საშუალებას მისცემს და ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, შეავსოს გუნდის შემადგენლობა 2014-16 წლებისთვის, როცა გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები.

გარდა ამისა, კანადის ეროვნულ გუნდში გამოძახება მიიღო "კლივლენდის" კიდევ ერთმა მოთამაშემ, ტრისტან ტომპსონმა.

სერბეთი მზადებას იწყებს
სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა 2013 წლის ევრობასკეტისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.

გუნდში მიწვეულნი არიან: ნენად კრსტიჩი, მილოშ ტეოდოშიჩი, ვლადიმირ მიჩოვი, ზორან ერცეგი (ყველა - ცსკა), ნემანია ბიელიცა ("ლაბორაბ კუტჩა"), რაშკო კატიჩი ("ცრვენა ზვეზდა"), ვლადიმირ შტიმაცი ("ბანვითი"), ვლადიმირ ლუჩიჩი, დეიან მუსლი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, დორჟე გაიჩი (ყველა - "პარტიზანი"), სტეფან მარკოვიჩი ("ვალენსია"), ვასილე მიჩიჩი, ნოვიცა ველიჩკოვიჩი, ნემანია დანგუბიჩი (ყველა - "მეგა ვიზურა"), ნემანია ნედოვიჩი ("ლეტუვოს რიტასი"), დანილო ანჯუშიჩი ("ვირტუსი"), მილან მაჩვანი ("გალათასარაი"), დუშკო სავანოვიჩი ("ეფესი"), სტეფან ბირჩევიჩი ("რადნიჩკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული