მაგრამ, მეორე ტაიმში "მაიამიმ" მეტოქეს ის ტაქტიკა შესთავაზა, რასაც ხშირად იყენებდა შარშანდელ პლეი ოფში - ტემპი შეანელა და დაცვაში თამაში გაააქტიურა. ამის გამო, რედიკმა, რომელმაც პირველ მეოთხედში 10 ქულა ჩააგდო, დარჩენილ სამში მხოლოდ ხუთ ქულას
მაგრამ ამ დუეტის მონდომება წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მეოთხე მეოთხედში "ჰიტმა" ორნიშნა უპირატესობა მოიპოვა და ის კარგა ხანი შეინარჩუნა, თუმცა "კლიპერსმა" მაინც მოახერხა გაბრძოლება - სირენამდე 15 წამით ადრე, სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო. სწორედ ამ დროს ასცდა მიზანს პოლის სამქულიანი. რივერსის შეგირდებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს, სულ კი სამი ექვს შეხვედრაში.
* * *
ამასობაში, "ატლანტამ" მეორე მატჩი წააგო იმის გამო, რომ არ იცის როგორ ჩაატაროს თამაშის ბოლო წუთები. ცოტა ხნის წინ, "ჰოუქსმა" ორი ქულა დათმო "ლეიკერსთან", რადგან კოშმარულად გაითამაშა ბოლო კომბინაცია. ახლა, ისტორია "დენვერთან" შეხვედრაში განმეორდა.
სირენამდე შვიდი წამით ადრე, ნეიტ რობინსონმა მხოლოდ ერთი საჯარიმო გამოიყენა, რითაც "ატლანტას" ეყოფოდა ორქულიანი მატჩის ოვერტაიმში გადასაყვანად. მაგრამ კვლავ ძალიან ცუდად წარმართა ბოლო შეტევა. სავსებით ლოგიკური იყო, რომ ბურთი პოლ მილსეპს მიაწოდეს, რომელიც საუკეთესო იყო თავის გუნდში 29 ქულით. მაგრამ ფორვარდს კარგად დაუფარა ანდრე მილერმა. მილსეპმა მაინც ისროლა იმის ნაცვლად, რომ კორვერისთვის ან ტიგისთვის გადაეწოდებინა ბურთი. ამასთან, "ატლანტამ" ამ შეტევაში მეორე შანსიც მიიღო, რადგან ბურთი ჰორფორდმა მოხსნა, მაგრამ ისიც არაზუსტი იყო. მეტოქის ამ შეცდომების წყალობით, "დენვერმა" სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია (ახლა, რეგულარულში ერთადერთი მოუგებელი გუნდი "იუტა ჯაზია"). საინტერესოა, რომ "ნაგეტსის" მარცხის შემთხვევაში, ეს იქნებოდა ამ გუნდის მესამე საშინაო წაგება სეზონში, არადა, ამ გუნდმა შინ მთელი შარშანდელი რეგულარულის განმავლობაში წააგო ამდენი მატჩი.
* * *
ასევე კინაღამ ჩააგდო შეხვედრის დასასრული "ლეიკერსმა", რომელიც დროის დიდი ნაწილი ყველა კომპონენტში ჯაბნიდა "ჰიუსტონს". პირველ ტაიმში სტუმრებმა 14-დან 11 სამქულიანი გამოიყენეს და დიდი შესვენებისთვის 14 ქულით დაწინაურდნენ.
მაგრამ მეორე ტაიმში კალიფორნიელებს მიზანი აერიათ - შესვენების შემდეგ, 21-დან მხოლოდ ხუთმა სამქულიანმა მიაღწია მიზანს. ამას დაემატა მთელი მატჩის განმავლობაში 24 შეცდომა. შედეგად, "როკეტსი" არა მხოლოდ მოუახლოვდა მეტოქეს, არამედ წინ გასვლაც შეძლო. "ლეიკერსის" მწვრთნელებმა ის მოიფიქრეს, რომ დუაიტ ჰოვარდზე შეგნებული ჯარიმის აღება ბრძანეს. ამ სვლამ გაამართლა - მთელი მატჩის განმავლობაში, დუაიტმა 16-დან მხოლოდ ხუთი საჯარიმო ჩააგდო. ასე რომ, "ლეიკერსმა" თამაშის გაარჩენის ან სულაც მოგების რამდენიმე შანსი მიიღო, მაგრამ თამაშის ბედი სირენამდე ათი წამით ადრე გადაწყვიტა. ბლეიკმა გვერდიდან შემოტანილი ბურთი მაშინვე პერიმეტრიდან ისროლა და სირენამდე წამით ადრე, "ლეიკერსს" ერთქულიანი უპირატესობა მოუტანა. "ჰიუსტონმა" მატჩის გადარჩენა ვეღარ მოასწრო.
