სკანდალი NBA-ში: 80-იანებში თამაშებს აწყობდნენ

AutoSharing Option
სკანდალია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ვინმე ბრაიან ტუოიმ თავის ახალ წიგნში დაწერა, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში "ნიქსის" რამდენიმე კალათბურთელი კოკაინის აქტიური მომხმარებელი იყო. უფრო მეტიც, ისინი ეხმარებოდნენ საკუთარ ნარკოდილერს ფულის შოვნაში, კერძოდ, საკუთარი მატჩების შეგნებულად წაგებით ამდიდრებდნენ ნარკომოვაჭრეს!

მთელი ამ ისტორიის დასადასტურებლად ავტორს მოჰყავს გამოძიების ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ფედერალური უსაფრთხოების ბიუროში მოიძია.

ამბობენ, რომ კოკაინის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი საქმოსანი იყო აღმოსავლეთ სანაპიროზე. თავიდან ის მცირე თანხებს დებდა მატჩებზე, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, შვიდი ფსონი გააკეთა - თითო 10 ათასი დოლარის ოდენობით
და საბოლოოდ, ექვსი ფსონი მოიგო. "ნიუ იორკი" უბრალოდ აგებდა მატჩებს ან ვერ აღწევდა ბუკმეიკერების მიერ დაწესებული ქულების ტოტალამდე. აღმოჩნდა, რომ ხანდახან კალათბურთელები თავადაც აკეთებდნენ ფსონებს საკუთარი გუნდის წინააღმდეგ.

ლაპარაკია 1981-82 წლების სეზონზე, რომელიც "ნიუ იორკმა" უარყოფითი ბალანსით (33-49) დაასრულა და ბოლო ადგილი დაიკავა ატლანტიკის დივიზიონში.

ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს დოკუმენტებში მოთამაშეთა გვარები შეცვლილია. ასე რომ, შეუძლებელია ზუსტად იმ მოთამაშეების გამოვლენა, რომლებიც ამ მაქინაციების უკან იდგნენ. თუმცა იმ წლებში "ნიქსის" ლიდერი იყო რეი რიჩარდსონი და მისი პრობლემები ნარკოტიკებთან დაკავშირებით საყოველთაოდ არის ცნობილი. უფრო მეტიც, ის 1986 წელს სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს ნარკოტიკების რეგულარულად გამოყენებისთვის, რის გამოც ლიგის აუცილებელი ტესტები ვერ გაიარა. მაშინ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქმე დახურეს.

ტი-მაკი ახალ თაობას აკრიტიკებს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მცველმა ტრეისი მაკგრეიდიმ, რომელმაც ამ ზაფხულს დაასრულა აქტიური კარიერა, ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ მას არ მოსწონს და სწყინს მოთამაშეთა ამჟამინდელი თაობის დამოკიდებულება ის შანსისადმი, რომელსაც ისინი ლიგაში მოხვედრისას იღებენ.

"არ მომწონს, როცა ეს ბიჭები არასწორად იქცევიან. არღვევენ კანონს, ღამის კლუბებში ერთობიან, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილს, ეწევიან მარიხუანას... და როცა ასეთ უმსგავსობას ჩადიან, ამით ცუდ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდობას. მე მათი არ მესმის.

ავიღოთ, მაგალითად, მაიკლ ბიზლი. მას უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ საღი აზრი არ აღმოაჩნდა. ის, უბრალოდ, ვერ ხვდება, რას აკეთებს და ამით ღუპავს თავის ტალანტს. კიდევ სად შეძლებ ასეთი თანხის გამომუშავებას, თანაც იმ საქმით, რომელიც გიყვარს?! შენ იღებ მილიონ დოლარს და ამასთან, ყველაფერს აფუჭებ. ჩემთვის ეს გაუგებარია",
- ამბობს მაკგრეიდი The Toronto Star-თან კომენტარში.

ბოგუტი ჯანმრთელია, "გოლდენ" სტეიტი - ძლიერი
სასიამოვნო ამბავი შეიტყვეს "გოლდენ სტეიტის" გულშემატკივრებმა. ამ გუნდის ცენტრი ენდრიუ ბოგუტი საბოლოოდ განიკურნა ტრავმისგან. ალბათ, გახსოვთ, რომ გასულ პლეი ოფში ის ჯერ ისევ ტრავმირებული უმკლავდებოდა ჯავალ მაკგის. გარდა ამისა, "დენვერთან" სერიის გადამწყვეტ მატჩში 14 ქულა და 21 მოხსნა (!) მიითვალა.

სხვა საქმეა, შეძლებს თუ არა ის მთელი სეზონი დაზიანების გარეშე თამაშს. თუ მოახერხებს ამის გაკეთებას, "გოლდენ სტეიტს" თავისი სასტარტო ხუთეულით: კარი-ტომპსონი (ბარნსი)-იგუოდალა-ლი-ბოგუტი შეუძლია იფიქროს მინიმუმ კონფერენციის ფინალზე.

ახალი სეზონის შემდეგ კი 2005 წლის დრაფტის პირველ ნომერს კონტრაქტი უმთავრდება. "გოლდენ სტეიტის" სახელფასო ბიუჯეტი იმდენად კარგად არის შედგენილი, რომ "მეომრებს" შეუძლიათ ავსტრალიელს მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ 11-13-მილიონიანი ხელფასით.

ამასობაში ბოგუტი გამოეხმაურა დუაიტ ჰოვარდის "ჰიუსტონში" გადასვლას. მისი თქმით, "სუპერმენს" არ უნდა მოეწყო შოუ "როკეტსში" გადასვლისგან და აშკარად ზედმეტი მოუვიდა: "მას ხუთწუთიანი დიდების მიღება სურდა და მან ის მიიღო".

კობი ბრაიანტი ვერ მოემზადება
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი აქილევსის მყესის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს ექიმების მიერ შედგენილი გრაფიკით გადის, - იტყობინება გაზეთი "ლოს ანჯელეს თაიმსი".

თუმცა კალიფორნიული გრანდის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს კალათბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელებას. ამ მომენტისთვის არსებობს ვარაუდი, რომ ბრაიანტი მთლიანად გამოტოვებს წინასასეზონო მომზადებას. შეგახსენებთ, რომ კობიმ ტრავმა აპრილში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.

ამას წინათ ბრაიანტმა განაცხადა, რომ აღდგენითი კურსი დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა ვერც კალათბურთელმა დაადასტურა, შეძლებს თუ არა ახალი სეზონის პირველ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონი "მაიამი ჰიტი" ძალიან საშიში გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული