NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კევინ დურანტმა ჩემპიონებსაც გადაუარა

AutoSharing Option
მაიამიში "დიდი ტრიოს" შექმნის დღიდან პირველად, "ჰიტმა" წააგო მატჩი, რომელშიც 18-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

კევინ დურანტმა და კომპანიამ ფანტასტიკური მატჩი ითამაშა და უშანსოდ მოუგო მოქმედ ჩემპიონს. რასელ უესტბრუკის გარეშე "ოკლაჰომას" მოგებათა სერია უკვე 9 მატჩს უდრის, დურანტმა კი ზედიზედ მე-12 მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა. თუმცა გუშინდელი სუპერმატჩის პირველ მეოთხედში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ჰიტი" ამ მატჩში განადგურდებოდა.

ფლორიდელებს ძალიან დამაჯერებელი დასაწყისი გამოუვიდათ: კარგად ათამაშებდნენ ბურთს, თითქმის იდეალური სიზუსტე ჰქონდათ და ტემპითაც და ტაქტიკურადაც სჯობდნენ მეტოქეს. "თანდერის" პირველ ორ ქულას "მაიამიმ" ზედიზედ
18-ით უპასუხა. როცა ანგარიში 15:2 გახდა, სკოტ ბრუქსმა სათადარიგოთა სკამზე დასვა მოუხერხებელი პერკინსი და მოედანზე სურათი კარდინალურად შეიცვალა.

პირველი გარდატეხა მატჩში მეორე მეოთხედის დასაწყისში მოხდა, როცა ლემბმა ორი სამქულიანი მოათავსა კალათში, ცოტა ხანში კი მას ფიშერმა მიბაძა. რეზერვისტების ამ წყვილმა 11-დან ცხრა სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 33 ქულა დააგროვა. სულ სტუმრებმა 16 შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში, თუმცა "ჰიტს" მხოლოდ ამის გამო არ წაუგია. მაგალითად, მეორე მეოთხედში შვიდმა შეცდომამ მთლიანად აურია თამაში მასპინძელს, რომელიც ზედიზედ აფუჭებდა შეტევებს. ამ მხრივ, შესანიშნავად იმუშავა სეფოლოშამ - შვეიცარიელის ანგარიშზე 6 ჩაჭრა მოდის.

მატჩის დებიუტში მოპოვებული უპირატესობისგან არაფერი დარჩა. შეცდომები მესამე მეოთხედშიც გაგრძელდა - "ჰიტმა" ექვსჯერ დაკარგა ბურთი. მართალია, "თანდერმა" აქედან მხოლოდ ოთხი ქულა გამოადნო, მაგრამ ჯეიმსისა და თანაგუნდელების მოქმედებაში დამაჯერებლობა აღარ იგრძნობოდა, სტუმრები კი აგრძელებდნენ შორი დისტანციიდან მეტოქის ფარის დაბომბვას და მესამე 12-წუთეულში ექვსი შორეული ტყორცნა გამოიყენეს. როგორც კი "მაიამი" ინტრიგას უბრუნებდა შეხვედრას, მაშინვე ამ შანსს კევინ დურანტი სპობდა.

"ოკლაჰომამ" შესანიშნავი კალათბურთი აჩვენა 36 წუთის განმავლობაში - დააგდო მეტოქის ტემპი ჩაჭრებით (სულ მატჩში 14), ისარგებლა დაცვაში "ჰიტის" სუსტი თამაშით და, რა თქმა უნდა, კევინ დურანტმა მორიგი ნაბიჯი გადადგა სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისკენ. ამ მატჩის შემდეგ მისი შანსები MVP-ის ჯილდოზე კიდევ უფრო გაიზარდა.

* * *
პირველად 1997 წლის შემდეგ, "ჰიუსტონმა" ორი დღის განმავლობაში დაამარცხა თანაშტატელები - "სან ანტონიო" და "დალასი". და ეს იმის მიუხედავად, რომ "რაკეტებს" ვერ ეხმარება ჯეიმს ჰარდენი. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "მავერიქსთან" წარმატება ბეწვზე ეკიდა. "ჰიუსტონი" სირენამდე 1.37 წუთით ადრე 12 ქულით იგებდა, მაგრამ კარლაილის შეგირდებმა ხელები არ ჩამოუშვეს და 11:1 გაქცევა მოახერხეს.

ამან ისე დააბნია მაკჰეილის გუნდი, რომ ბურთის შემოტანისას შეცდომა დაუშვა. შესაბამისად, "დალასმა" ბოლო შეტევაში მინიმუმ ოვერტაიმში გადასვლის შანსი მიიღო. რა თქმა უნდა, ბურთი ნოვიცკის მისცეს, რომელსაც რამდენიმე მეტოქე მიეჭრა და გერმანელმა ბურთი კალდერონს მიაწოდა. ესპანელმა კი პირველი ტყორცნაც ააცილა და შეტევაში მოხსნის შემდეგ ნასროლიც.