მაიამი-კლიპერსი 102:97
28:31, 24:25, 24:17, 26:24
მ: უეიდი (29+7 პასი+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (18+6 პასი+5 მოხსნა), ბოში (12+6 მოხსნა), ალენი (12), ანდერსენი (10).
კ: გრიფინი (27+14 მოხსნა), რედიკი (15), კროუფორდი (14), პოლი (11+12 პასი+5 მოხსნა), ჯორდანი (11+14 მოხსნა).
დენვერი-ატლანტა 109:107
26:26, 28:25, 29:32, 26:24
დ: ლოუსონი (23+8 პასი+7 მოხსნა), რობინსონი (15), მაკგი (14), ფოიე (13), ფურნიე (12), მოზგოვი (10+6 მოხსნა).
ა: მილსეპი (29+10 მოხსნა+5 პასი), ჰორფორდი (21+9 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), კორვერი (16+5 მოხსნა), ტიგი (14+11 პასი), კეროლი (10+5 მოხსნა).
ჰიუსტონი-ლეიკერსი 98:99
19:36, 31:28, 27:17, 21:18
ჰ: ჰარდენი (35+9 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ლინი (16+3 ჩაჭრა), პარსონსი (16), ჰოვარდი (15+14 მოხსნა).
ლ: მიქსი (18), ჯონსონი (16), ბლეიკი (14), ნეში (12+6 პასი), ფარმარი (11+7 პასი+5 მოხსნა), იანგი (11), კამანი (6+10 მოხსნა), გასოლი (2+12 მოხსნა).
ბაინუმი წასვლაზე დაფიქრდა
ტრავმირებულ მუხლებზე გადატანილი ოპერაციის გამო დაკარგული ერთი წლის შემდეგ, "კლივლენდის" ცენტრი ენდრიუ ბაინუმი დიდ კალათბურთში დაბრუნდა, მაგრამ მოედანზე გასვლისას ისევ აწუხებს ტკივილის შეგრძნება.
"ყველაფერი, რაც მე მჭირდება - ეს არის კალათბურთი, რომელიც არა ტკივილს, არამედ სიხარულს მომიტანს. ახლა, ამ ბედნიერებას მოკლებული ვარ. მუდმივი ტკივილის გამო, ვერ ვაკეთებ მოედანზე იმას, რასაც ადრე იოლად ვახერხებდი", - ამბობს ბაინუმი, რომელიც აღიარებს, რომ უკვე სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქრობს კალათბურთიდან წასვლაზე.
ლებრონ ჯეიმსს მცირე ტრავმა აქვს
"მაიამისა" და "კლიპერსის" შეხვედრაში "ჰიტის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ზურგის კუნთის დაზიანება მიიღო, მაგრამ მოახერხა მატჩის დასრულება, რომელშიც მისმა გუნდმა გაიმარჯვა.
"ერთადერთი, რაც ამ სიტუაციაში მახარებს ის არის, რომ კარიერაში პირველად არ მექმნება პრობლემები ზურგთან დაკავშირებით და ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯეიმსმა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ფორვარდმა 18 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა.
ჯორდანი ლებრონს ირჩევს
ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა კითხვაზე - ვინ არის თანამედროვე NBA-ის საუკეთესო მოთამაშე, რთული არჩევანი გააკეთა "მაიამის" ფორვარდ ლებრონ ჯეიმსის სასარგებლოდ.
"საუკეთესო მოთამაშე? მე ხომ არ ვთამაშობ... რთულია არჩევანი გაკეთება. ალბათ, ლებრონ ჯეიმსი უნდა დავასახელო იქიდან გამომდინარე, თუ რა შეუძლია მას", - განაცხადა ჯორდანმა.
"კობი ბრაიანტი ტრავმის შემდეგ მკურნალობს და გაუგებარია, რა შეუძლია მას დღეს თავის ასაკში. მე ლებრონს ავირჩევდი", - დაამატა NBA-ის ექვსგზის ჩემპიონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"