ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავმა და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა ჩინურ ტელევიზიას მოუყვა ცხოვრებაზე ტრავმის შემდეგ, შვილების აღზრდაზე, ჯორდანზე და პროფესიული კარიერის დასრულებაზე...
- ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- გაცილებით კარგად, თუმცა კოჭზე ნაიარევი ჯერ ისევ შესამჩნევია. უკვე შემიძლია ფეხის ცერებზე ავიწიო - ეს კარგი ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ასი პროცენტით აღვიდგენ სპორტულ ფორმას.
- საერთოდ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შვიდი ტიტულის მოგება მინდოდა. ეს იყო და არის ჩემი მიზანი, რომლისკენაც სვლას ვაგრძელებ.
- შავ მამბას შეუძლია სხვადასხვა ცხოველის მოკვლა. თავად კი უმწეოა რომელიმე ჩიტის მიმართ. თავად შეხვედრიხართ თუ არა ასეთ ჩიტს - ნამდვილ მტერს, რომლისაც გეშინიათ?
- მე არაფრის და არავის არ მეშინია.
- საერთოდ არავის?
- არაფრის არ უნდა გეშინოდეს, რადგან თამაში და ცხოვრება - ეს ყოველთვის გამოცდაა. იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი იყო, რომ გაიგო რა შეგიძლია სინამდვილეში, შიში უნდა გამორიცხო. მოგებაც რომ ვერ შეძლო, საშიში არაფერია, შეგიძლია დაბრუნდე და ისევ სცადო. ამიტომაც არ მეშინია კონკურენციის და არავის.
- შეიძლება გამოვყოთ სამი მნიშვნელოვანი მომენტი თქვენს კარიერაში: 17 წლის ასაკში მიხვედით ლიგაში, 25 წლისამ მოიგეთ მესამე ტიტული, 35 წლის იყავით, როცა უმძიმესი ტრავმა მიიღეთ. როგორი გახდა თქვენთვის სამყარო ახლა და როგორ შეგცვალათ ამ მოვლენებმა?
- პროფესიული თვალსაზრისით, ახლა მე უფრო მეტი ფიქრი მიწევს იმაზე, რასაც მივაღწიე. რა თქმა უნდა, როცა ფიქრობ: "მე მოვიგე ეს, მე მოვიგე ის" - ამგვარი აზრების გამო ზეწოლას გრძნობ. აღარ ფიქრობ იმაზე, რა იქნება მომავალში. ამიტომაც ვცდილობ საჭირო განწყობა შევუქმნა საკუთარ თავს, რათა არ გავხდე მსგავსი მსჯელობის მძევალი. უბრალოდ იმიტომ, რომ ამის დრო ჯერ არ მოსულა. როცა ეს დრო დადგება, მე მართლაც დავიწყებ მოგონებებს, მაგრამ ახლა არა. გარდა ამისა, მე გამიმართლა ოჯახის მხრივ: ვიქორწინე ქალზე, რომელსაც ჩემსავით უყვარს მეტოქეობა. და იმ ყველაფერში, რასაც ვანესა ხელს მოჰკიდებს, ის მაქსიმალური წარმატების მიღწევას ცდილობს. და გვინდა იგივე ვასწავლოთ ჩვენს შვილებს - ჰქონდეთ ასეთივე დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია მათ ნახონ, თუ რა ბევრს და ჯიუტად ვმუშაობ, განსაკუთრებით ახლა, როცა ასეთი ტრავმა მივიღე. მე რომ კარიერა დამესრულებინა, ყველაფერი, რაც მათ ვასწავლე, წყალში ჩაიყრებოდა.
ამიტომაც ახლა, 35 წლის ასაკში უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, როგორი ქმარი და მამა ვარ. ამასწინ დავბრუნდით იტალიიდან, სადაც შვებულების ნაწილი გავატარე. მე იტალიურად ვლაპარაკობდი, ბავშვები - არა. მე მათ ვუთხარი: იქნებ სცადოთ. უარი მითხრეს და როცა მიზეზით დავინტერესდი, მიპასუხეს - იმიტომ, რომ ეს საშინელი მოსასმენი იქნებოდა. მაგრამ მე დავაძალე მათ, რომ აქცენტის მიუხედავად ელაპარაკათ, რადგან ვერაფერს ისწავლი, თუ ერთხელ მაინც არ შეეცდები. როცა თამაშს ან რაიმე ახლის სწავლას იწყებ, მუდმივად უნდა იზრდებოდე - ეს აუცილებელი პირობაა.
ჩვეულებრივ, მე ამას ასე ვუწოდებ: "თქვენ ჭიქა მუდმივად ცარიელია". მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დავიბადე იმისთვის, რათა ბომბარდირი გავმხდარიყავი, და მხოლოდ შემდეგ ვისწავლე ის, თუ როგორ გავმხდარიყავი გამარჯვებული. და ყველაფერი იმის გამო, რომ არასოდეს მიმაჩნდა რომ ზღვარს მივაღწიე. ჩემი ჭიქა ყოველთვის ცარიელია.
- ტრავმა - სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმომადგენლის ნაწილია. როგორი ტრავმები გქონდათ თქვენ და როგორ შეიძლება ეს აისახოს თქვენს ცხოვრებაზე კალათბურთის შემდეგ?
- ტრავმა - ყოველთვის რთულია და მუდმივი ვარჯიშია საჭირო იმისთვის, რომ შეამცირო დაზიანების რისკი. მე მხოლოდ ჯანსაღ საკვებს ვიღებ, ვინარჩუნებ ფორმას, ყოველ დილით ვვარჯიშობ. და, როგორც ხედავთ, მაინც გავიწყვიტე აქილევსის მყესი. მაგრამ ეს თამაშის ნაწილია, ეს ის არის, რისი მიღებაც და გადატანაც უნდა შეეგეძლოს. თქვენ ვერ შეძლებთ ცხოვრებაში ყველაფერი აკონტროლოთ, რაღაცას უბრალოდ უნდა შეეგუოთ. და, როცა ტრავმა მაინც ხდება, უნდა განეწყო იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდე.
- ძველი და დღევანდელი თაობის რომელი კალათბურთელის ავტორიტეტი გაწევთ კისერზე ყველაზე მეტად?
- მაიკლ ჯორდანის და მეჯიქ ჯონსონის. როცა ბავშვი ვიყავი, სწორედ ისინი მაძლევდნენ აღმაფრენას. და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მინდოდა მათთან ერთად თამაშის საშუალება მქონოდა.
- ასეთი პასუხი კარგად გახასიათებთ. მე გკითხეთ, ვისი ავტორიტეტი ახდენს თქვენზე ზეწოლას, თქვენ კი მპასუხობთ, რომ ისურვებდით მათ გვერდით თამაშს. რა ფაქტორმა უნდა გაიძულოთ საკალათბურთო კარიერის დასრულება? როგორ მიხვდებით, რომ წასვლის დრო მოვიდა?
- როცა მივხვდები, რომ არ მინდა დილით 5-6 საათზე გაღვიძება. როცა გავაცნობიერებ, რომ ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს მოგებას და საუკეთესოდ ყოფნას. როცა ასეთი გრნობა გაჩნდება, მაშინ დადგება წასვლის დრო. როცა სარკეში ვიყურები, ვხედავ იმას, რაც ვარ და არა იმას, რა ვიქნები. ეს მე ვარ, ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეებით. მაგალითად, მე უკვე აღარ შემიძლია გავიზარდო საკუთარი აფროვარცხნილობა. მნიშვნელოვანია იცოდე ის, ვინ ხარ დღეს, რა შეგიძლია. არ უნდა გეშინოდეს საკუთარ თავთან შეხვედრის. როცა გესმის, ვინ ხარ, მხოლოდ ცა არის შენთვის ზღვარი.
- მთელი ჩინეთი ელოდება, როდის ჩამოხვალთ აქ სათამაშოდ...
- ვფიქრობ, აქ აუცილებლად დავბრუნდები და სიამოვნებისთვის ვითამაშებ. მაგრამ არ მგონია, რომ აქ ჩამოვიდე სათამაშოდ, როგორც პროფესიონალი. მე "ლეიკერსში" ვიქნები, ხოლო, როცა კლუბიდან წავალ, აუცილებლად მიხილავთ აქ, ვითამაშებ ბავშვებთან, შესაძლოა, ეროვნული ნაკრებს ბიჭებთან, მაგრამ, მხოლოდ სიამოვნებისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"