* * *
"სან ანტონიომ" სეზონი 39 მატჩში 31 მოგებით დაიწყო, მაგრამ ბოლო შვიდ შეხვედრაში მეხუთედ დამარცხდა და სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს. "სპურსს" ძალიან დაეტყო სასტარტო ხუთეულის სამი წევრის ტრავმა, რასაც მანუ ჯინობილის დაზიანებაც დაემატა. გუშინ გახდა ცნობილი, რომ არგენტინელი ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს. ამიტომაც "ბულზთან" მატჩში ტექსასელებს შანსი არ ჰქონდათ. "ჩიკაგოს" შვიდივე მოთამაშემ, რომელმაც მოედანზე რვა წუთზე მეტი გაატარა, მინიმუმ 10 ქულა დააგროვა, სულ კი სტუმრებმა მხოლოდ შვიდი შეცდომა დაუშვეს.

მაიამი-ოკლაჰომა 95:112
30:21, 20:34, 25:36, 20:21
მ: ჯეიმსი (34), ბოში (18+9 მოხსნა), უეიდი (15).
ო: დურანტი (33), იბაკა (22), ლემბი (18), ფიშერი (15).

მილუოკი-ფინიქსი 117:126
19:28, 31:34, 34:29, 33:35
მ: ილიასოვა (27), ნაითი (24+8 პასი), მიდლტონი (17), სანდერსი (14), უოლტერსი (11).
ფ: დრაგიჩი (30), გრინი (23), მარკუს მორისი (16), ფრაი (13), მარკიფ მორისი (13), ლენი (7+10 მოხსნა).

ტორონტო-ორლანდო 98:83
33:20, 22:20, 25:25, 18:18
ტ: ლოური (33+11 პასი), ჯონსონი (22+11 მოხსნა), ვალანჩუნასი (14+15 მოხსნა), როსი (12).
ო: ვუჩევიჩი (16+10 მოხსნა), ნელსონი (13), ოლადიპო (12), აფლალო (10), ჰარისი (9+11 მოხსნა).

ბოსტონი-ფილადელფია 94:95
26:23, 21:30, 24:21, 23:21
ბ: სალინჯერი (24+17 მოხსნა), გრინი (18), ჰემფრიზი (13+9 მოხსნა), ბასი (11), ბეილესი (10).
ფ: ჰოიესი (20), ტერნერი (16+8 პასი), ტ. იანგი (16), ანდერსონი (13), კარტერ-უილიამსი (10).

მინესოტა-ნ. ორლეანი 88:77
23:16, 24:19, 20:27, 21:15
მ: ლავი (30+14 მოხსნა), მარტინი (18), კანინგემი (12), ბარეა (10).
ნ-ო: ამინუ (18+12 მოხსნა), გორდონი (14), ტ. ევანსი (11), სტიმსმა (3+12 მოხსნა).

დალასი-ჰიუსტონი 115:117
30:32, 27:31, 28:28, 30:26
დ: ნოვიცკი (38+17 მოხსნა), კარტერი (22), ჰარისი (14), ბლერი (13).
ჰ: პარსონსი (26), ჰოვარდი (21), ლინი (18), ჯონსი (16), მოტეიუნასი (12+13 მოხსნა), ბევერლი (11), ბრუქსი (11).

დენვერი-შარლოტი 98:101
21:32, 31:21, 23:22, 23:26
დ: ფოიე (33), ფურნიე (19), მოზგოვი (15+14 მოხსნა).
შ: ჯეფერსონი (35+11 მოხსნა), ჰენდერსონი (16), სეშენსი (16).

სან ანტონიო-ჩიკაგო 86:96
15:21, 21:19, 25:28, 25:28
ს-ა: პარკერი (20), დანკანი (17+12 მოხსნა), მილსი (12), ბელინელი (11).
ჩ: ბატლერი (19), ბუზერი (16+12 მოხსნა), ოგასტინი (15), გიბსონი (15), ჰაინრიხი (11), ნოა (10+10 მოხსნა+8 პასი+4 დაფარება), დანლივი (10).

საკრამენტო-მემფისი 89:99
24:25, 22:23, 17:21, 26:30
ს: ტომასი (24), გეი (23).
მ: კონლი (27+10 პასი), რენდოლფი (18+4 ჩაჭრა), გასოლი (12), მილერი (11).

კლიპერსი-ვაშინგტონი 110:103
30:31, 32:20, 19:23, 29:29
კ: გრიფინი (29), კროუფორდი (21), რედიკი (20), კოლისონი (16+9 პასი), ჯორდანი (14+17 მოხსნა).
ვ: ბილი (20), უოლი (19+11 პასი), ნენე (14), არიზა (13), სერაფინი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული